რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე, შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩისთვის...
რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე, შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩისთვის...
26.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო, ჯგუფურ შეხვედრას გამართავს. გიორგი ჩხაიძის გუნდი, 20:00 საათზე თენგიზ ბურჯანაძეზე, ირლანდიის  ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის რეპორტაჟი სფფ-ს იუთუბ-არხით იქნება ტრანსლირებული.

აღნიშნული შესარჩევი ჯგუფური ეტაპი, ქართული გუნდისთვის, სწორედ ირლანდიელებთან მატჩით უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კოვიდ პანდემიის საბაბით, ირლანდიელებმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ გაბედეს. შესაბამისა, ახლა სწორედ, ის გადადებული მატჩი გაიმართება.


ირლანდიელებთან თამაშამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის შესარჩევი ზონის A ჯგუფში, 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. ირლანდიელები კი, 8 ქულით, მესამე ადგილზე არიან.  სწორედ, ირლანდიის ნაკრები აღმოჩნდა ის გუნდი, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, შვედეთის ნაკრების მსგავსად, დიდი ანგარიშით მოუგო. ასე, რომ ხვალ, ქართველთა გუნდს, მცირე-რევანში ჰმართებთ.


„შემადგენლობასთან დაკავშირებით ცვლილებებია. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო დაგვაკლდება. ამის მიუხედავად, ძალიან რთული თამაში იქნება. ირლანდია ერთ-ერთი წამყვანი ნაკრებია ჩვენ ჯგუფში და ძალიან შემტევ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იქნება სუფთად ვითამაშოთ დაცვაში და ამ წნეხს გავუძლოთ. პირველ თამაშში დავმარცხდით, ანგარიში ყველას მოეხსენება და ვეცდებით, რომ ეს აღარ განმეორდეს და პოზიტივი, კარგი მხარე დავანახოთ გულშემატკივარს", - ამბობს თამარ ქველიძე, ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი.


დასანანია, რომ ირლანდიელებთან მატჩში, საქართველოს ქალთა ეროვნულს, თამარ ტატუაშვილი, თეონა თოდაძე, ტატა მატვეევა და ნინო სუთიძე ვერ დაეხმარებიან. დიდი ალბათობით, გუნდის განაცხადში იქნება ირინა ხაბურზანია, რომელმაც ტრავმის შემდეგ, ქალთა ლიგაში პირველი შეხვედრა, 18 ივნისს, „გორი იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარა და მინდორზე 28 წუთი დაჰყო.





ირლანდიასთან მატჩისთვის ვემზადებით. მოგეხსენებათ, საკმაოდ კარგი გუნდია, დაკომპლექტებულია ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებით. მათი კოზირი საჰაერო ორთაბრძოლებია. ეს ყველაფერი პირველ თამაშში კარგად გამოჩნდა. რაც შეეხება შეხვედრას, საკმაოდ რთული თამაში იქნება. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ვეცდებით, რომ ღირსეულად გავიდეთ და ღირსებულად ვითამაშოთ", -  აბობს გიორგი ჩხაიძე.


ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩისთვის მზადება 20 ივნისიდან დაიწყო. გიორგი ჩხაიძეს, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, 23 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული:


მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო)


დაცვა: ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ია ალელიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ჯოჯუა (დინამო, სოხუმი, საქართველო), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), თაკო ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია) ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, საქართველო)


ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ დანელია (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ნათია დანელია (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი, საქართველო), მეგი გოცირიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ჩემინავა (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ანა მინაძე (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო).





სფფ-ს ფოტოები