მშრალი ფრე და დახამებული ვაი-გულშემატკივარი
მშრალი ფრე და დახამებული ვაი-გულშემატკივარი
03.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თუ არ ჩავთვლით სანაკრებო თამაშებსა და „დინამო თბილისის" ევროტურნირებზე გამოსვლას, ამ სტადიონს, ასეთი ხმაური არ ახსოვს. დაახლოებით 22-23 ათასი გულშემატკივარი ტრიბუნაზე, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებზე, ამ სტადიონს, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან არ ახსოვს. კარგი გარემო, კარგი საფეხბურთო ამინდით და კარგი თამაშით, რომელშიც, ორივე კლუბი მაქსიმუმს აკეთებდა და ცდილობდა თავისას. შეხვედრის პირველი 15-20 წუთი თბილისელები აბსოლუტურად დომინირებდნენ. შეხვედრის ამ მონაკვეთში, ბათუმის დინამოელები, ორჯერ ხარიხამ იხსნა, პირველივე წუთებზე, გიორგი გაბედავას გატანილი გოლი კი, მსაჯებმა თამაშგარედან გატანილად ჩათვალეს. ამის შემდეგ კი, ბათუმის „დინამომ" გონზე მოსვლა მოახერხა და თანდათან, თამაში გაათანაბრა. დარჩენილ დროში, აჭარულმა გუნდმა უფრო მეტი მომენტი შექმნა და თბილისელთა ესპანელ მეკარესაც 2-3 კარგი „სეივი" ჰქონდა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ემატებოდა ხვიჩა კვარაცხელიას კარგი ფინტები, თუმცა, კარის მიმართულებით დარტყმა ამ მატჩში, „კვარამ" ვერ გაასწორა. შეხვედრა, მშრალი ანგარიშით, ფრედ, 0-0 დასრულდა. თუმცა, მატჩის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დინამო თბილისმა" 2 ქულა დაკარგა, გათამაშების სატურნირო ცხრილის ლიდერმა, ბათუმის „დინამომ" კი, ქულა ბრძოლაში აიღო.



ამ შეხვედრაში იყო კიდევ რამდენიმე მომენტი, რომელიც პირადად ჩვენი აზრით ყოველგვარ ნორმებს სცილდება. დესტრუქციის, დებოშის, უვიცობის და აღუზრდელობის სამაგალითო გამოხატულება, პერმანენტულად მთელი მატჩი გრძელდებოდა. შეხვედრის მეორე ტაიმის დაწყებამდე, ვიდრე გიორგი ყრუაშვილი ჩასტვენდა, მინდორზე 2 ბავშვი შეიჭრა და „კვარასთან" სელფი გადაიღო. 2-3 მოზარდი შევარდა მოედანზე უშუალოდ თამაშის მსვლელობისას. ამასთან ისინი, დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის კედლიდან (სამხრეთი ტრიბუნა) ჩამოხტნენ, მოედანზე შესავარდნად. შეხვედრა სულ რამდენიმე წამით შეჩერდა.




თუმცა, ის რაც მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, ყოველგვარ ნორმას სცილდება - თინეიჯერებმა და მამებმა შვილებით, სახალხო სეირნობა, უშუალოდ მინდვრის მწვანე საფარზე მოიწყეს (ასეთი პირადად მე, 1981 წლის 13 მაისის ღამითაც კი არ მახსოვს. ვიდრე არ დართეს ნება, იმ საღამოს ქომაგები, მწვანეს საფარს ეფერებოდნენ და იქ შესვლას არც ფირქობდნენ - ფეხბურთის გულშემატკივარი, ასეთი უნდა იყოს და არა...). საბედნიეროდ, მსაჯთა ბრიგადამაც და ფეხბურთელებმაც, მათ შორის კვარამ, სათამაშო სივრცის პერიმეტრის დატოვება, მოახრეხეს. თუმცა, მინდორზე იყო, ერთ-ერთი მასპინელი დინამოელი, რომელსაც ბავშვები არ უშვებდნენ და ყველა სათითაოდ მასთან სელფს იღებდა. მოგვიანებით ფეხბურთელს „დინამო არენის" სტიუარტებმა „უშველეს". ბუნებრივია, ყველას გვინდა და გვიხარია, რომ მოზარდებს, ფეხბურთელებთან კონტაქტის სურვილი აქვთ, თუმცა, ეს, ალბათ, უფრო სხვა სივრცეში და სხვა ფორმით უნდა მოხდეს. ალბათ, ოჯახებში, დიახ ოჯახებში, პირველ რიგში უნდა ასწავლონ, რომ საზოგადოებრივ სივრცეებში, სპორტულ ღონისძიებებზე, კონცერტებზე, მსგავსი ქმედებები არის მარტივად დანაშაული და მისი ჩამდენი უნდა დაისაჯოს. თუ, არასრულწლოვანია, მაშინ ის, ვინც კონკრეტულ მომენტში იყო მასზე პასუხიმგებელი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ სახელმწიფო და ქვეყანა ვერ ვიქნებით და მოგვიწევს ასე, გამოქვაბულის კაცებად და ქალებად ცხოვრება.




ბუნებრივია, დაზიანებული მინდვრის საფარის გარდა, ამ „სახალხო სეირნობას" სხვა ზარალიც მოჰყვებოდა. მაგალითად, ამ მომენტისთვის „დინამო არენაზე" მიმდინარეობდა ახალი სარეკლამო დაფების მონტაჟი. რაც დავინახეთ და არა გადმოცემით ვიცით, მოედანზე შემოჭრილმა ბრბომ კი, მას ხან ფეხები ურტყა, ხან კაბელს წამოედო და გამოგლიჯა ბუდეებიდან. ჩახსნა დროშა  კუთხურის ადგილიდან და გაიტაცა. მოკლედ, არ მოერიდა გაეფუჭებინა ის, რაც ბევრი ადამიანის დაუღალავი შრომის ფასად კეთდება.  ეს დანაშაულია!


ფეხბურთელებთან, სელფის გადასაღებად მოედანზე შეჭრილმა „გულშემატკივარმა", მინდვრის საფარზე სრიალი არ იკმარა და VIP სექტორში შეღწევაც სცადა. საბედნიეროდ, სტიუატებმა და სტადიონის დირექციამ, მათი შეჩერება მოახერხა. აი, იქ რა უნდოდათ, მართლა რთულად გასაგებია.



მოკლედ, პირადად ჩვენი მოსაზრებით, ვშიშობთ, რომ ანალოგიური სანაკრებო თამაშის დროსაც არ  განმეორდეს. ამ შემთხვევაში, ქართული ფეხბურთს თუ არა, „დინამო არენას" ეს ძალიან დიდი ფასი დაუჯდება და შესაბამისად, თამაშებიც სხვა სტადიონებზე გადაინაცვლებს. აქ ჩნდება ეჭვი - გამომდინარე იქიდან, რომ მინდორზე შეჭრილ მოზარდების, ყოველ შემთხვევაში, პირობითად დავარქვათ „ლიდერების" დიდ ნაწილს, არა მასპინძლელი გუნდის, არამედ, სხვა გუნდის ლოგოტიპიანი ფორმა ეცვა, ის რაც მოხდა მატჩის შემდეგ, იყო ალალი სურვილით გამოწვეული, გადაეღოთ სელფი „კვარასთან", თუ განზრახ გაკეთებული, შესაბამისი სტრუქტურების გასარკვევია.




და ბოლოს, ხშირად არეულობა, მასპინძელი, ზოგჯერ სტუმარი გუნდის ოფიციალურ ფან-კლუბს ბრალდება. პირველი ბავშვის მინდორზე შეჭრის შემდეგ, დაცვა, „დინამამო თბილისის" ფან-კლუბის სექტორთან გააძლიერეს. მატჩის ბოლოს, თავიდან, რასაც ვუყურეთ, ბათუმელები ჩრდ. ტრიბუნის ქვეშ მშვიდად ადევნებდნენ თვალს მოვლენებს. შემდეგ, უკვე აღარ ჩანდა, რაც შეეხება „ელიტას", ის მთელი ამ დროის  მანძილზე ტრიბუნაზე იყო და იქიდან მოუწოდებდა „შეჭრილებს", მინდვრის საფარი დაეტოვეინათ. „ელიტამ" ტრიბუნა დატოვა მაშინ, როცა სარბენ ბილიკზე მხოლოდ ძალოვანები, ტრიბუნაზე კი, მხოლოდ „ელიტა"  იყო დარჩენილი.




სრული ფოტო-ალბომი