კვარამ, ბათუმის „დინამოში“ გოლების ათვლა დაიწყო!
კვარამ, ბათუმის „დინამოში“ გოლების ათვლა დაიწყო!
18.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს, ეროვნული ლიგის მე-8 ტური ჩატარდა. პირველი წრის დასრულებამდე, ერთი ტურით ადრე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ალბათ, მაინც მიმდინარე გათამაშებაში, უშუალო კონკურენტისგან „დინამო თბილისისგან" 4 ქულით მოახერხა გაქცევა.


„დინამო" ბთ - „ გაგრა" 5-2


ერთი საგოლე გადაცემა და ორი გოლი, ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს, ბათუმში გაილაღა და წლების წინ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე გატანილ გოლებს კიდევ ორი შემატა. ამასთან, ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ხვიჩას ემჩნეოდა აბსოლუტური შინაგანი სიმშვიდე და თამაშზე კონცენტრირებულობა. „კვარას" მსგავსად, დუბლი გაიფორმა ჯოვინო ფლამარიონიმაც. სწორედ, მან გახსნა ამ შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით, კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის შემდეგ, მე-4 წუთზე. კიდევ სამ წუთში, კვარაცხელიამ, უკვე თავად მოახერხა სადებიუტო გოლის გატანა ბათუმის „დინამოს" მაისურით. კიდევ 19-წუთში, მან დუბლიც გაიფორმა. თუმცა, მანამდე, „გაგრამ" თემურ შონიას გოლით, ანგარიში, ერთ ბურთამდე შეამცირა.


სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვისპირული გუნდების დაპირისპირებაში, ბათუმელები ინიციატივას და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, გაგრელები მწარედ „იკბინებოდნენ" და ბათუმის „დინამოც" რამდენჯერმე გადაურჩა გოლს. აი, ერთხელ კი, გიორგი ბუხაიძემ, მოახერხა მიხეილ ალავიძის შეწუხება. წერტილი კი, ამ შეხვედრაში, შეცვლაზე შემოსულმა მილან რადინმა დაუსვა, უძლიერესი დარტყმით და ლამაზი გოლით.  ახლა, ბათუმის „დინამო", უშუალო მდევარს „დილას" ქულით, „დინამო თბილისს" კი, 4 ქულით უსწრებს.


და ბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ ბათუმელთა შორის დღეს, სადებიუტო მატჩი ჩაატარა ზურიკო დავითაშვილმაც.


„სიონი" - „ტორპედო" 1-1


ეროვნული საფეხბურთო ლიგის მორიგი ტური კი, ბოლნისში დაიწყო. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე „სიონმა" და „ტორპედომ" ქულები გაიყვეს. თუმცა, გოლები ამ დღეს, მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს. თამაშში, რომელიც გარდამავალი უპირატესობით, თუმცა, ბურთის ფლობის მხრივ, მაინც, სტუმართა სასარგებლოდ მიმდინარეობდა, ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. გოლი ნიკა ხორხელმა გაიტანა. შეხვედრის ამ მონაკვეთში კარის ჩარჩოში, გუნდებმა მხოლოდ 2-2-ჯერ დაურტყეს. გოლი კი, ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე გავიდა. ქუთაისელთა მორიგი შეტევის დროს, ფლანგიდან, ირაკლი ბუღრიძის მისამართი აკაკი შულაიას გადაცემა, საკუთარ კარში შემთხვევით ჩაჭრა ვარლამ კილასონიამ. ისევე, როგორც ბოლო მატჩებში, ამჯერადაც, გია ცეცაძის შეგირდებმა სტაბილური მატჩი ჩაატარეს, თუმცა, გოლი ვერ გაიტანეს. ბოლნისელებმა, მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ქუთაისელთა კარს შეუტიეს თუმცა, შტურმმა შედეგი ვერ მოიტანა. შეხვედრა ფრედ დასრულდა.



„დინამო თბილისი" -  „სამგურალი" 0-0


ფრედ დასრულდა შეხვერდა თბილისში, დიდუბეში. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, ამჯერად, თბილისში, „დინამო არენაზე" კვლავ დაკარგა ქულები. ამასთან თბილისელებმა, თუ 2021 წლის სეზონს გავიხსენებთ, ქულები კვლავ „სამგურალთან" დაკარგეს. შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისს", ელიგის გასულ სეზონზე, საჩემპიონო რბოლაში, სწორედ „სამგურალთან" დაკარგული ქულები „დაეწია". ბუნებრივია, პირველი წრეში ჩატარებული 8 თამაშის შემდეგ, სატურნირო ცხრილის მესამე ადგილი, ამ ეტაპზე არ არის საგანგაშო, თუმცა, დასაფიქრებელი, ალბათ, მაინც არის. სანახაობრივად, არც თუ საინტერესო მატჩი, დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, შეხვედრის ბოლოს ორივე გუნდს კარისკენ დარტყმულის გასწვრი თანაბარი რიცხვი ეწერა - 8  კარის მიმართულებით, 2 კარის ჩარჩოში.


„დილა" - „თელავი" 2-1


მიუხედავად იმისა, რომ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფავორიტად მასპინძელი, „დილა" იყო მიჩნეული, „თელავი" ყველანაირად შეეცადა თანაბარი თამაში ეჩვენებინა და ებრძოლა, მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან. პირველ ტაიმში, გოლი არ გასულა, თუმცა, შეხვედრის ამ მონაკვეთში, ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. სტუმართა გუნდიდან, ცოტნე კაპანაძის გაყვანა, სასწრაფო დახმარების მანქანითა მოუხდათ. ამის გამო, თამაში, რამდენიმე წუთით შეჩერდა და შესაბამისად, დროში გაიწელა. გოლები კი, მეორე ტაიმში, სამი გავიდა. ანგარიში, 62-ე წუთზე, ლაშა ქოჩლაძის გადაცემის შემდეგ, ზურაბ თევზაძემ გახსნა. თუმცა, გორელებს 2 წუთი დასჭირდათ მის გასათანაბრებლად. ეს, ვაგნერ გონსალვესმა გააკეთა. 85-ე წუთზე, ფრანცისკო მადინგამ „დილა" დააწინაურა. კიდევ ცოტა ხანში, მასპინძლებს ერთი გოლი გააქვთ, თუმცა, მსაჯები მას არ თვლიან. ასეა, თუ ისე, ანდრი დემჩენკოს გუნდმა, პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საჭირო 3 ქულა მოიპოვა და „დინამო თბილისს", სატურნირო ცხრილში, 3 ქულით გადაუსწრო.


„საბურთალო" - „ლოკომოტივი" 3-1


ოთხი გოლი გავიდა თბილისურ დერბიში, მიხეილ მესხზე. წინა ტურში, ბოლო წამებზე განიავებული 3 ქულის შემდეგ, „საბურთალომ" აქტიურად დაიწყო და მე-5 წუთზე სტანდარტულის შემდეგ, ლოკომოტიველებს, გოლი, საკუთარ კარში აეჭრათ. მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე, ყოფილი გუნდის კარში, ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა და „საბურთალო", 2-0 დააწინაურა. ამის შემდეგ,  6 წუთში,  ბექა დარცმელიამ მოახერხა ანგარიშის შემცირება. 85-ე წუთზე, სტუმრები 10-ნი დარჩნენ. ლაშა აწყურელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო - სტუმრების კარში კი, პენალტი დაინიშნა, რომელიც იური ტაბატაძემ ვერ გამოიყენა. აი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე კი, ირაკლი სიხარულემ დუბლი გაიფორმა და ახლა, 6 გატანილი გოლით, ჯოვინო ფლამარინის შემდეგ, ბომბარდირთა სიას ლიდერობს.


სატურნირო ცხრილი

თამაშების კალენდარი



სტატიაში გამოყენებულია ირაკლი ინასარიძისა და ბათუმის „დინამოს" ფოტოები