ფან-სექტორმა კაპიტანს უხმო
ფან-სექტორმა კაპიტანს უხმო
01.04.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის 2018 წლის პირველი ქართული დერბი, 1 აპრილს, „დინამო თბილისის" გამარჯვებით დასრულდა. ბუდუ ზივზივაძის მიერ, პირველი ტაიმის დასაწყისში და ბოლო წუთზე გატანილი 2 გოლი, საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ დინამოელებს, 2017 წლის, ე.წ. საჩემპიონო მატჩში განცდილი მარცხისთვის „ტორპედოსთან" რევანში აეღოთ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, ქართული დერბი - „კლასიკო", როგორც ცნობილია „დინამო"-„ტორპედოს" დაპირისპირება. შარშან, ბოლო ტურში დავკარგეთ „ტორპედოსთან" ჩემპიონობა და სრულად გვმართებდა რევანშის აღება. სასიხარულოა, რომ ეს შევძელით. თუმცა, ვაგრძელებთ ჩემპიონატს და მიზანია, წარმატებული თამაში. ეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მთავარია, რომ თამაშიდან თამაშამდე, პროგრესს ვაგრძელებთ და შემდეგ მატჩებში, კიდევ უფრო უნდა მოვუმატოთ. უფრო, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.




გამარჯვების მიუხედავად, დინამოელთა კაპიტანმა, ქუთაისის „ტორპედოსთან", პირადი რევანშის აღება ვერ მოახერხა. თუმცა, ოთარ კიტეიშვილს 2018 წლის სეზონზე ამისთვის და როინ კვასხვაძის კარის ასაღებად, მინიმუმ კიდევ 3 მცდელობა რჩება. დღეს კი, ბუდუ ზივზივაძემ პირველი გოლის გატანა, სწორედ ოთარ კიტეიშვილის გამოზომილი გადაცემის შემდეგ მოახერხა.

„გულშემატკივრის თანადგომას, ბუნებრივია, ყველა თამაშში ვგრძნობთ, მაგრამ ასეთში, განსაკუთრებით. თავად, ის ფაქტი, რომ ტრიბუნაზე ასვლა მომიწია და ასე ვთქვათ, ფან-ტრიბუნა „ვმართე" და რაღაც მომენტი ფანებში, ფანი ვიყავი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო იყო. ძალიან გამიხარდა და კარგი სანახაობაც გამოვიდა", - ამბობს დინამოელთა კაპიტანი.


„დინამო თბილისმა", 4 რაუნდიანი „ომის", მხოლოდ პირველი „ბრძოლა" მოიგო. მიუხედავად ამისა, თბილისური კლუბისა და მისი ქომაგების ტრადიციული გადაძახილის დროს, მე-17 სექტორმა ტრიბუნაზე, სწორედ „დინამოს" კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი იხმო.

ქუთაისის „ტორპედოსთან" მიღწეული გამარჯვების შემდეგ, „დინამომ" 9 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა  და ახლა, 1 ქულით უსწრებს საჩხერის „ჩიხურას", რომელთანაც დაპირისპირება უკვე მომდევნო, მე-5 ტურში, 5 აპრილს უწევს.