
20 და 21 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩები გაიმართა. ბათუმის „დინამო" სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს. „დინამო თბილისმა" კი, გორის „დილას" დახმარებით, „სამგურალს" კვლავ გადაუცვალა ადგილი. თუმცა, ამ ტურში, გამარჯვებისა და სატურნირო ცხრილში, ერთნაირი 33 ქულის მიუხედავად, გორელებმა, წყალტუბოელებს ვერ გადაასწრეს. ეროვნული ლიგის 18 ტურის შემდეგ, წყალტუბოს „სამგურალი" ჯიუტად, ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდების, იდილიის დარღვევას ახერხებს და სწორედ, ამ გუნდებთან, „ბოლომდე" თამაშობს.
„დილა" - „სამგურალი" 1-0
თუმცა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩასულ წყალტუბოელებს, როგორც ჩანს, არ ეყოთ „დინამო თბილისთან" გამართული მატჩის შემდეგ ძალა და „დილასთან" შეხვედრა დათმეს. ამასთან, წყალტუბოელებმა 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს. „სამგურალის" შეჩერება თორნიკე კაპანაძემ, 37-ე წუთზე მოახერხა.
ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი კაპანაძემ, ვაგნერ გონსალვესის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა - „ელვამ" ელვისებური შეხებით ბურთი იმერული კლუბის კარში გადაგზავნა. უკვე, მე-5 ტურია, ანდრი დემჩენკოს გუნდი არ აგებს, რაც ევროტურნურების წინ, „დილაში", მეტ-ნაკლებ სტაბილურობაზე მეტყველებს.
„დინამო თბილისი" - „გაგრა" 5-0
წყალტუბოში განცდილი მარცხისა და გუნდის სამწვრთნელო შტაბში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, თბილისში, „ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე" გამართულ მე-18 ტურის შეხვედრაში „დინამო თბილისსა" და „გაგრას" შორის, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს, სიმსუბუქე აშკარად ემჩნეოდა.
პირველი ტაიმი დინამოელებმა, უსმანე კამარას ულამაზესი თავური გოლით მოიგეს. შექმნეს კიდევ რამდენიმე მომენტი, თუმცა, მომდევნო გოლი მხოლოდ, მეორე ტაიმში, 11-მეტრიანით გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა. პენალტი კი, უსმანე კამარასთან უხეში თამაშისთვის დაინიშნა. უსმანე კამარა ფიგურირებდა მესამე გოლის ეპიზოდში, რომელიც ამჯერად ოსეი ბარნსმა გაიტანა. მომდევნო ორ გოლში კი, უკვე დავით სხირტლაძის სახელი ფიგურირებს. პირველში, რომელიც დინამოელთათვის ამ დღეს მეოთხე გოლი იყო, სხირტლაძემ ორი შეხებით ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ანრი მექვაბიშვილი მონახა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ბოლო გოლი კი, თავად დავით სხირტლაძემ გაიტანა და ის, „დინამოს თბილისის" სამედიცინო სტაფს მიუძღვნა, რომელიც ფეხბურთელს ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარა. გოდფრი სტეფენის ფლანგიდან ჩაწოდებული, ალბათ დიდი ალბათობით, გიორგი გაბედავასთვის იყო გათვლილი და „გაგრას" მცველებსაც, დინამოელთან 9 ნომერზე ჰქონდა აქცენტი. თუმცა, გაბედავამდე სტუმართა კარში, სწორედ, სხირტლაძემ ჩაჭრა.
დინამოელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის სტარტი ფეხბედნიერიც აღმოჩნდა და უხვგოლიანიც. თუმცა, მის გუნდს ევროტურნირებამდე მთავარი გამოცდა, ელიგის უახლოეს ორ თამაშში ელის - 25 ივნისს, თბილისში, ქუთაისის „ტოროედოსთან" და 29-ში ბათუმში, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან.
„სიონი"- „ლოკომოტივი" 5-1
ხუთი გოლი გაიტანა ბოლნისის „სიონმაც", სახლში, თამაზ სტეფანიაზე. „ლოკომ", რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი შეხვედრა მხოლოდ, წინა ტურში მოიგო, მინდორზე შემართებით გამოვიდა. თუმცა, ამ დღეს, იღბალი, მათ მხარეს აშკარად არ იყო. მე-16 წუთზე, თბილისელებმა საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრეს. კიდევ 3 წუთში კი, უკვე „სიონმა" მოახერხა თბილისელთა კარის აღება და ორბურთანი სხვაობით დაწინაურდა. დიდი ალბათობით, „ლოკომოტივისთვის" ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე გოლიდან მალევე „ლოკომ", კერძოდ კი, გიორგი ომარაშვილმა ერთი ბურთის შემცირება მოახერხა და შეხვედრის ამ მონაკვეშიც, შესძლო კარის შენახვა (პირველი ტაიმი 2-1 დასრულდა), მეტი ძალა თბილისურ კლუბს აღარ ეყო და მეორე ტაიმში, სამი გოლი გაუშვა. გოლები, 53-ე წუთზე ლუკა, 55-ზე ნიკა ხორხელებმა გაიტანეს. 81-ზე კი, ნიკა ღამბარაშვილმა მეხუთედ აიღო „ლოკომოტივის" კარი.
„საბურთალო" - „თელავი" 1-0
გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე უმასპინძლა თბილისის „საბურთალომ" „თელავს". როგორც იცით, თბილისურ კლუბს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, „საბურთალოს" უეფა-ს ევროპის კონფერენსლიგის თამაში სწორედ, ზემოთხსენებულ, თენგიზ ბურჯანაძეზე მოუწევს. შესაბამისად, ეროვნული ლიგის თამაშებსაც, გუნდი, ამ ეტაპზე, გორში ჩაატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ გორში, თითქმის მთელი თამაშის მანძილზე კოკისპირულად წვიმდა, ორივე გუნდმა თითქმის 66 წუთი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. აღნიშნულ ტურამდე, თუმცა, ამ ტურის შემდეგაც გუნდები, სატურნირო ცხრილში მეზობლად იყვნენ. „საბურთალო" ევროტურნირების წინ, ახალი რეალობიდან გამომდინარე, რაც გუნდიდან მთავარი მწვრთნელისა და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლამ გამოიწვია, ცდილობს თავი იპოვოს. ზედიზედ 3 წაგებული თამაშის შემდეგ, კი, თბილისელებმა, 67-ე წუთზე ხორვატი ბენედიკ მიოჩის გოლით დაწინაურდნენ და მიუხედავად იმისა, რომ „თელავი" ბევრს ეცადა ქულა გადაერჩინა, თბილისურმა კლუბმა, მოახერხა მნიშვნელოვანი 3 ქულის აღება.
„დინამო" ბთ - „ტორპედო" 4-0
ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ", საკუთარ კედლებში, „ტორპედოს" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კახა ჩხეტიანის გუნდი, თავიდან შეეცადა ბურთი დაეჭირა და აქტიური ყოფილიყო, ბოლო მომენტში, ქუთაისელებს იღბალი არ სწყალობდათ. მაგალითად, არ გაუმართლა აკაკი შულაიას. მთლიან შეხვედრაში, რამდენჯერმე ვერ გამოიყენა საგოლე მომენტი გიორგი კუხიანიძემ.
სამაგიეროდ, ბოლო ფაზაში, ყველაფერს სწორად აკეთებდა გია გეგუჩაძის გუნდი. 39-ე წუთზეც, ჯოვინო ფლამარიონის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის დანიშნული სტანდარტული, საკმაოდ შორი მანძილიდან და უძლიერესი დარტყმით ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში, მორიგი სტანდარტული, მხოლოდ ამჯერად 11-მეტრიანი, კვლავ ჯოვინომ გამოიმუშავა. გოლი კი, ისევ მამუჩაშვილმა გაიტანა. პენალტი გაიტანეს მასპინძლებმა 77-ე წუთზეც. საჯარიმოში, კვლავ ჯოვინო წააქციეს და ბრაზილიელმა, ამჯერად თავად გაიტანა. ტორპედოელებმა კი, დარჩენილი დრო კაცნაკლული შემადგენლობით ითამაშეს. ამ შეხვედრაში ბოლო გოლი, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების მონაწილეობით გავიდა - გიორგი ზარიამ, საკუთარ ნახევარზე, ტორპედოელთა შეცდომის შემდეგ ბურთი მიიღო და თორნიკე გაფრინდაშვილს გადააწოდა, რომელმაც საკმაოდ დიდი მანძილი დაფარა და შორიდან, როინ კვასხვაძის კარისკენ დაარტყა ისე, რომ ამ უკანასკნელს, რექციისთვისაც კი, დრო არ დაუტოვა.
აღსანიშნავია, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ, ბათუმის „დინამო" ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ცდილობს თამაშები ააწყოს. „კვარა" იტალიური მედიის ცნობით, უკვე 1 ივლისიდან, ახალ კლუბს შეუერთდება.
ელიგის მომდევნო ტური კი, 24 და 25 ივნისს გაიმართება (კალენდარი)
გათამაშების ცხრილი
სკ ბათუმის „დინამოს" ფოტო





ჩვენ








