
9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე სკოპიეში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური, თბილისში ხელიდან აგვაცალა. აპირებს თუ არა სანიოლის გუნდი რევანშის აღებას, ამის შესახებ, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციებზე საუბრისგან თავს იკავებდა. სანიოლი თვლის, რომ მისი გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეს.
„პლეი-ოფის წაგებული ფინალი? ეს შეკითხვა უფრო კვეკვესკირს უნდა დაუსვათ, რადგან იმ მატჩში მან ითამაშა. იგივე ტურნირია, თუმცა, სრულიად სხვა კონტექსტი აქვს. ჩვენთვის მთავარი ის კი არაა, რაც წელიწადნახევრის უკან იყო, არამედ, რაც 4-7 დღის წინ მოხდა და მომავალში რაც იქნება. მთავარია, შევინარჩუნოთ ჩვენი ფორმა და ინტენსივობა, თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ თბილისში კარგი მოგონებებით დავბრუნდებით", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების „ის" თამაში ბუნებრივია, ყველაზე მეტად იმ ფეხბურთელებს ახსოვთ, ვინც ევრო-ს საგზური ჩრდ. მაკედონიელებს თბილისიდან სკოპიეში გაატანა. თუმცა, გუნდში ძირითადად მორიგ სამ ქულაზე და არა რევანშზე ფიქრობენ. ყოვლე შემთხვევაში, ნიკა კვეკვესკირი, რომელიც სკოპოეში, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლის თან ახლდა სწორედ, ამ გარემოებას უსვამს ხაზსს.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი თამაში არ არის და მე პირადად გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ აღვიქვამ, როგორც რევანშს. უბრალოდ ხვალ გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. ყველაზე მთავარი ისაა, გუნდის ატმოსფერო იმიტომ არის ასეთი კარგი, რომ ყველა ვთამაშობთ საქართველოსთვის, ამით არის ყველა ბედნიერი და ამიტომაც არის გუნდური სულისკვეთება, კარგი ატმოსფერო, ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობა. ხვალინდელი მატჩი რევანშზე უფრო ჩვენი ხალხისთვის თამაშია, რომ ისინი გავახაროთ და მგონია, რომ ხმამაღალი განცხადებები და რევანშისტული განწყობა ამ ეტაპზე მეორე პლანზეა. ახლა კონკრეტული მიზანი გვაქვს, რომელიც უნდა შევასრულოთ", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.
ბუნებრივია კვეკვემ, ვერც გაცუდებულ პენალტზე საუბარს ააცილა ამ დღეს თავი, თუმცა აღნიშნა რომ ის გუნდისთვის თამაშობს და 11-მეტრიანიც რომ მას დაერტყა გუნდის გადაწყვეტილება იყო. იმ გუნდის, რომელიც ბულგარეთში მოგებული მატჩის შემდეგ, სკოპიეში, კვლავ 29 ფეხბურთელის თანხლებით ჩავიდა და ახლა, იმ ნაკრებთან სათამაშოდ ჩავიდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და იტალია დაამარცხა.
„ვფიქრობდი, რომ ჩვენს ჯგუფში ფავორიტი იყო და ახლაც ასე ვფიქრობ. თუმცა, ერთია ლაპარაკი, გადამწყვეტი კი ისაა, რაც მოედანზე იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩრდ. მაკედონიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება, რომ ფავორიტია, შეცდომა იქნება და ჯგუფში პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ. ჩრდ. მაკედონიის ნაკრებზე სიღრმისეულად აქ ვერ ვისაუბრებ. პირველ მატჩში ბულგარეთთან მაკედონია უკეთესი იყო და გამარჯვებას იმსახურებდა, გიბრალტარში კი, ხელოვნური საფარია და იქ თამაში ადვილი არასდროსაა. მესამე და მეოთხე მატჩი ჯგუფში ალბათ, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ მაკედონიას გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ არ მინდა უფრო მეტად ფოკუსირება მეტოქეზე მოვახდინო. ჩვენ აქცენტს საკუთარ თავზე ვაკეთებთ და მოედანზე მაქსიმუმის ჩვენებას ვეცდებით", - ამბობს სანიოლი.
ამავე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიასთან მატჩამდე შეხვედრის მასპინძელ ტოდორ პროესკის სახელობის არენაზე ბოლოჯერ ივარჯიშა. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








