„დილა“ ცხილში მეორე ადგილს ინარჩუნებს, „ლოკო“ კი, კვლავ უქულოდაა
„დილა“ ცხილში მეორე ადგილს ინარჩუნებს, „ლოკო“ კი, კვლავ უქულოდაა
04.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისში მიხეილ მესხზე, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. „ლოკომოტივმა" მორიგი მატჩი წააგო და 11 ტურის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე ჩემპიონატში, ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულაც კი არ აქვს აღებული.


„ლოკომოტივი" - „სამგურალი" 0-2

თბილისის „ლოკომოტივმა", რომელსაც დღევანდელი მატჩის შემდეგაც ქულა არ აქვს, მხოლოდ პირველი ტაიმის 38 წუთი მოახერხა კარის შენახვა. 39-ზე კი, სრულიად გაუთალისწინებელი, თუმცა, ყველა თამაშში ამისთვის, ნებისმიერი გუნდი და ფეხბურთელი უნდა იყოს მზად, რამ მოხდა. „სამგურალმა" საჯარიმო ძალზედ სწრაფად გაათამაშა და როდესაც, თბილისელთა მეკარე მიხვდა რა ხდებოდა, უკვე გვიან იყო. „ლოკოს" კარში, ბურთი თავით, ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში, „სამგურალმა" მოახერხა 11-მეტრიანის გატანაც. გოლი ირაკლი რუხაძის ანგარიშზეა, ამის შმედეგ კი, მშვიდად მიიყვანა მატჩი, მორიგ 3 ქულამდე. ახლა, „სამგურალი" 11 ტურის შემდეგ, 17 ქულით მე-5 ადგილზეა.


„დილა" - „ტორპედო" 2-0

ტური კი, „დინამო არენაზე" გამართული მატჩის პარალელურად გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაიწყო. აქ, „დილამ", უმწვრთნელოდ და რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩენილ ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა და 2-0 მოუგო. შეხვედრის მე-10 წუთზე, გორელებმა, ქუთაისელები საკუთარ საჯარიმოსთან აიძულეს შემცდარიყვნენ. ცოტნე მოსიაშვილმა კი, კარგად შენიშნა, კარიდან შორს გამოსული როინ კვასხვაძე და ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ვაგნერ გონსალვესს გადააწოდა ბურთი, რომელმაც შანის არ გაუშვა ხელიდან და საკმაოდ სუსტად დარტყმული ბურთი შეუგორა ქუთაისელებს. თამაში, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. უშანსოდ, არც ქუთათურები იყვნენ, თუმცა, მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გოლი, კვლავ გორელებმა გაიტანეს, ანგარიში თამაზ მაქაცარიამ გაზარდა.


„თელავი" - „სიონი" 2-0

თელავში, „კავკასიონ არენაზე" „თელავმა", „სიონსაც" მიუჩინა ადგილი და უთხრა, რომ ეს მისი ზონაა. კახელებმა, ანტონ თოლორდავას დუბლით „სიონი" დაამარცხეს. მე-9 წუთზე თოლორდავამ 11-მეტრიანი გაიტანა, ამავე ტაიმში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი დუბლი გაიფორმა. ელიგის ვებ-გვერდის თანახმად, თოლორდავა პირველი მცველია ამ სეზონში, რომელმაც ერთ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ჰქონდა მომენტები „სიონსაც" თუმცა, ამ შეხვედრაში მეტი გოლი, აღარ გასულა. „თელავმა" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და თან ისე, რომ კარი მშრალად შეინახა. რაც შეეხება „სიონს", „კავკასიონ არენაზე" ბოლნისელების 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.


„საბურთალო"-  „გაგრა" 3-0

„გაგრამ", მთელი ენერგია „დილასთან" მე-10 ტურის მატჩში დატოვა და „საბურთალოსთან" მიხეილ მესხზე, ცოტა დაღლილი გამოიყურებოდა. „საბურთალოს", წყალტუბოში განცდილი მარცხის შემდეგ, რეაბილიტაცია სჭირდებოდა. პირველი ტაიმი, თბილისში, მიხეილ მესხზე, მშრალად დასრულდა. მეორეში კი, იური ტაბატაძის გადაცემის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძემ 59-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა. 75-ე წუთზე გაგრელთა კარი, უკვე ლევან ნონიკაშვილის გადაცემის შემდეგ, გიორგი გულიაშვილმა აიღო. სხვათა შორის, ამ შეხვერდაში, ლევან ნონიკაშვილმა, კიდევ ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ირაკლი სიხარულიძემ კი, დუბლი. „საბურთალომ", „გაგრას" კარი მესამედ, 85-ე წუთზე აიღო. სხვათა შორის, ეს გოლი, სიხარულიძისთვის, მიმდინარე სეზონში, რიგით მე-8 აღმოჩნდა. შესაბამისად, საბურთალოელმა, ბომბარდირთა დავაში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მისი გუნდიმ „საბურთალო" კი, 18 ქულით, სატურნირო ცხრილში,  მე-4 საფეხურზეა.


ელიგის მომდევნო მე-12 ტური 8 და 9 მაისს გაიმართება.



სკ "საბურთალოს" ფოტო