კორღალიძე „საბურთალოდან“ ფინანსური საკითხის გამო არ წასულა!
კორღალიძე „საბურთალოდან“ ფინანსური საკითხის გამო არ წასულა!
09.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში" ცვლილებებია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, „საბურთალომაც", მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძის გუნდიდან წასვლა დაადასტურა და ხაზი გაუსვა, რომ ეს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. კლუბს, რომელსაც ევროტურნირების წილისყრამდე, თუნდაც ერთი წამყვანი ფეხბურთელი ტოვებს, უკვე, თავსატეხის წინაშე დგება. მედიის ერთი ნაწილი კი, კორღალიძის გუნდიდან წასვლის გარდა, მთელი რიგი ფეხბურთელების გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინათ „საბურთალო" ალაპარაკდა და ყველაფერი ფინანსურ პრობლემებს დაუკავშირა.

ბუნებრივია, ჭორი ჭორად, თუმცა, TSFF.Ge-მ სიმართლის გასარკვევად თავდაპირველად ლევანთან სცადა დაკავშირება.


„ურთიერთშეთანხნების საფუძველზე დავტოვე გუნდი. მე, ჩემი მოთხოვნები მაქვს და უახლესი მომავლის გეგმა - თუ, როგორ წარმომედგინა „საბურთალოს" განვითარება. ყველა ვეცადეთ და ვერ შევძელით იმის გაკეთება, როგორც მე მესახებოდა და ამიტომ, ჯობდა წამოვსულიყავი. კი, დღეს საქართველოში ფინანსური არასტაბილურობა არის რა თქმა უნდა და ესეც, ძალიან ცუდად მოქმედებს ფეხბურთელებზე და შედეგზეც, მაგრამ როგორც დაიწერა, რომ „საბურთალოს" 5 თვეა ხელფასი არ აუღია, ეს დიდი ტყუილია. მე ამ ტყუილს ვერც ჩემს თავს ვაკადრებ და ვერც „საბურთალოს".  რაც გუნდში ვარ, 5 თვე ხელფასი ნამდვილად არ დაგვიანებულა. „საბურთალოს" მიმართ, მხოლოდ დადებითი ემოცია გამაჩნია. მე მათთან ერთად ტიტული მოვიგე და მხოლოდ, მადლობა შემიძლია გადავუხადო. მაქვს ჩემი პრინციპები და მოთხოვნები. ეს არის სიმართლე", - ამბობს ლევან კორღალიძე.


სხვათა შორის, კორღალიძე, „საბურთალოდან" წასვლას, იმავე მიზეზით - გუნდის განვითრების საკუთარი ხედვა, ზამთარშიც ფიქრობდა, თუმცა მაშინ, მწვრთნელმა დაპირება მიიღო და კლუბშიც დარჩა.


„ზამთარში დიდი დაპირებები მივიღე, მაგრამ ბოლოს რომ ვერ შესრულდა, წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე.  ვიმეორებ, რომ  კლუბი, მართლა ბევრს ეცადა, მაგრამ არ გამოვიდა. რეალურად, უკვე 10 დღეა აღარ ვარ ჩახედილი გუნდის „შიდა სამზარეულოში" კარგად და ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება ფეხბურთელებთან დაკავშირებით. წამოსვლა რომ უნდათ, მეც მოვკარი ყური, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვი", - ამბობს კორღალიძე.


ეროვნულ ლიგაში, „საბურთალო" ამ მომენტისთვის, 23 ქულით სატურნირო ცხრილში, მე-5 საფეხურზეა. გუნდიდან, რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის სურვილი ჩვენი გვერდისთვის სანაკრებო ფანჯარამდე, ბევრად ადრე იყო ცნობილი. თუმცა, გუნდებში ცვლილებები ჩვეული მოვლენაა, მითუმეტეს როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იხსნება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ფინანსური პრობლემების გამო, გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზე,  ჩვენ „საბურთალოს" მედი-ოფიცერსაც დავუკავშირდით, რომელმაც „საბურთალოდან" მთელი რიგი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. კახა მგელაძე არ გამორიცხავს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს, მითუმეტეს, ევროტურნირის წინ, გუნდში გარკვეული ცვლილებები მოხდეს, წავიდნენ ან, პირიქით, კლუბს დაემატონ ძლიერი კადრები. მანვე განგვიმარტა, რომ იყო მცირე სახელფასო  გადაცდენა, თუმცა, ის უკვე გვარდება.


შეგახსენებთ, რომ „საბურთალო" ივლისიდან, უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებაში ჩაებმება. საშინაო შეხვედრებს კი, ამ ტურნირზე, თბილისური კლუბი, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გამართავს.