ხვალიდან 3 დღის მანძილზე, თბილისი ჯუდოს გრან-სლემს უმასპინძლებს
ხვალიდან 3 დღის მანძილზე, თბილისი ჯუდოს გრან-სლემს უმასპინძლებს
02.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სამი დღის მანძილზე 3-დან 5 ივნისის ჩათვლით, თბილისი ტრადიციულ და პოპულარულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. IJF-ის ტურის თბილისურ გრან სლემზე მონაწილეობას 36 ქვეყნის, 278 სპორტსმენი მიიღებს. პირველად, დიდხნიანი შესვენების შემდეგ, თბილისში იაპონიის წარმომადგენლები „ბრუნდებიან". ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობით კი, ბუნებრივია, რომ საქართველოს ნაკრები იქნება წარმოდგენილი.

28 ვაჟი და 11 გოგონა, საერთო ჯამში, 39 ქართველი ძიუდოისტი, ყველა წონით კატეგორიაში იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ სრულად იქნება წარმოდგენილი ქართული გუნდი ქალთა ასპარეზობაში.


„მინდა თბილისის გრან სლემი 2022-ის მონაწილეებსა და სტუმრებს მივესალმო. ჩვენ ვართ მოხარულები და ამაყები ამ ტურნირის მეორეჯერ მასპინძლობით. ქართულმა ძიუდომ 2021 წელს რეკორდები და საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა, გამორჩეული მაინც ოლიმპიური თამაშებია. ახლა საქართველოში, ძიუდო, ნომერი პირველი სპორტია და ათლეტთა რიცხვი, დღითი დღე მატულობს. ჩვენი ფანები, გრან სლემის დაწყების მოლოდინში არიან. ეს ჩვენთვის დიდი პატივია და ამისთვის, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, IJF-ის პრეზიდენტს, ბატონ მარიუს ვიზერს ნდობისთვისა და ამ უდიდესი შანსისთვის. ვიმედოვნებ, რომ გაწელილი პანდემიის ფონზე, ყველა ჯუდოკა, სტუმარი და გუნდების წარმომადგენლები სასიამოვნო ღონისძიების მონაწილენი იქნებიან" , - ამბობს გიორგი ათაბეგაშვილი,  საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი მედიისთვის გავრცელებულ მიმართვაში.


თბილისის გრან სლემის პირველ საასპარეზო დღეს, 5 წონით კატეგორიაში 14 ქართველი ჯუდოკა იასპარეზებს.

-60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი, ირაკლი კუპატაძე, თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალიშვილი

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე, საბა კაპანაძე

-48 კგ ნატალია ყიფშიძე

- 52 კგ მარი მახარაშვილი, მარიამ ლაფაჩიშვილი

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო წიკლაური, გვანცა მჭედლიშვილი


თბილისის გრან სლემი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.