
თუ არ ჩავთვლით მცირე ხარვეზსს „მეორე სართულზე", რომელიც რეალურად ორ გოლად დაგვიჯდა, საქართველოს ნაკრებმა რაზგრადში, მასპინძელი ბულგარეთის ნაკრები დაჩაგრა და რამდენიმე თვის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხისთვისაც „შური იძია". რთული სათქმელია, სხვა თამაშებთან შედარებით პასიურობით, ბულგარელებს საკუთარი სამწვრთნელო შტაბის დასჯა ჰქონდათ მიზნად თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის სტარტზევე, მიანიშნა მასპინძლებს, რომ ისინი - საქართველოს ნაკრები დღეს, ფეხბურთის თამაშს აპირებდა და მან ეს გააკეთა.
თბილისში კი, რამდენიმე დღეში, ჩვენი დღევანდელი მეტოქე, უკვე ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩამოვა. თამაშის შემდეგ, იასენ პეტროვმა, გადადგომის შესახებ განაცხადა. რამდენად მოახერხებენ ბულგარელები 12 ივნისის შეხვედრაში გადაწყობა-დაწყობას, ახლა, მხოლოდ მარჩიელობა გამოგვივა. თუმცა, დრო ისე მცირეა, რომ რადიკალურად რამის შესაცვლელად, წესით, დიდი ვერაფერი უნდა მოახერხონ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს, წამით მოდუნების საბაბი არ აქვს და 2 ივნისს თბილისში, უეფა-ს ერთა ლიგის ახალი გათამაშების სტარტით დამუხტულებმა, ივნისში საქმე, ასევე წარმატებულად უნდა დაასრულონ. დღეს კი, არასტაბილური, მაგრამ სახიფათო ბულგარული გუნდის წინააღმდეგ, სანიოლმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტო განაცხადში როტაცია გააკეთა და „ლაინ-აფში" 5 ფეხბურთელი შეცვალა. აქედან, ყველაზე მოულოდნელი საბა ლობჟანიძის შეცვლა იყო, რომელიც გიბრალტართან მატჩში, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთაგან ყველაზე გამორჩეული იყო.
„გარკვეული ცვლილებები გვქონდა, რაც ბუნებრივია. 10 დღეში 4 თამაში გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ დინამიკის შესანარჩუნებლად სიახლეები შევიტანოთ გუნდში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ლობჟანიძის ნაცვლად კაკაბაძეს ეთამაშა ფლანგზე, ტაქტიკური ხასიათის იყო. ის უფრო დაცვითი ფეხბურთელია და ვიფიქრე, რომ დღევანდელი მატჩისთვის ეს უკეთესი არჩევანი იქნებოდა. გარდა ამისა, საბამ 90 წუთი ითამაშა გიბრალტართან, საკმაოდ ბევრი სპრინტი ჰქონდა და მისი დასვენება აუცილებელი იყო. რა თქმა უნდა, ის დაგვეხმარება შემდეგ თამაშებში. 29 ფეხბურთელი გვყავს და ჩვენ ვაგებთ და ვიგებთ ერთად. მოთამაშეები ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, ისინი ბედნიერები არიან ერთად ყოფნით, ბრძოლით და ეს გაცილებით იოლს ხდის ჩემს მუშაობას", - იტყვი სანიოლი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერეციაზე.
მანამდე კი, საქართველოს ნაკრებმა, „ლუდოგორეც არენაზე" აქტიურად დაიწყო. პირველივე წამებიდან კვარაცხელია, ახერხებს მეტოქის შეწუხებას, თუმცა, რატომღაც ამ გარემოებაზე ბულგარელებმა დიდად არ იფიქრეს, ხვიჩამ კი, თავისი შანსი გამოიყენა და სასტარტო შემადგენლობის ერთ-ერთ „ცვლილებას", ზუკა დავითაშვილს ზუსტად „დაასვა" ბურთი. ამ უკანასკნელმა კი, მე-4 წუთზე თავით ლამაზი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
კიდევ რამდენიმე წუთში გაიტანა ბუდუ ზივზივაძემაც, სანიოლის მიერ, სასტარტოში ჩანაცვლებულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, თუმცა, VAR-მაც თქვა, რომ ბუდუ გოლამდე, თამაშგარეში იყო. სხვათა შორის ზივზივაძე, ამ შეხევდრაში მაინც გაიტანს გოლს, მეორე ტაიმში 52-ე წუთზე, რაც რეალურად მატჩის გარდამტეხი მომენტი ხდება. VAR-ი კი, საქმეში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიდევ ერთხელ ჩაერევა და ამ ჯერზე, ბულგარეთის კარში 11-მეტრიანს დანიშნავს, თუმცა, ნიკა კვეკვესკირი, პენალტს „გამაზავს".
„მწვრთნელმა და მთლიანად შტაბმა, მიაგნეს, ოპტიმალუტ ტაქტიკას გუნდისთვის, რომელიც ყველაზე კარგად მიესადაგება ჩვენს გუნდს, ჩვენს სათამაშო სტილს. ფეხბურთელების ინდივიდუალურ მახასიათებლებს. პლუს ამას ემატება, რომ მართლა, ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს, სასტარტო შემადგენლობაში, სათადარიგო სკამზე და ამ ყველაფერს, ბიჭების უდიდესი მოტივაცია ემატება, რამაც სათამაშო მიტივაციასთან ერთად გამოიღო ეს შედეგი. თუმცა, ჯერ-ჯერობით არაფერი დამთავრებულა და საქმე გასაკეთებელია", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.
სხვათა შორის, მატჩის შემდეგ, უეფა-ს საიტზე ერთ-ერთი სეგმენტი, სადაც მეტოქეს დავუთმეთ, გადაცემების სიზუსტე იყო. სწორედ, ეს მცირე ხარვეზი მოგხვდებოდა თვალში, ბუდუს არჩათვლილი გოლის შემდეგ, ჰრისტოვის ავტოგოლამდე, რომელი 31-ე წუთზე გავიდა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, გიორგი ლორიას, კარგი „სეივი" ჰქონდა. ისე, კიდევ ერთი, „ლორიმ", 77-ე წუთზე მეორე ტაიმშიც შეასრულა - რეალურად სულ ეს იყო, რაც ბულგარეთის ნაკრებმა ჩვენს კართან შექმნა იმ 2 გოლთან ერთად, რომელიც გაგვიტანეს.
პირველი ტაიმი 0-2 მოვიგეთ. მეორეში, იასენ პეტროვმა, ცოტა „დალაგებული" გუნდი გამოუშვა და აქცენტი მასირებულ შეტევაზე გააკეთა. ვერ ვიტყვით, რომ ამან შედეგი არ გამოიღო. 50-ე წუთზე მასპინძლებმა ატანას ილიევის თავურით, ერთი გოლი გაქვითეს 1-2.
სწორედ, ამ მომენტში, ბულგარელების „ცეცხლის" ლოკალიზება ბუდუ ზივზივაზემ მოახერხა 52-ე წუთზე. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, 57-ე წუთზე 11-მეტრიანი გამოიმუშავა და თავადვე გაიტანა. ვილიმ, შეცვლები გააკეთა. შეცვლებმა გაამართლეს, მომდევნო გოლი მიქაუტაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, 69-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ბულგარელებთან მატჩში კი, ბოლო გოლი 83-ე წუთზე ილიან სტეფანოვმა გაგვიტანა.
„გუშინ ვისაუბრეთ სწრაფი ფეხურთის თამაშის შესახებ, თუმცა მატჩის წინ ეს მხოლოდ თეორიული საუბარია. ფეხბურთელებმა 100 პროცენტით გაამართლეს ჩემი იმედები და ამაყი ვარ. თავს პრივილეგირებულ ადამიანად ვთვლი, რადგან ასეთი მოთამაშეები მყავს. მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ფასეულობები. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, თუმცა მოთამაშეებმა იციან, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს დინამიკა არ დავკარგოთ. ანალოგიური პროფესიონალიზმით უნდა მივუდგეთ ჩვენს საქმეს სკოპიეში", - ამბობს სანიოლი მატჩის შემდეგ.
საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფის მეორე შეხვედრაც მოიგო, ამჯერად 2-5 და არა მხოლოდ ქულების არამედ, ბურთების იდეალური შეფარდებითაც ჯგუფს ლიდერობს. თუმცა, ვილი სანიოლის გუნდისთვის ეს მოსადუნებელი დრო არ არის. წინ ორი მნიშვენლოვანი თამაში, დროის მჭიდრო მონაკვეთშია ჩასატარებელი. უკვე 9 ივინსს, მომდევნო შეხვედრას ვილი სანიოლის გუნდი სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
იმედია, საქართველოს ნაკრები, რომელსაც რაზგრადში, „ქომაგთა" დიდი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდა, უკვე ხვალ, დღევანდელი მატჩის ეიფორიიდან გამოვა და ბოლო წლებში, ჩვენს ყველაზე მეტად „გამმამწარებელ" ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ, სრულად მობილიზებული და საბძოლო განწყობით გასასვლელად მოემზადება.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








