„ლანჩხუთი“ 18 აგვისტოს უკრაინულ „ჟილსტროის“ დაუპირისპირდება
„ლანჩხუთი“ 18 აგვისტოს უკრაინულ „ჟილსტროის“ დაუპირისპირდება
24.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჩემპიონი, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონში ასპარეზობას უკრაინულ კლუბთან, ხარკოვის „ჟილსტროისთან" დაპირისპირებით დაიწყებს. ამ გუნდში წლების წინ საქართველოს 2021 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ნინო სუთიძე თამაშობდა.

„როდესაც მე ვიყავი „ჟილსტროიში", საკმაოდ კარგ გუნდი იყო. კლუბის ისტორიას თუ გადავხედავთ, საკმაოდ წარმატებულად გამოდიოდა, ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზეც,  სადაც  32 საუკეთესო გუნდს შორის იასპარეზა კიდეც. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, რა მდგომარეობაა კლუბში არ ვიცი", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში ნინო სუთიძე.


უკრაინული კლუბი, უეფა-ს ევროტურნირზე 2017 წლიდან ასპარეზობს. წინა სეზონში ის, გათამაშებას,  ყაზახურმა „ბიიკ ყაზიგიურტმა" გამოთიშა. სწორედ, ყაზახური გუნდი იქნება „ჟილსტროისა" და „ლანჩხუთს" შორის გამარჯვებულის მეტოქე, რა თქმა უნდა, თუკი, გულნარა (კესო) გაბელიას „ბიიკი" ხორვატული „სპლიტის" დამარცხებას მოახერხებს. თუმცა, ჯგუფში, მესამე ადგილიც გათამაშდება.


გიორგი ჩხაიძის გუნდი, დღეს უეფა-ში ჩატარებული წილისყრის შემდეგ, მესამე ჯგუფში მოხვდა. გათამაშება ე.წ. მინი-ტურნირების სახით ტარდება და გამარჯვებულები ერთრაუნდიან დაპირისპირებაში 11 ჯგუფში გამოვლინდებიან. დებულების თანახმად, გათამაშების ამ ეტაპზე, გუნდები პირველ, 1/2 ფინალურ შეხვედრებს 18 აგვისტოს გამართავენ, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები კი, 21 აგვისტოს გაიმართება.  თუ სად გაიმართება ჯგუფური ეტაპის თამაშები, ეს, ჯგუფში მოხვედრილი გუნდების მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა. ასევე დებულების თანახმად, ნომინალურ მასპინძლებად, ჯგუფურ ეტაპზე, მაღალი რეიტინგის მქონდე  გუნდები განისაზღვრნენ.


გათამაშების მეორე ეტაპზე, რომლის წილისყრაც 1 სექტემბერს არის ჩანიშნული, „ჩემპიონთა გზის" 11 გამარჯვებული და ოთხიც „ლიგების გზის" საუკეთესო გუნდი გავა. გათამაშების ამ ეტაპზე 24 გუნდი გამოავლენს 12 საუკეთესო ქალთა კლუბს, რომლებსაც უკვე ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაოზე მოუწევთ ასპარეზობა და სადაც მათ, „ლიონი", „ბარსელონა", „ჩელსი" და „ვოლსბურგი" მოელიან.