საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფში ხორვატიას შეხვდება
საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფში ხორვატიას შეხვდება
26.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


გამომდინარე იქიდან, რომ უნგრეთის ნაკრები, წყალბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ის ითვლება გუნდად, რომელსაც წესით, ფინალამდე გზად პრობლემა არ უნდა შეექმნას. თუმცა, საქართველოს ნაკრებთან ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ, უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელმაც უძლიერეს უნგრეთთან მხოლოდ, 4 ბურთის სხვაობით, 18-14 წააგო, მომდევნო თამაშებში ყველა მეტოქე უნდა ერიდოს.


„დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშს საჩვენოდ, უფრო ადრე შემოვატრიალებდით, მაგრამ საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად თამაშობდა. მაშინაც კი, როდესაც მატჩის ბოლოს დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ. მათ თამაშში დავინახე წყალბურთის „მაღალი კულტურა". ჩვენ არ გვგქონია პრობლემა შეტევაში. ბურთებიც საკმარისი გავიტანეთ. აი, დაცვაში კი ბევრი გარღვევა გვგქონდა. არ დამაკმაყოფილა დაცვისას მოთამაშეთა მიერ შერჩეულმა სწორმა პოზიციებმა და ბლოკებმა", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ, უნგრელთა მთავარი მწვრთნელი თამაშ მარჩი.


ახლა, ფლეი-ოფში საქართველოს ნაკრები, თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის დაუპირისპიედება. ჯგუფის ბოლო შეხვედრა კი, 6000 უნგრელი გულშემატკივრის თანდასწრებით, საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. ამასთან, ანგარიში ბორის ვაპენსკიმ გახსნა, რომელმაც, საბოლოოდ, ნიკა შუშიაშვილის მსგავსად, უნგრელთა კარი სამჯერ აიღო. თუმცა, საქართველოს ნაკრებიდან ამ შეხვედრაში საუკეთესო ირაკლი რაზმაძე იყო. ქართველთა კარის მცველმა 11 „სეივი" მიითვალა.  საერთო ჯამში, ამ შეხვედრის შეჯამებისას შეიძლება ითქვას, რომ გმირი იყო ორივე გუნდი, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს - ამასთან, საქართველოს ნაკრებმა, ერთი პერიოდის ფრედ თამაში, ხოლო ერთი მოგება მოახერხა.


„კარგი მატჩი ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან დავუშვით რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ჩვენ უნგრეთის ნაკრებს ვეთამაშებოდით. მოწინააღმდეგე, ინდივიდიალურ კომპონენტებში ბევრად უკეთესი იყო, ასევე მსგავს ტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილება და ცოდნაც უკეთესი ჰქონდათ. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთედ. ცუდს, ჩემს გუნდზე ვერაფერს ვიტყვი", - ამბობს დეიან სტანოიევჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


მატჩში (ანგარიში პერიოდების მიხედვით 3-3, 7-3, 4-5, 4-3), რამდენიმე საკვანძო მომენტი იყო. მეორე მეოთხედში, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (5-5). შემდეგ, როდესაც უნგერთი დაწინაურდა. თუმცა, არც საქართველოს ნაკრებმა დააყოვნა და დიდ შესვენებაზე, ჩემპიონატის მასპინძლები, მხოლოდ ერთი ბურთით იყვნენ წინ, 10-6. მესამე პერიოდში, დეიან სტანოიევიჩის გუნდმა, უნგრელები ცოტათი აანერვიულა, რამეთუ პერიოდი ერთი ბურთს სხვაობით მოიგო 4-5, თუმცა, ბბოლო, გადამწყვეტი მეოთხედის წინ, საერთო ანგარიში, 14-11 იყო, რაც უნგრელებს ცოტა სუნთქვის საშუალებას აძლევდა.


„ჩვენთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს ჩვენი გუნდის მოთამაშეთა 99%-ისთვის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატია. დღევანდელი თამაშის გამო, ჩემი თანაგუნდელებით ამაყი ვარ. ჩვენ შეგვიძლია თამაში და ყველა გუნდის წინააღმდეგ, გვაქვს შანსი", - ამბობს რევაზ იმნაიშვილი, ქართველთაგან ერთ-ერთი გოლის ავტორი.


საერთო ჯამში ამ შეხვედრაში 32 გოლი გავიდა. ძირითადად სწრაფი შეტევის ხარჯზე. უნგრეთის ნაკრებმა ამ შეხვედრაში ზედმეტი მოთამაშის პირობებში, 16 შესაძლებლობიდან 9 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებმა კი, 14 შესაძლებლობიდან, რიცხვობრივი უპირატესობა მხოლოდ 6-ჯერ გამოიყენა. თუკი, ფურცელზე, საქართველო აუტსაიდერად ითვლებოდა, თამაშმა საპირისპირო დაამტკიცა.



ფოტო: @fina.org