
წარმატებული შაბათ - კვირა ჰქონდა ქართულ საკალათბურთო ლეგიონს. თორნიკე შენგელიას "ბოლონია სეგაფრედო" იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში ტრევიზოს ესტუმრა და 37 ქულით გაანადგურა - 76:113. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულას, 6 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. თორნიკეს გუნდიდან საუკეთესო ამადეო ტესიტორი იყო, რომელმაც 17 ქულა მიითვალა.
შენგელიას გუნდს 50 ქულა დაუგროვდა და ამ შედეგით რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. ვირტუსი მეორე ადგილზე მყოფ მილანოს 6 ქულით უსწრებს და ამ გუნდისთვის მიუწვდომელია. იტალიურ გუნდს მომდევნო მატჩი ევროქაფზე ვალენსიას წინააღმდეგ ელის, რის შემდეგაც სერია A-ს რეგულარულ სეზონს სასარისთან და ბრეშასთან შეხვედრებით დაასრულებს.

გიორგი შერმადინმა და მისმა „ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის 32 ტურის შეხვედრა გამართეს და მეოცე მატჩი მოიგეს. კუნძულელებმა შინ „მანრესას" 94:83 სძლიეს. ამ გამარჯვებამ „ტენერიფეს" რეგულარული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაუნაღდა პლეი ოფის საგზური.
„მანრესასთან" შერმადინი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 20 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. მასპინძელთა ბომბარდირი კაილ ვილტიე გახდა (19 ქულა), 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო ფინელმა სასუ სალინმა (ჯამში 18 ქულა).
„ტენერიფე" უახლოეს მატჩს 6 მაისს ისრაელის „ჰოლონთან" გამართავს. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება. ოთხთა ფინალის სათამაშოდ გუნდები ესპანეთის ქალაქ ბილბაოში იკრიბებიან. მეორე წყვილში ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანური „მანრესა" და გერმანული „ლუდვიგსბურგი" წარდგებიან.

თად მაკფადენის მორიგი შედეგიანი მატჩი ესპანეთში. ლიგა ენდესას 32-ე ტურის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის გუნდმა "მურსიამ" "ობრადორიოს" უმასპინძლა და 98:80 დაამარცხა.
მაკფადენმა კი მოედანზე 18:27 წუთი გაატარა და 18 ქულა (მასპინძელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი), 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 4-დან 3 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დააკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
მურსიამ 15 მარცხის წილ მე-16 გამარჯვება იზეიმა და საპლეიოფო რვეულში დაბრუნდა. მაკფადენის კლუბი მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, ისევ შინ, "ხუვენტუტთან" ჩაატარებს.

და ბოლოს, კვლავ გიორგი შერმადინს დავუბრუნდებით და შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ხმის მიცემა წარმოებს Instagram-ზე, Twitter-ზე და Liga Endesa-ს აპლიკაციაში. გულშემატკივართა გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, 13 მაისის საღამომდე გაგრძელდება.
გაითვალისწინეთ, რომ სამივე საშუალებით (Instagram, Twitter, ACB APP) 24 საათში ერთხელ მისცემთ ხმას. ლიგის ხელმძღვანელობამ დააწესა პერიოდი, როცა აღნიშნული სოციალური ქსელებით ხმის მიცემა ჩაითვლება ორად - ეს გახლავთ 2-დან 9 მაისის ჩათვლით თბილისის დროით 14:00-24:00 საათებს შორის პერიოდი.
დაწვრილებით იხილეთ ბმული






ჩვენ








