ცვლილება „დინამო თბილისის“ სამწვრთნელო შტაბში
ცვლილება „დინამო თბილისის“ სამწვრთნელო შტაბში
18.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„საბურთალოს" შემდეგ, ევროტურნირების წინ, გუნდის მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმაც" შეცვალა. ამ მომენტისთვის, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ელიგის გათამაშებაში, მე-3 საფეხურზეა. მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხი კი, რომელიც საფეხბურთო კულუარებში უკვე კარგა ხანია მუსირებს, ელიგის მე-17 ტურში, წყალტუბოში, „სამგურალთან" განცდილი მარცხის შემდეგ, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. დღეს, „დინამო თბილისმა" კლუბიდან კახა ცხადაძის წასვლის შესახებ, ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნა:

„დინამო თბილისმა 18 ივნისს მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დინამო თბილისი 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.


 „კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახას და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება ვუსურვოთ",- დინამო თბილისის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.


 კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში წარადგენს. აღნიშნულ საკითხზე დინამო თბილისი დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.


მიმდინარე ეროვნული ლიგის 17 ტურის შემდეგ, დინამო თბილისი 32 ქულით მე-3 პოზიციაზეა", - ნათქვამია განცხადებაში.


„დინამო თბილისს" ელიგის მე-18 ტურის მატჩი უკვე, 20 ივნისს უწევს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ამ შეხვედრაში, „გაგრას" დინააღმდეგ, ვინ უხელმძღვანელებს გუნდს.