
თამაშის დღეს ორჯერადი ვარჯიში, ცოტა უცხო ქართული მედიისთვის. თუმცა, აპრობირებული გიბრალტარის ნაკრებისთვის, რომელიც ხვალ, 20:00 საათზე „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის მორიგი გათამაშების დაწყებამდე „მატჩის დღე 1" -ი, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა დილის 10 საათიდან დაიწყეს. 11:15 წუთზე კი, ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის, პროტოკოლით გათვალისწინებული პრეს-კონფერენცია გამართეს.
„სიმართლე ის არის, რომ ყოველი მატჩისთვის მაქსიმალურად მოგვიწევს მომზადება. ჩვენი საუკეთესო მხარის ჩვენება. ახლა, ასე წინასწარ, მოსალოდნელ შედეგებზე საუბარიც ძნელია და დაგეგმვაც. ჩვენ უნდა კონკრეტული თამაშისთვის მოვახერხოთ მომზადება. გეგმებიც, კონკრეტული თამაშებისთვის, კონკრეტული გვექნება" ,- ამბობს, ხულიო რიბასი, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს ნაკრების ხვალინდელი მოწინააღმდეგე, უეფა-ს ახალი სანაკრებო ციკლის დაწყებამდე, ალბათ, სხვებთან შედარებით უფრო მეტად იზღვევს თავს და აცხადებს, რომ 12-დღიან შუალედში, 4 მატჩის ჩატარება, ნებისმიერი ნაკრების მსგავსად, გიბრალტარელთათვისაც, რთულია - მითუმეტეს, რომ „პატარა ქვეყანა ვართ, ცოტა ფეხბურთელი და შესაბამისად, მცირე რესურსი გვაქვსო".
„ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ასეთი მატჩებისას ჩვენმა ფეხბურთელებმა მაქსიმალური გამოცდილება უნდა მიიღონ. ამიტომ მოგვიწევს რომ ძალები გადავანაწილოთ და შეძლებისდაგვარად, მოვემზადოთ", - ამბობს რიბასი.
საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებები უეფა-ს ერთა ლიგის ამ შესარჩევ ციკლამდე, ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ - 2014, 2015 და 2019 წლებში უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისას. ოთხივე შეხვედრა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო და საერთო ჯამში 13 გოლი გაიტანა.

„ორივე ნაკრებში ბევრ რამ შეიცვალა, საქართველომ და ზოგადად ქართულმა ფეხბურთი პროგრესირებს. ახალი მწვრთნელი ჰყავთ. მათი ფეხბურთელები ევროპულ გუნდებში თამაშობენ. ჩვენი ნაკრების კი 19-21 წლის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ეს კარგი მოტივაციის საფუძველია. ჩვენი ამოცანა ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება და მათთვის პროფესიონალურ გზაზე ხელის შეწყობაა. თუმცა, გვყავს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ 2019 წელსაც ითამაშეს",- ამბობს რიბასი.
მისი გუნდი, დღეს საღამოს კიდევ ერთხელ ივარჯიშებს. დღეს საღამოსვე, მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს გამართავს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, 2 ივნისს, 20:00 დაიწყება. ამ წუთებში, ონლაინ და ბ. პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას" სალაროებში, ამ მატჩზე დასასწრები ბილეთები იყიდება.





ჩვენ








