ბევრი გოლი და სიმჭიდროვე სატურნირო ცხრილში
ბევრი გოლი და სიმჭიდროვე სატურნირო ცხრილში
08.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის პირველი დღე, არა მხოლოდ უხვგლიანი გამოდგა, არამედ სატურნირო ცხრილის თავში პატარ ცვილებიც შეიტანა. მაგალითად, „დინამო თბილისმა" მეტი გატანილი გოლის წყალობით, გორის „დილას" გადაასწრო და მე-13 ტურში, ამ გუნდების დაპირისპირებამდე, მეორე ადგილზეა. „საბურთალო" კი, ქუთაისში, ბოლო წუთებზე აღებული 3 ქულის წყალობით, მე-2 და მე-3 ადგილზე მყოფ გუნდებს, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. თბილისელები, მომდევნო ტურიში, სფფ-ს რუსთავის საფეხბურთო აკადემიის მინდორზე ბათუმის „დინამოს" დაუპირისპირდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის „მზადებას" შეუდგა და სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიყწო, „საბურთალო" საშინაო თამაშებს, რუსთავში ჩაატარებს. მე-12 ტური კი, ბოლნისში დაიწყო.

„სიონი" - „დინამო თბილისი" 3-7

ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი ის ადგილია, საიდანაც ტრადიციულად „დინამო თბილისს" ხშირად მოაქვს 3 ქულა, თუმცა, ეს ქულები საკმაო გარჯად და ნერვების ფასად უჯდება. ეს კარგად იცოდა კახა ცხადაძემაც, რომელიც წარსულში „სიონის" მწვრთნელიც იყო და რომელსაც „ამნისტიის" შემდეგ, ზედმეტი პრობლემა არ უნდოდა, ამიტომ მისმა გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე, სტანისლავ ბილენკის გოლით, ანგარიშში წაიყვანა. კიდევ 14 წუთში, ბილენკის გადაცემით კამარამ ანგარიში ორამდე გაზარდა და თითქოს, სტუმრებმაც, მასპინძლებს ადგილი მიუჩინეს, მაგრამ 21-ე წუთიდან 3 წუთში მოულოდნელი ხდება და „სიონი" ანგარიშს ათანაბრებს. აქ, ნერვების თამაში დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულები თბილისელები გამოვიდნენ და ტაიმის მიწურულს კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ ბილენკიმ დუბლი გაიფორმა, შემდეგ კი, გაბედავამ ქუსლით, მეოთხედ აიღო „სიონის" კარი. „დინამომ" ტაიმი მშვიდად მოიგო, თამაშის საწყის წუთებზე მიღწეული სტატუს-კვო აღადგინა და შესვენებაზეც, ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.




მეორე ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთში, ამ შეხვედრაში, კიდევ სამი გოლი გავიდა. ჯერ საიმონ ბენიომ, კიდევ ერთ თამაშში მოახერხა თავით გოლის გატანა, 50-ე წუთზე და „დინამო თბილისი" 3-ბურთიანი სხვაობით დააწინაურა. თუმცა, წუთნახევარში, 52-ე წუთზე, ლუკა ხორხელის გადაცემით, თომა ტაბატაძე ამ გოლს, ქვითავს. სხვათა შორის, პირველი ორი გოლი ბოლნისელთაგან, სწორედ, ხორხელების ანგარიშზეა, ჯერ ნიკამ გაიტანა, შემდეგ ლუკამ. ახლა, მათ, მიმდინარე ელიგაში, 4-4 გოლი დაუგროვდათ. რაც შეეხება „დინამოს", შეიძლება ითქვას, რომ დღეს გუნდმა იმუშავა, ისიამოვნა თამაშით და გოლებიც „გაეხსნათ". 58-ე წუთზე, მასპინძლების კარში, კვლავ თავით, მხოლოდ ამჯერად, ოსეი ბარნსმა გადაგზავნა გოლი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ბილენკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, „დინამომ" კი, მიმდინარე ჩემპიონატში პირველმა მოახერხა, მეტოქის კარის შვიდჯერ აღება. უჩა სოსიაშვილის „სიონს" კი, რაც შეეხება, გუნდმა დღეს დაცვაში თამაში მარტივად, ჩააგდო.



„ტორპედო" - „საბურთალო" 0-1

ლევან კორღალიძის „საბურთალომ", ქუთაისიდან 3 ქულა წამოიღო. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მატჩის ბედი, 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლაშა შინდაგორიძემ გადაწყვიტა. „ტორპედომ" თითქოს ყველაფერი გააკეთა, თუნდაც ერთ ქულის ასაღებად. თუმცა, იმერულ გუნდს მიმდინარე სეოზნში კარში დარტყმები აკლია. აი, „საბურთალომ" კი, მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან დაწყებულ სამ გადაცემაში, როინ კვასხვაძის კარში, რომელმაც აშკარად ვერ გააკონტროლა ვითარება 3-ქულიანი „ჩააგდო". „ტორპედომ" ვერც  ამ ტურის შემდეგ, მოახერხა სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გაუმჯობესება, „საბურთალომ" კი, „დინამოებთან" და გორის „დილასთან" ერთად, ოდნავ და მხოლოდ ერთი დღით, მაგრამ 4 ქულით გაასწრო „სამგურალს".


„საბურთალო", მომდევნო ტურში, ბათუმის „დინამოს" მიიღებს.





„დინამო ბათუმი" - „დილა" 3-0

ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში გაიმართა. რთული სათქმელია რა გაგრძელება ექნებოდა ამ მატჩს, ანდრი დემჩენკოს გუნდს, რომ მე-6 წუთზე ანგარიში გაეხსნა. თუმცა, პოზიცია დაკარგული ლაზარე კუპატაძის პირისპირ დარჩენილმა თორნიკე კაპანაძემ, რომელსაც ხელს არავინ უშლიდან ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა. საპასუხოდ, ელგუჯა ლობჯანიძემ კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეში იყო, ამიტომ ტაბლოზე, ნულები არ შეცვლილა. საერთოდ, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩში, ლობჯანიძე, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აი, დილას რიგებში კი, დღეს დემეტრე ბულისკერიას გამოვყოფდით, რომელმაც „დილა" ბევრჯერ იხსნა გოლისგან. ანგარიში კი, ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. 30-ე წუთზე „დილას" კარში გატანილი გოლი, მისთვის მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე აღმოჩნდა.




მეორე ტაიმი, „ხანჯლაობით" დაიწყო და გოგა კიკაჩეიშვილმაც, ორივე გუნდის წარმომადგენლებისთვის არ დაიშურა ყვითელი ბარათები. მეორე გოლი კი, მასპინძლებმა 81-ე წუთზე გაიტანეს. ის, შეცვლაზე შემოსული ჯაბა ჯიღაუროს ანგარიშზეა. ვიდრე, საქართველოში VAR-ის სისტემა დაინერგება, მსაჯმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც თავად თვალით დააფიქსირა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ VAR-ს ეს გოლი გაეუქმებინა. რეალურად, სწორედ ამ მომენტმა გარდატეხა თამაშის ბედი და გორელები გატეხა. ბათუმის „დინამომ" კი, დაამტკიცა, რომ ძალუძს მოწინააღმდეგე გუნდის ფსიქოლოგიურ ფაქტორზე „თამაშიც", რამეთუ, ისარგებლა მომენტით და 84-ე წუთზე ირაკლი გაფრინდაშვილის გოლით, გორელებს საბოლოოდ უთხრა, რომ ეს თამაში „დინამომ" მოიგო. „დილამ" ბრძოლაში წააგო, დიდი ძალები დახარჯა და ახლა,  მომდევნო ტურში, სახლში, „დინამო თბილისს" დაუპირისპირდება.


ბათუმში, ამ მატჩის დაწყებამდე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე და საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი დააჯილდოვა.


***

ამ ტურის კიდევ ორი შეხვედრა 9 მაისს გაიმართება. თუმცა, გუნდები, სატურნირო ცხრილის 5-7 ადგილებზე თუ მოახდენენ ცვლილებას. ამასთან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ „ლოკომოტივმა", გასვლაზე „გაგრასთან" ქულას გამოკრას ხელი, ვინაიდან, გაგრელები, „დინამო არენაზე", როგორც არსად, კარგად თამაშობენ.


სფფ-ს, „სიონისა" და „ტორპედოს" ფოტოები