ტიტებმა თსუ-ს მეოთხედფინალური სერია გაუთანაბრა,
ტიტებმა თსუ-ს მეოთხედფინალური სერია გაუთანაბრა,
30.04.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

პირველივე მეოთხედფინალურ სერიაში, რომელშიც 2 მატჩი გაიმართა, ანგარიში გათანაბრდა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა "ტიტებმა" თსუ 86:80 (სტატისტიკა) დაამარცხა და მეოთხედფინალურ სერიაში საერთო ანგარიში 1:1: გახადა. 


სერიის პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა იოლად - 26 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა მეორე დღეს წაგება იწვნია. ეს უპირველესად "ტიტების" მობილიზების შედეგია. ლეჟავას გუნდი თავიდანვე შემართებით გამოვიდა მოედანზე და მთელი თამაშის მანძილზე შედეგიანად ირჯებოდა.


პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით "ტიტებმა მოიგო", თუმცა მეორე პერიოდში თავიდანვე დაწინაურდა და ერთხანს 9 ქულითაც იგებდა, თუმცა თსუ-მ ჩვეული აფეთქება გამოავლინა, რითაც მეოთხედის დასკვნით წუთებში მეტოქე დაჯაბნა და დიდი შესვენებისთვის ქულით იგებდა - 44:43.


მესამე პერიოდი კვლავ თანაბრად გაგრძელდა, ტიტები პერიოდულად წინ გადიოდა, თუმცა თსუ გამუდმებით ათანაბრებდა. ცხადი იყო, რომ ყველაფერი ბოლო პერიოდში, უკანასკნელ წუთებზე გადაწყდებოდა და ასეც მოხდა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე "ტიტები" 7 ქულით - 74:67 დაწინაურდა, რასაც თსუ-ს წუთშესვენება და შედეგიანი გაქცევა მოჰყვა. 


პაპ დიოპის ორქულიანის შემდეგ ლოველ ქაბილმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი სამიანი ნიკოლოზ დარბაიძემაც მოაყოლა და თსუ წინ გავიდა - 78:74. თითქოს აქ "ტიტები" უნდა გატეხილიყო, თუმცა პირიქით მოხდა. თსუ-სთვის რისხვასავით იქცა ჯავიონ ოგუნიემი, რომელიც ფარქვეშეთს სრულად დაეპატრონა და ახლო ორქულიანებითა და ჯარიმებით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. გადამწყვეტი გამოდგა აკაკი ლომოურის სამქულიანი, რომელმაც პერიმეტრიდან ჩაგდებული უმნიშვნელოვანესი ბურთით ანგარიში "ტიტების" სასარგებლოდ - 85:80 გახადა და თამაშის ბედიც გაარკვია.


20 წამში თსუ-მ თამაში ვეღარ გადაარჩინა და დამარცხდა. გამარჯვებულთაგან 25 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო ოგუნიემი. 19 ქულა კრის პარკერმა მიითვალა, ხოლო ისააკ ასტრატის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. თსუ-ში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა რაილ ოუენსმა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა. 15 ქულა ნიკოლოზ დარბაიძის, ხოლო 13 ქულა პაპ დიოპის ანგარიშზეა.


სერიის მე-3 შეხვედრა 3 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 20:00 საათზე გაიმართება.


***




საკალათბურთო კლუბი "ოლიმპი" ნახევარფინალს მიუახლოვდა. სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასულმა დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მეორე მატჩიც მოუგო "მეგას" და მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოლიმპელებს ნახევარფინალამდე 1 გამარჯვება აკლიათ.


დღევანდელ მატჩში "მეგა" სოლიდური დანაკლისით თამაშობდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ძირითადი გამთამაშებელი მოისაკლისა. ტაილერ კორბინმა წინა შეხვედრაში ტრავმა მიიღო და დღევანდელ შეხვედრას მოედნის მიღმიდან უყურა. ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, თანაც გამთამაშებლის გარეშე "მეგას", ცხადია, გაუჭირდა, თუმცა რეალურად პრობლემები მეორე ნახევარში შეექმნა. მანამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, უფრო ხშირად კი "მეგა" იგებდა. დიდი შესვენებისთვის ჩერქეზიშვილის გუნდმა 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა - 35:31.


მესამე პერიოდიდან "ოლიმპი" ამოქმედდა. უფრო დალაგებულად თამაშობდა დაცვაში და შეტევაშიც გზა გაეხსნა. მესამე პერიოდი ოლიმპელებმა 23:18 მოიგეს, რის შემდეგაც ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს. ბოლო პერიოდში როგავას გუნდის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ "ოლიმპმა" 78:70 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.


გამარჯვებულებს ედვარდ ეკიორიმ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 14 - ილია ლონდარიძემ მიითვალა. "მეგაში" 26 ქულით ბომბარდირი გახდა დემონტე ფლანიგანი. 17-17 ქულა ოთარ ბულიავამ და ჯიმონ ჰენსონმა მიითვალეს.


სერიის მე-3 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 3 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.