ბუდუს გოლი, კვარას „შტანგა-გოლი“ და კიტეს „სამქულიანი“ - საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია
ბუდუს გოლი, კვარას „შტანგა-გოლი“ და კიტეს „სამქულიანი“ - საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია
10.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორი განსხვავებული ტაიმი, პირველი - რომელშიც მასპინძლები მთელს მოედანზე მჭიდრო პრესინგს თამაშობდნენ და ეს, მათ კარგად გამოსდიოდათ და მეორე ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები სრულად დომინირებდა. თუმცა, ამოსუნთქვისთვის, იმ სათამაშო გრაფიკის ფონზე, რომელიც უეფა-მ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებისას გუნდებს შესთავაზა, ასეთმა მიდგომამ გაამართლა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, C4 ჯგუფში, სამი შეხვედრის შემდეგ, ქულების მაქსიმუმით, 9 ქულით ლიდერობს.

ვილი სანიოლიმ, ამოსუნთვქვის საშუალება მისცა გიორგი ლორიასაც, რომელიც ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრაში სათადარიგო სკამზე იჯდა. კარს კი, სკოპიეში, გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ალბათ, აქვე უნდა ითქვას, რომ „მამარდას" დიდად გარჯა არ მოსვლია. თუმცა, ერთი ორჯერ, კარისკენ წასული ბურთი, რომელსაც დარტყმის მომენტიდანვე აკონტროლებდა, ადგილზე გაყინა. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, გიორგი წიტაიშვილია. გიბრალტართან მიღებული მცირე ტრავმის შემდეგ, წიტაიშვილი კვლავ, განაცხადში მოხვდა და ირაკლი აზაროვი ჩაანაცვლა.


რა იყო განსხვავებული წინა ორი შეხვედრისგან ამჯერად? ალბათ, კიდევ ის, რომ დასაწყისში დაახლოებით 13 წუთი ჩვენი ნაკრები ვერ დალაგდა. მატჩის დასაწყისში, ზემოთხსენებული პრესინგის ხარჯზე, გვჯობნიდა ბურთის ფლობის და კუთხურების კომპონენტში. მეტ-ნაკლებად ახერხებდა ხვიჩა კვარაცხელიას გაკონტროლებას, რომელზეც მატჩისწინ, ჩრდ. მაკედონიელები, როგორც ქართული გუნდის „ძალის წყაროს" ისე, იხსენიებდნენ. ბუნებრივია, ეს გათვლილი ჰქონდა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც და „კვარა" ფლანგებს ისე იცვლიდა, რომ არა თუ ჩრდ. მაკედონიას, მგონი, თანაგუნდელებსაც აბნევდა ხშირად. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. მასპინძელთა კარის მიმართულებით კი, პირველი ორი დარტმა სწორედ, კვარაცხელიაზე მოდის.


კიდევ, ერთი მომენტი, რაზეც დიდი ალბათობით, შესვენებაზე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი აუცილებლად გააკეთებდა აქცენტს ე.წ. ბოლო პასი იყო, რომელსაც რეალურად, კარის ჩარჩოში დარტყმა უნდა მოჰყოლოდა.


მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე სკოპიეში , ძლიერი წვიმა იყო,  გუნდებმა პირველ ტაიმში, მშრალად მოახერხეს „გამოძრომა". აი, მეორეში კი, მხოლოდ საწყისი სამი წუთი შეძლეს მასპინძლებმა თანაბარი თამაში, შემდეგ კი, სტოლე დიმიტრიევსკიმ, წინა დღით დადებული პირობის დარღვევა დაიწყო... პირველი გოლი, ჩრდ. მაკედონიელებმა 52-ე წუთზე გაუშვეს. მინდვრის ცენტრიდან დათი ხოჭოლავას დაწყებული შეტევა, გიორგი წიტაიშვილმა გააგრძელა, რომელმაც ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ბუდუ ზივზივაძე შენიშნა, ამ უკანასკნელმა კი, დიმიტრიევსკის პირობის დარღვევა აიძულა. ეს ბუდუს მეორე გოლია მეორე თამაშში.


„კვარამ, რა ქნა!!!" - ეს იყო, პირველადი რეაქცია, ხვიჩა კვარაცხელაის „შტანგა-გოლის" შემდეგ, რომელმაც 62-ე წუთიდან საქართველოს ნაკრები, უკვე ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ხვიჩამ, მესამე თამაშში ზედიზედ გაიტანა.


რას აკეთებდნენ ამ დროს მასპინძლები? ძირითადად უხეშობდნენ და მიდიოდნენ პროვოკაციებზე. თუმცა, ეს ამ გუნდების დაპირისპირებებისას უკვე ჩვეული გახდა, ამიტომ მასპინძლებს ეს გეგმაც ჩაეშალათ. საქართველოს ნაკრებმა, ბურთიც დაიჭირა და თამაშიც გააკონტროლა. ვილიმ კი, ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თუმცა, გუნდი დაცვაში სათამაშოდ არ გადაეწყო და კვლავ, მეტოქის კარისკენ იყო დაგეშილი.


ისევე, როგოც უეფა-ს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების წინა შეხვედრებში, ამჯერადაც მორიგი გოლი, შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა გაიტანა. ამჯერად, სტანდარტულის შემდეგ, ვერავინ შეაჩერა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც, 84-ე წუთზე, მესამე და ნაღდი „სამქულიანი" გაიტანა. „კიტემ" ახალი სანაკრებო ფორმით, გოლების ათვლა დაიწყო.


საქართველოს ნაკრებმა 0-3 მოიგო და 3 მატჩის შემდეგ, როგორც გითხარით ჯგუფში, ქულების მაქსიმუმით, 9 ქულით ლიდერობს. ამასთან ჩვენს გუნდს, უკვე 12 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ, 2 მიღებული საკუთარ კარში. სიმართლე გითხრათ, ამდენი გოლი, ერთად ოფიციალურ მატჩებში, როდის გვგქონდა გატანილი, პირადად მე, დაუფიქრებლად მიჭირს გავიხსენო.  მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაკრების რებრენდინგის მიხედვით, აქცენტი ინდივიდუალიზმე და გმირზე კეთდება, ახალი ფორმით, გმირი არის გუნდი - საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრიბუნიდან ქართული ფეხბურთისთვის უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანი მე-12-ე ამხნევებდა გასვლით შეხვედრებში. ეს მუხტი, კი გუნდს, უნდა თუ არ უნდა, ყოველთვის გადაეცემა.


ამ წუთებში, ტოდორ პროესკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია მიმდინარეობს. სანიოლი და გუნდი კი, თბილისში 10 ივნისს, ჩვენი დროით 17:00 საათისთვის დაბრუნდება და 12 ივნისის მატჩისთვის მოემზადება, რომელშიც „დინამო არენაზე" ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება.