ქართული და უკრაინული დროშებით მაკალუზე - მთიდან ჩამოსული ოდნავ დაგვიანებული ამბავი
ქართული და უკრაინული დროშებით მაკალუზე - მთიდან ჩამოსული ოდნავ დაგვიანებული ამბავი
06.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დასრულდა ესე სიზმარი მაკალუზე და აღსრულდა პირველი ჩვენებური ასვლა დედამიწის მეხუთე მწვერვალზე, სირთულით განთქმულ 8,486 მ. სიმაღლის შავ პირამიდაზე. რა თქმა უნდა დამხმარე ჟანგბადის გარეშე!" - ასე იწყებს მორიგ სტატუს სოციალურ ქსელში არჩილ ბადრიაშვილი, ქართული გუნდის ლიდერი, რომელიც თანამწყვილეებთან გიორგი ტეფნაძესთან და ბექარ ფაჯიშვილთან ერთად ჰიმალაიში, მორიგი გამარჯვებას იზეიმა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპედიციაში სამი ქართველი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბექარ ფაჯიშვილი შედიოდნენ, მთაზე, მხოლოდ ორი ავიდა. არჩილს, გართულებული ჯანმრთელობის გამო, 8000 მეტრდან  დაშვება მოუხდა. მთაში სიარულისას, თუ რა თქმა უნდა გინდა მთაში დიდხანს სიარული, მთავარია კონკრეტულ მომენტში იგრძნო შენი შესაძლებლობის ზღვარი. ამ ჯერზე ბადრიაშვილისთვის ამ ზღვარმა სწორედ 8000 მეტრზე გაიარა ზღვის სიმაღლიდან და სასწრაფოდ სიმაღლის დაგდება მოუხდა. „მოტრიალდა, თავისი პოსტ-კოვიდური დაჩრდილული ფილტვებით". შემდეგ კი, ქართული გუნდი ერთიანად, სამნი, მშვიდობით დაეშვნენ საბაზო ბანაკში.


„ჩვენი სამეულიდან ორნი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი 2019 წლის შემდეგ პირველები მოექცნენ მაკალუს მწვერვალზე, 7 კაცისგან შემდგარ ინტერნაციონალურ გუნდთან ერთად. მე კი წარმატებული ორგანიზატორის სახელს დავჯერდი და ჩემი გაკვეთილიც მივიღე. ექსპედიცია მშვიდობით დაბრუნდა თბილისში, მწვერვალზე კი ჩვენი მხარდაჭერის გამოსახატად საქართველოსთან ერთად უკრაინის დროშაც გაიშალა!" - წერს არჩილი.


აღსანიშნავია, რომ გიორგისთვის მაკალუს მწვერვალი მეორე რვაათასიანია, ხოლო ბაქარისთვის პირველი იყო. ქართული გუნდი, სამშობლოში 2 ივნისს დაბრუნდა. ჩვენი გვერდი TSFF.Ge და მის ფარგლებში შემავალი პროექტი „სპორტფოტო", რომლის მონაწილენი არჩილი და მისი მეგობრები წლებია არიან,  ბიჭებს წარმატებულ ასვლას და მშვიდობით დაბრუნებას ულოცავს და 2022 წლის „სპორტოსთვის" ახალი ისტორიული კადრების მოლოდინშია. მანამდე კი, გთავაზობთ არჩილის ჩანაწერს, რომელიც მან, თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნა.




ექსპედიციის მსვლელობაზე

გზა კატმანდუდან მანქანით დაიწყო, მთისაკენ გზა (900 მ - 5700 მ) როგორც წინ, ისე უკან ფეხით გავიარეთ. 12 აპრილს გავმართეთ საბაზო ბანაკი მაკალუს ძირში 5700 მ-ზე. ამის შემდეგ, პირველებმა გავკვალეთ გზა პირველ და მეორე ბანაკებამდე (6450 მ). შემდეგ, 7000 მეტრამდე, შემდეგ მესამე ბანაკამდე (7450) და ბოლოს მეოთხე ბანაკამდე (7000). ბევრგან დავამუშავეთ რთული მონაკვეთები და მოვნიშნეთ გზა. ამის შემდეგ, შერპებმა დაკიდეს თოკები 8000 მეტრამდე (აქ მათ დახვდათ ყინული და ერთი ადამიანი მოწყდა, დაეშვნენ). შემდეგი მიძალება გაერთიანებული შერპების და ეკვადორელი მოსიმაღლე ესტებან „ტოპო"  მენას გუნდის მიერ მოხდა. მათ თოკი მწვერვალის აივნამდე მიიყვანეს და დაეშვნენ. შემდეგ შტურმში, რომელიც ბოლოს და ბოლო მწვერვალზე ასვლით უნდა დაგვირგვინებულიყო ჩვენც ვმონაწილეობდით და მწვერვალის დღედ 9 მაისი შეირჩა.


მწვერვალი

მწვერვალის გზა, რომელიც მთლიანად ტიბეტის მხარეს გადის, გრძელი და დამღლელია. ტექნიკური სირთულე 8200 მეტრს ზემოთ იმატებს. ამინდი ამ სიმაღლისთვის კარგი, თუმცა, ქარის ნაკადებით და ღრუბელს ამოფარებული მზით იყო. მეოთხე ბანაკიდან ღამის 00:00 სთ-ზე დავიძარით. ამ მომენტში ყველა ერთად შევიკრიბეთ, ასე 10-ნი. მთელი ღამის განმავლობაში, დილის 6 სთ-მდე მარტომ ვიარე (უფრო ვიბრძოლე), 8000 მ-ს რომ გავცდი, თვითშეგრძნების უცნაური გაუარესების და მოყინულობის საშიშროების გამო, რაც მთელ ღამეს ძალას მაცლიდა - გადავწყვიტე მობრუნება. ბიჭები ამ დროს ფრანგულ კულუარში იყვნენ. შერპებმა გაიტანეს ბოლო მონაკვეთზე თოკი და  დილის 9:40 სთ-ზე ბიჭები ავიდნენ მწვერვალზე! ამაღლებული განწყობით აღიმართა საქართველოს და უკრაინის დროშები, ქართული ღვინოც იქვე იყო!






მიზანი მიღწეულია

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მთლიან პროცესში, ჩემი ვერ-ასვლა და 8000 მეტრიდან მობრუნება პირად დანაკლისად მიმაჩნია. საერთო საქმეს რაც შეეხება, როგორც გიორგის და ბაქარის მეგობარსა და ექსპედიციის ორგანიზატორს მეამაყება, რომ ექსპედიცია წარმატებით და მშვიდობით წარიმართა, სტრატეგიული შეცდომების და ტრავმების გარეშე, წინა თაობების ნანატრი კი ასრულდა, ქართველები მაკალუზე ავედით, თანაც ასე ყოჩაღად!


წლის თავისებურება და ამსვლელები

წელს, მაკალუსთვის და ზოგადად ჰიმალაებში ასვლებისთვის კარგი სეზონი გამოდგა. ბევრი ამინდის ფანჯრით, თუმცა უჟანგბადო ასვლები მაღალ რვაათასიანებზე (Top 5) ნებისმიერ ვარიანტში ძალიან რთული და იშვიათია. დღესაც კი, როდესაც კომერციული ასვლების გადამკიდე კომერციულ მთებზე კლასიკური მარშრუტები სრულად დამუშავებულია და ადამიანური რესურსითაც საკმაოდ განებივრებული (ეს ნაკლებად ეხება არაკომერციულ გიგანტებს, რომლებშიც დიდწილად მაკალუც შედის). შევეცდები ჩამოვწერო მაკალუზე დამხმარე ჟანგბადის გამოყენების გარეშე ამსვლელთა სია ქრონოლოგიურად. ეს ადამიანები 4 ამინდის ფანჯრის განმავლობაში არა-ფორმალურად, არამედ რეალურად იდგნენ 8486 მეტრზე და მათი მიღწევა გამოსარჩევია სხვებისაგან: გიორგი ტეფნაძე (თბილისი, საქართველო), ბაქარ გელაშვილი (ბორჯომი, საქართველო), ნიკოლას მირანდა (ეკვადორი), კარლ ეგლოფი (ეკვადორი), სებასტიან ფუქსი (გერმანია),  კარლა პერეზი (ეკვადორი), ესტებან "ტოპო" მენა (ეკვადორი), მინგმა ჯი შერპა (ნეპალი),  სერბაზ ხანი (პაკისტანი), ვიქტორ რიმაკი (პერუ).






სტატიაში გამოყენებულია ექსპედიციის ფოტოები