
დღეს თბილისი გრან სლემზე, ქართული გუნდის სათვალავს სამი მედალია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მიემატა. საერთო ჯამში კი, ოთხ წონით კატეგორიაში, ასპარეზობის მეორე დღეს, ტატამზე ქართული გუნდიდან 11-მა ჯუდოკამ იასპარეზა.
-73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე და ფრიდონ გიგანი ასპარეზობდნენ. ამ წონით კატეგორიაში ფინალურ ბლოკში, ორმა მოახერხა გადასვლა. აქედან, 1/2 ფინალში, ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც, „შავიმ" ახალგაზრდა კოლეგას გამოცდილების ხარჯზე აჯობა და ჰანსოკუ-მაკე მიაღებინა. ტერაშვილმა, დღე მაინც გამარჯვებით დაასრულა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, „შავიზე" არანაკლებ გამოცდილი იტალიელი, მანუელ ლომბარდო შეხვედრის დასრულებამდე, იპონით დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, აქ, ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე იაპონელი კენ ოიოში იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ქართველი სპორტსმენის უპირატესობით დაიწყო და ვაზარიც „შავიმ" აიღო, დროის გასვლამდე წამებით ადრე, იაპონელმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. დამატებითი დრო ორივე სპორტსმენმა აქტიურად დაიწყო, თუმცა, „შავის" ეფექტური გდების შემდეგ, იაპონელს, ტატამიდან წამოდგომაც აღარ უცდია და მხოლოდ მეტოქის პატივისცემას გამოხატავდა. ლაშა შავდათუაშვილმა კი, თბილისის გრან სლემი მოიგო და საქართველოს ნაკრებს, მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
-73კგ ყველა შედეგი

ოთხი ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი საქართველო -81კგ წონით კატეგორიაშიც - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ლევან გუგავა, დიმიტრი გოჩილაიძე; ტატო, წონის ფავოროტად ითვლებოდა და შესაბამისად, ბადეში პირველი შეხვედრიდან დაწყებული, ყველა გამარჯვება კანონზიმიერი იყო. თუმცა, ფინალში, წამიერი უყურადღებოდა, მას დაკარგული ოქროს მედლის ფასად დაუჯდა. კვარცხლბეკზე თავჩაღუნული ტატო, იმედია, რომ ფინალურ ბრძოლას აანალიზებს. მომავალ შეჯიბრებში წარმატებისთვის კი, დღევანდელი მარცხი, კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება.

დღესვე, ორ წონით კატეგორიაში იასპარეზეს ჩვენმა გოგონებმაც, -63კგ რეგინა უთნელიშვილმა და მარიამ ციხელაშვილმა, ხოლო, -70კგ ინდირა სილაგაძემ. სამწუხაროდ, ქართველი ჯუდოკა ქალები, ასპარეზობას პირველი წრიდანვე გამოეთიშნენ.
ხვალ, თბილისის გრან სლემის ბოლო დღეა. ასპარეზობები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 12:00 საათიდან დაწიყება. ქართული გუნდი, რომელსაც ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, უკვე 8 მედალი აქვს მოპოვებული, კიდევ 5 წონით კატეგორიაში შეეცდება მედლების მოგებას.
-90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ: უშანგი მარგიანი, იმედა გოგოლაძე, ბექა ღვინიაშილი, გიორგი პაპუნაშვილი;
-100 კგ-ში ილია სულამანიძე, გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე, ომარ საური;
+100 კგ-ში ონისე ბუღაძე, გიორგი ქავთარაძე, გელა ზაალიშვილი, ლევანი მატიაშვილი
-78 კგ მარიამ ჭანტურია
+ 78 კგ სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, რომ ტურნირი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს და გრან სლემზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტის საშუალებით, ისე ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე.





ჩვენ








