“ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია!
“ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია!
28.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბოლო ათწლეულში ქართული კალათბურთის ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა კლუბმა „ქუთაისმა" დღეს, თბილისში ფინალური სერიის მესამე შეხვედრაც მოიგო და საქართველოს მთავარი საკალათბურთო შეჯიბრის გამარჯვებული, კიდევ ერთხელ გახდა. კალათბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ კოტე ტუღუშის გუნდმა, ჩემპიონის ტიტული პირველად 2015 წელს მოიგო.


„ოლიმპთან" სერიის მესამე შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მშობლიურ კედლებში თბილისური კლუბი დაწინაურდა და ანგარიში, პირველი მეოთხედის შემდეგ,  26-18 წაიყვანა. კოტე ტუღუშის  გუნდისთვის ეს სასიგნალო აღმოჩნდა და ქუთაისმაც დაცვაში თამაში გააძლიერა, მეორე პერიოდის დასასრულისთვის ჩამორჩენაც თითქმის სრულად აღმოფხვრა, მეოთხედი 12-19 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი, მხოლოდ 1-ქულიანი ჩამორჩენით, 38-37 გავიდა.


ფინალურ სერიაში მოგებული ორი მატჩის შემდეგ, ქუთაისელებმა, რომლებსაც გულშემატკივარი თბილისშიც ბევრი ჩამოჰყვათ, როგორც სჩანს გადაწყვიტეს რომ სამომავლოდ საქმე აღარ გადაედოთ. ტუღუშის გუნდი, როგავას გუნდს, „კვალში" ჩაუჯდა და თამაში, ქულა-ქულაში წაიყვანა. „ქუთაისმა" ეს მეოთხედიც წააგო, 21-20 და ბოლო მონაკვეთის წინ, „ოლიმპს" ორი ქულით, 59-57 ჩამორჩებოდა.


მეოთხე მეოთხედის დებიუტშივე კი, სტუმრებმა „ოლიმპის" პრობლემები შეუქმნეს. რამდენიმე მომენტში, „ქუთაისმა" დაცვაში კარგად ითამაშა, ამას დაემატა ოლიმპელთა შეცდომები და შედეგად, სწრაფი კონტრშეტევების შემდეგ დაკარგული ქულები. სწორედ, აქ იგრძნო იმერულმა კლუბმა, რომ ამ დღეს, სერიის დასრულება ძალუძდათ. „ქუთაისი", მინუს ორი ქულიდან ნელ-ნელა დაწინაურდა და ერთ მომენტში გაქცევამ 8 ქულაც კი შეადგინა. საბოლოოდაც, მეოთხედი  10, შეხვედრა კი 8 ქულით, 65-73 მოიგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.


ქუთაისელთაგან 23 ქულით და 6 ჩაჭრით ადრიან ბოუი იყო საუკეთესო. 17 ქულა და 11 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მიითვალა, გიორგი ბარბაქაძისა და სტივენ ფლეჯერის ანგარიშზე კი, 9-9 ქულა დაგროვდა. „ოლიმპში",  30 ქულით საუკეთესო იყო ედვარდ ეკიორი. 12 ქულა ლუკა კალატოზიშვილმა, 10 კი, კახა ჯინჭარაძემ დააგორვეს. სხვათა შორის, სწორედ, ჯინჭარაძე  გახდა წლევანდელი სეზონის უძვირფასესი მოთამაშე - MVP. გამოკითხვაში, მონაწილეობა მატჩის კომისრებმა, სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, მსაჯთა კოლეგიამ და სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს. აქვე გეტყვით, რომ გამოკითხვისას ტრადიციულად 3 კალათბურთელი უნდა დაგესახელებინა. ჩვენ, უპირატესობა ამ ჯერზე სხვა ოლიმპელს, ილია ლონდარიძეს მივანიჭეთ, ჯინჭარაძე კი, გიორგი კორსანტიასა  („ქუთაისი 2010") და ლოველ ქაბილის (თსუ) შემდეგ, „თადარიგში" მეოთხე პოზიციაზე გვყავდა.


მატჩის დასრულების შემდეგ, ფინალში მონაწილე გუნდები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გურასპაულმა დააჯილდოვეს.


ოლიმპიურ სასახლეშივე გამოავლინეს 2021-2022 წლების სეზონის სხვა საუკეთესოებიც. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი კოტე ტუღუში („ქუთაისი") გახდა. მას ჯილდო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გადასცა, რომელიც ტრადიციულად და შეძლებისდაგვარად, ნაკრების პოტენციურ მოთამაშეებს აკვირდება.


საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი, „ბათუმის" გუნდის წევრს,  გიორგი ოჩხიკიძეს, ზვიად მიქაძის სახელობის თასი გადასცეს. მასვე, სეზონის გამორჩეული მოთამამაშის ტიტულიც ერგო და გელა დარსაძის სახელობის პრიზიც ჩაიბარა.



კალათბურთის ფედერაციის ფოტო