
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფის პირველი მატჩი ბრაზილიასთან 10-14 მოიგო. ჩვენს გუნდს, ამ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშამდე, ბრაზილიის ნაკრები, ერთხელ უკვე ჰყავდა დამარცხებული. თანაც, ოთხი ბურთის სხვაობით. შესაბამისად, დღეს საღამოს, 4-ბურთიან სხვაობაშიც ბევრი არაფერი განსაკუთრებული მომხდარა.
ანგარიში ბრაზილიელებმა გახსნეს და ამ შეხვედრაში 5-ჯერ ანგარიში მიჰყავდათ კიდეც. თუმცა, მაშინ, როდესაც თამაშის ორი პერიოდი ქულა-ქულაში მიდის, დგება გარდატეხის მომენტი. ასეთი მომენტი, ბრაზილიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩში, მესამე მეოთხედის მეორე ნახევარში დადგა - როდესაც დეიან სტანოიევიჩის გუნდმა გამართულად დაიწყო თამაში შეტევაში და რაც მთავარია, დაცვაში, თუ არ ჩავთვლით ბრაზილიელთა შორეულ და ძლიერ დარტყმებს, თითქმის უშეცდომოდ ათამაშდა.
„კმაყოფილი ვარ, რადგან მოვიგეთ და ეს, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, გათამაშებაში მონაწილეობის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს. საერთო ჯამში, თამაშიი ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდი. ბრაზილიელებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგალითად - მათ დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ ღია აუზზე თამაში. ჩვენ გვქონდა სულ ორი თუ, სამი დღე ღია აუზზე სავარჯიშოდ. მატჩის ბოლოს, ჩვენი გუნდის მოთამაშეების ინდივიდუალიზმმა მოგვცა საშუალება თამაში სასურველი შედეგით დაგვესრულებინა. მეორე ნახევარში, უფრო დავრწმუნდი, რომ გამარჯვებას შევძლებდით", - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
მატჩის გმირი ბორის ვაპენსკი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან, ვაპენსკის მსგავსად პოკერი (ოთხი გოლი ერთ მატჩში) იოან სარიჩმაც შეასრულა, ვაპენსკის გააზრებული თამაში დაცვაში და ოთხი გოლი ყველაზე კრიტიკულ მომენტში, საქართველოს ნაკრების თამაშში გარდამტეხი აღმოჩნდა. სხვათა შორის, სწორედ ვაპენსკის ანგარიშზეა პირველი გოლი, საქართველოს ნაკრების სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე.
ანგარიში, როგორც აღვნიშნეთ, ბრაზილიელებმა გახსნეს და ჩვენს გუნდს, ქულა-ქულაში მოუხდა თამაში. სტანოიევიჩის გუნდს, შეხვედრის პირველ 2 პერიოდიში, შედარებით ცუდად გამოსდიოდა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება და თავად, მსგავს მდგომარეობაში მყოფი, განსაკუთრებით შორი მანძილიდან მარტივად უშვებდა გოლებს. შესაბამისად, პირველი და მეორე პერიოდები ფრედ 2-2, 3-3 დასრულდა. შეხვედრის მესამე პერიოდში, სტანოიევიჩის გუნდმა თამაში „დაალაგა".
„გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე, ჩვენი სასტარტო შეხვედრა იყო და გამოცდილება არ გვგქონდა, ცოტა გაგვიჭირდა. თამაში, მართლა რთული იყო, მაგრამ მოვახერხეთ გამკლავება", - ამბობს ხვიჩა ჯახაია, საქართველოს ნაკრების მოთამაშე.
შეხვედრის მესამე პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც წყვილის უდავო ფავორიტად ითვლებოდა მოახერხა მობილიზება. მარკო ელაჩას გოლით კი, ჩვენმა გუნდმა, ამ შეხვედრაში, პირველად მოახერხა ანგარიშში დაწინაურება. შეხვედრის ამავე ნაწილში, სტანოიევიჩის გუნდმა, 3 ბურთით „გაქცევაც" მოახერხა და პერიოდი, 3-6 მოიგო. შესაბამისად, შეხვედრაში ანგარიში 8-11 წაიყვანა. შეხვედრის დარჩენილ დროში, საქართველოს ნაკრები უკვე ახერხებს 4 ბურთით დაწინაურებას და ამ უპირატესობას, შეხვედრის ბოლომდე ინარჩუნებს. მეოთხე პერიოდის დასაწყისშივე, კარის მარჯვენა ძელთან სანდრო ადეიშვილზე გაკეთდა ეფექტური გადაცემა, რასაც გოლი მოჰყვა და შემდეგ, უკვე სარიჩის ორმა გოლმა ბრაზილიელებს ამ შეხვედრის გადარჩენის შანსები აღარ დაუტოვა.
დეიან სტანოიევიჩმა, ამ შეხვედრაში, ორივე მეკარეს მისცა თამაშის საშუალება, რომლებზე საერთო ჯამში 12 „სეივი" მოდის. მისმა მოთამაშეებმა, 34 მცდელობიდან 14 გოლი გაიტანეს, ამავე სტატისიკაში, ბრაზილიელთა მეკარის 11 „სეივიც" არ უნდა დავივიწყოთ.
საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე), ადეიშვილი (1), დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (1), იელაჩა (2), ჯახაია, სარიჩი (4), იმნაიშვილი, ვაპენსკი (4), ბარალდი, ვასიჩი.
„დიდი პატივია ითამაშო მსოფლიოს საუკეთესო საცურაო ფორუმზე მონტენეგროს და განსაკუთრებით უნგრეთის წინააღმდეგ. გვინდა მომდევნო ორი გადამწყვეტი თამაშისთვის", - ამბობს სტანოიევიჩი.

მომდევნო ორ შეხვედრას კი, ჩვენი გუნდი 23 და 25 ივნისს გამართავს. ჯგუფში სამ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შემთხვევაში, კი, მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას გაინაღდებს. ამ მომენტისთვის გოლების უკეთესი შეფარდებით, საქართველო ჯგუფის სათავეშია. მომდევნო ადგილზეა უნგრეთის ნაკრები, რომელმაც სასტარტო შეხვედრაში, მონტენეგროს, 8-12 მოუგო.
23 ივნისი / 21:20 / საქართველო-მონტენეგრო
25 ივნისი / 23:00 / უნგრეთი-საქართველო
ფოტო: @fina.org





ჩვენ








