რაზგრადში ქართველები ბრძოლისთვის ემზადებიან
რაზგრადში ქართველები ბრძოლისთვის ემზადებიან
04.06.2022
ავტორი: სოფო ერქვანია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ერთა ლიგის მეორე შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდე სათამაშოდ, ჩარტერული რეისით გუშინ გამეგზავრა და დღეს, რაზგრადში ივარჯიშა. „ლუდოგორეც არენაზე" საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელის სანიოლის, ამჯერად, ოთარ კაკაბაძე ახლდა.

დაანონსებული ცვლილებები

გუშინ მგზავრობის და აღდგენის დღე იყო. ძალიან სასიამოვნოა ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება, თუმცა, როგორც იცით, ამ შეკრებაზე გუნდში 29 ფეხბურთელია და შესაბამისად, ხვალ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. მაქსიმალურად ვეცდებით ძალების განაწილებას, მაგრამ შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. წიტაიშვილი საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მოგეხსენებათ გიბრალტართან მატჩში ტრავმა მოიღო და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.


ბულგარეთში ქომაგებთან ერთად

აღდგენის პროცესი ძალიან კარგად წარიმართა. მხოლოდ წიტაიშვილი გვაკლია და მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან სასიამოვნოა ბულგარეთში ამდენი გულშემატკივარი რომ გამოგვყვა, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი საქართველოსთან არც ისე ახლოსაა. ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი ხალხის მხარდაჭერას ვიგრძნობთ.


ვილის იმედები და გათვლები

რა თქმა უნდა, გვინდა შემტევი ფეხბურთის თამაში, მაგრამ ყველა მატჩში უნდა მოვერგოთ მეტოქის სტილს, მათ შესაძლებლობებს. ფაქტია, რომ ბულგარეთი გიბრალტართან შედარებით ბევრად ძლიერი გუნდია, თუმცა, გადამწყვეტი იქნება ის ფაქტორი, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და შევინარჩუნებთ თუ არა იმ ინტენსივობას, რომელიც გუნდში ბოლო 6 თვის განმავლობაში შევამჩნიე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ამიტომაც, მჯერა, რომ ხვალაც შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.


სექტემბერში ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი გვქონდა, რა თქმა უნდა, მახსოვს ეს მატჩი, მსაჯის შეცდომებიც მახსოვს, მაგრამ ხვალ სულ სხვა თამაში იქნება. მეტოქისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულად ითამაშებენ.


ბულგარეთის ნაკრებიდან ვერცერთ ფეხბურთელს გამოვყოფ, ეს ნაკრები გუნდურად არის ძლიერი. ჩვენ არ ვიცით, როგორი შემადგენლობით ითამაშებს ბულგარეთი და არ იქნება მიზანშეწონილი, რომ მხოლოდ 1-2 ფეხბურთელი გამოვარჩიო. ჩვენ კონცენტრაციას საკუთარ თავზე მოვახდენთ და ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ..


***

თბილისში, გიბრალტარი ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, ოთარ კაკაბაძეს, გუნდის კაპიტნობა მოუხდა. ბულგარეთში, მედიასთან შეხვედრაზე, კაკაბაძემ ამ ფაქტორზეც ისაუბრა.


პირველ თამაში ჯგუფის ფავორიტთან არ გვითამაშია, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვიდა და სტადიონი თითქმის გაივსო. ხვალაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გულშემატკივრების ყოფნა და იმედი მაქვს, რომ სხვა გასვლით მატჩებზე მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. გუნდში ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ყველაფერს ვეცდებით გულშემატკივრების გასახარებლად. გიბრალტართან მოედანზე კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი არ იყვნენ და მომიწია კაპიტნობა. ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნობა მერგო. ეს მართლაც ენით აღუწერელი გრძნობაა.


შეგახსენებთ, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



სფფ-ს ფოტო