გიორგი შერმადინი “ტენერიფეს” შემადგენლობაში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
გიორგი შერმადინი “ტენერიფეს” შემადგენლობაში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
09.05.2022
ავტორი: ი.პ.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ტიტული - ჩემპიონთა თასი მოიგო. შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის აქამდე გამართულ მატჩებიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში ტენერიფელებს ერთპიროვნულად ულიდერა - იგი თითქმის ყველა მატჩის MVP გახდა და ქართველი ცენტრის წილი ტენერიფელთა ამ წარმატებაში შეუფასებლად დიდია.


ფინალურ მატჩში, რომელსაც ბილბაომ უმასპინძლა, ტენერიფემ თანამემამულე "ბაქსი მანრესა" 98:87 დაამარცხა და საპატიო ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეპატრონა.




ეს არ იყო ორი კალათბურთელის მატჩი, რომელშიც უერტასი-შერმადინის დუეტი ქულების უმეტესობას აგროვებს. „მანრესასთან" ყველა ტენერიფელმა მაღალ დონეზე ითამაშა. კუნძულელებმა 24-დან 13 სამქულიანი ჩააგდეს.


გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც „ტენერიფემ" 33:17 მოიგო, 15 ქულით დაწინაურდა და საბოლოოდ გამარჯვებამდე იოლად მივიდა.


მარსელინიო უერტასმა 13 ქულას 14 პასი მიამატა, შერმადინმა 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სასუ სალინმა 18 ქულა ჩააგდო, კაილ ვილტიემ - 17.




ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი ბრაზილიელი უერტასი გახდა. იგი გუნდის კაპიტანია, თუმცა თასი მარტომ არ ასწია - გიორგი შერმადინთან ერთად დუეტში აღმართა, რითაც ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის როლს ამ ტიტულის მოგებაში. შერმადინი დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული დროშით გავიდა, ისევე როგორც მარსელინიო თავისი ქვეყნის - ბრაზილიის დროშით.

ასევე იხილეთ ვიდეო-კოლაჟი