ეთერ ლიპარტელიანი ქალთა ძიუდოს ისტორიის წერას აგრძელებს
ეთერ ლიპარტელიანი ქალთა ძიუდოს ისტორიის წერას აგრძელებს
29.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეთერ ლიპარტელიანი საქართველოში ქალთა ძიუდოს ისტორიის წერას აგრძელებს. -57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქალმა ლიპომ, დღეს სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. ეს მის კარიერაში უფროსი ასაკის ოფიციალურ შეჯიბრებებში - ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, მოპოვებული პირველი მედალია.

მედლისკენ გზა, ქართველმა ძიუდოისტმა ქალმა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად, პოლონელი არლეტა პოდოლაკი დაამარცხა. ჯგუფის მოსაგებად კი, ფრანგ პრისილა გნეტოს მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა. გამოცდილ ფრანგთან, რომელსაც 2022 წელს თელ-ავივის გრან სლემი აქვს მოგებული, ეთოს საკმაოდ დიდი ენერგია დაეხარჯა. ჩვენებური, თავიდან ვაზარით აგებდა, თუმცა, მეტოქის იპონზე დაგდება მოახერხა. 1/2 ფინალში მას, კიდევ ერთი ფრანგი ელოდა, რომელმაც მალევე მოახერხა ვაზარის აღება, ცოტა ხანში კი, იპონით გაიმარჯვა. ის ფინალში გავიდა, ეთო კი ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად გადაერთო.  მედლისთვის ბრძოლაში, ეთოს მეტოქე ჩეხი ვერა ზემანოვა იყო. ლიპარტელიანი, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო, შეხვედრა იპონით მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ჩემპიონი კი, ისრაელის წარმომადგენელი ლევი ნელსონი გახდა.


იხილეთ ეთოს ყველა ორთაბრძოლა


დღეს, მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა. აქედან, ეთერ ლიპარტელიანის გარდა, ქართული გუნდის კიდევ სამ წარმომადგენელს ჰქონდა წარმატების შანსი. -60 კგ წონით კატეგორიაში, ჯაბა პაპინაშვილი, პირველი შეხვედრაში პასიურობის გამო სამი შიდოთი ასპარეზობას გამოეთიშა. სწორედ, მის მეტოქესთან, ფრანგ სედრიკ რევოლთან დამარცხდა მოგვიანებით, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი, ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად, უკრაინელი დილშოთ ხალმატოვი დაამარცხა. შემდეგ უკვე, ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას სძილია. „სვანური" ჯახში, ჩვენსას ორი შიდო ჰქონდა, თუმცა ჩხვიმიანმა, გამოცდილების ხარჯზე, ვაზარის აღება და 1/2 ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ტურნირის მომავალ გამარჯვებულს, ესპანელ ფრანცისკო გარიგოს შეხვდა და საწმუხაროდ, იპონით დამარცხდა.  ბრინჯაოს მედალი კი, ჩხვიმიანმა, როგორც უკვე გითხარით, რევოლთან საკმაოდ გრძელ და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში ვაზარით წააგო.


-66კგ წონით კატეგორიაში არ გაუმართლა ვაჟა მარგველაშვილსაც, რომელმაც თავდაპირველად რუმინელი ლუჩან ბორს დუმიტრესკუ გამოთიშა ასპარეზობას, თუმცა, მომდევნო შეხვედრაში უკვე თავად, დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ხვალ, მედლების კიდევ 5 კომპლექტი გათამაშდება. აქედან 2 წონით კატეგორიაში 3 ქართველი ჯუდოიკა იასპარეზებს:

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ ტატო გრიგალაშვილი



ფოტო: ©EJU