კახა ცხადაძე გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩაანაცვლა
კახა ცხადაძე გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩაანაცვლა
19.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის მე-18 ტურამდე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ განცხადება გაავრცელა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის.

 „დინამო თბილისს" ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, თბილისურ კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლით ვადით გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს.


 გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი" იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. „ლოკომოტივის" გარდა, ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის „საბურთალოს" და „ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.


 რაც შეეხება ტიტულებს, გიორგი ჭიაბრიშვილი „ზესტაფონთან" და „საბურთალოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 2018 და 2020 წლის სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა",  - ნათქვამია განცხადებაში.


„დინამო თბილისი" ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრას „დინამო არენაზე" ხვალ, 20 ივნისს, 20 საათზე, „გაგრას" წინააღმდეგ გამართავს.


 

 

სკ "დინამო თბილისის" ფოტო