ახალგაზრდა მეკარე, რომელიც ამაყობს, რომ ქართულ დერბიში კარი მშრალად შეინახა
ახალგაზრდა მეკარე, რომელიც ამაყობს, რომ ქართულ დერბიში კარი მშრალად შეინახა
01.04.2018
ავტორი:

ოთხრაუნდიანი „ქართული დერბის" პირველი „ბრძოლა" „დინამო თბილისმა" 2-0 მოიგო. დღეს, „დინამო არენაზე", ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე პრინციპული დაპირისპირებისას „დინამო თბილისსა" და ქუთაისის „ტორპედოს" შორის, თბილისელთა კარში 18 წლის დემეტრე ბულისკერია იდგა.

„თამაშამდე ცოტა დაძაბული ვიყავი. ვიცოდი, რა დონის თამაშიც იყო. მითუმეტეს ტრადიციული დერბი, რომელშიც რევანში უნდა აგვეღო და უნდა მოგვეგო. მოტივირებული ვიყავი მთელი თამაშის მანძილზე და კონცენტრირებული ასმაგად" - ამბობს TSFF.GE-სთან საუბარში დემეტრე ბულისკერია.

ახალგაზრდა მეკარისთვის ეს, „დინამო თბილისის" ძირითად შემაგდენლობაში ჩატარებული მე-4 მატჩი იყო 2018 წლის ოფიციალურ სეზონზე. თუ, არ ჩავთვლით ზამთრის 30-დღიანი შეკრების დროს, გამართულ 8 მატჩს, რომლებშიც ბულისკერია, ამ მომენტში ტრავმირებულ ოთო გოშაძეს ენაცვლებოდა ხოლმე.



„ეროვნული ლიგის დაწყებამდე, ძირითად შემაგდენლობაში, პირველი თამაშები იყო და შესაბამისად, თავდაჯერებულობა მაკლდა. შემდეგ, უკვე,  როცა შენ გიწევს თამაში, საკუთარ გუნდს, უნდა აგრძნობინო, მისცე ის ძალა, რომ ნახონ, კარში მეკარეა. ისეთი, რომ არ შეგეშინდება. ის, რომ გოლი გავუშვი და ამაზე ტრაგედია შევქნა, ეს საერთო ჯამში გუნდს არ წაადგება. ახლაც, თამაშის წინ ვემზადებოდი, ბევრს ვფიქრობდი. უშუალოდ თამაშს დროს კი, ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა და მხოლოდ, ის მაფიქრებდა, რომ თამაშიდან მოგებული უნდა გამოვსულიყავი. მიხარია, რომ ასე მოხდა. ამაყი ვარ", - ამბობს დემეტრე ბულისკერია.

ქართული დერბი, რომელიც ორივე კლუბის მოთამაშეებისთვის და ფან-სექტორებისთვის პრინციპულია დღეს, დინამოელთა შეტევებით დაწიყო და უკვე მატჩის სტარტზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნის საშუალება ჰქონდათ. შეხვედრის მე-12 და 45-ე წუთებზე კი „დინამოელთა" მე-9 ნომერმა ბუდუ ზივზივაძემ ორჯერ მოახერხა კარის აღება.


„კაჭარავამ, თავიდანვე გვითხრა, რომ დღეს, გოლი არ უნდა გაგვეშვა და კარი მშრალად შეგვენახა. მატჩის ბოლოს,  რა ანგარიშიც არ უნდა ყოფილიყო ტაბლოზე 2-0, 3-0 თუ 5-0, კარი უნდა ყოფილიყო „მშრალად" შენახული. მწვრთნელს. ჩემს მიმართ, ნდომა აქვს გამოცხადებული და როგორ არ გავუმართლო? არის მკაცრი, მომთხოვი, სულ ტონუსში და იმ  მდგომარეობაში  ჰყავხარ, რომ თამაშიდან არ გამოითიშო და იყო ტონუსში. არის თამაშში მომენტები, რომ შეიძლება მოდუნდე, მაგრამ ამის საშუალბას კაჭარავა არ გაძლევს. მაღალ დონეზე აქვს დისციპლინა. არა აქვს მნიშვნელობა თამაშია თუ ვარჯიში. ბიჭები. ბოლო წამამდე კონცენტრირებულები ვართ", - ამბობს ბულისკერია.

ვარჯიშია თუ თამაში, კახა კაჭარავას მითითებით, მინდორზე ყოველი გასვლა უნდა იყოს წინგადადგმული ნაბიჯი. „მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედოს" შევხვდით, მე-4 თამაში იყო და უფრო თამამად ვიყავი. არ ხდება ისე, რომ ერთსა და ორ დღეში, იდეალურად იყოს ყველაფერი, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე შევეცდები მაქსიმალურად ვაგრძნობინო გუნდს, რომ ის დაცულია", - ამბობს დემეტრე ბულისკერია.



მომდევნო შეხვედრას „დინამო თბილისი" 5 აპრილს, 16:00, სავარაუდოდ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე გამართავს „ჩიხურას" წინააღმდეგ, რომელიც ამ ტურამდე თბილისელებს სატურნირო ცხრილში უსწრებდა. თუმცა, დღეს, ქართულ დერბიში 2-0 გამარჯვების შემდეგ, „დინამო" 9 ქულით მეორე ადგილზეა. „ჩიხურა" კი 8 ქულით მესამეზე.