
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩის გასამართად ხვალ დილით, ლატვიაში მიემგზავრება. ილიას ზუროსის გუნდი ამჯერად უკრაინის ნაკრებს, დაუპირისპირდება. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შეხვედრა, 1 ივლისს რიგაში გაიმართება. ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ბოლოს წინა შეხვედრა, რომლის შემდეგაც ჩვენი გუნდი, უკვე 4 ივლისს, თბილისში, ევროპის ერთ-ერთ გრანდს ესპანეთის ნაკრებს, ახალ სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.
ივლისის სანაკრებო ფანჯრის ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრებმა შეკრება 17 ივნისიდან დაიწყო და თავდაპირველად, ზუროსის განკარგულებაში, 22 კალათბურთელი იყო, თუმცა, რიგაში გაფრენამდე ნაკრების ბოლო, თბილისური ვარჯიშზე, რომლის დასკვნით ნაწილსაც ჟურნალისტებთან ერთად ზაზა ფაჩულიაც დაესწრო, 14-მა კალათბურთელმა ივარჯიშა.

„ახლახანს დავამთავრეთ, შეკრება თბილისში. ახლა, რიგაში გავემგზვარებით. უკრაინა საკმაოდ რთული ოპონენტია. ჩვენ, შევიმუშავეთ გარკვეული ტაქტიკური მონახაზი თუ როგორ უნდა ვეთამაშოთ. ეს არის გუნდი, რომელსაც ჰყავს NBA-ს მოთამაშეები. ჩვენ გვგქონდა გარკვეული დრო, გუნდის შესათამაშებლად. თუმცა, პირველი დღიდან არ გვყავდა ყველა მოთამაშე. სრული შემადგენლობით მაინც მოვახერხეთ ვარჯიში. ჩვენ გავალთ საბრძოლველად, შევეცდებით კარგად ვითამაშოთ დაცვაში, ვიყოთ კონკურენტუნარიანი. შევეცადოთ მოვიგოთ თამაში", - ამბობს ილიას ზუროსი, უკრაინაში გამგზარებამდე, ბოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ.
ზუროსის გუნდს, ყველაზე ბოლოს, თად მაკფადენი და თორნიკე შენგელია შეუერთდნენ. რამდენიმე დღეა, სრული დატვირთვით დაიწყო ვარჯიში გოგა ბითაძემაც. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც მწვრთნელების მონახაზშია, მაგრამ ნაკრებს მომავალ 2 მატჩში ვერ დაეხმარება, სანდრო მამუკელაშვილია. მას, კლუბ „მილუოკი ბაქსთან" NBA-ს საზაფხულო ლიგაში თამაშის ვალდებულება აქვს.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს. შეგვიძლია, პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში მოვხვდეთ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. გავდივართ მოსაგებად და ამის გასაკეთებლად, დიდი შანსი გვაქვს. ნაკრებთან რამდენიმე თამაში გამიცდა, თუმცა, მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა ნაკრებში დაბრუნება გამიადვილეს. თავს, როგორც სახლში ისე ვგრძნობ. ასე ბედნიერი, დიდი ხანია არ ვყოფილვარ - ვარჯიშებზე, სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა, კარგია, მომენატრა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს გვიან შევუერთდი, ვუყურებდი ვარჯიშებს. ვიცი კომბინაციები, ტაქტიკურად მზად ვარ. ფიზიკურადაც ინდივიდუალურად ვემზადებოდი. კარგი იქნებოდა, რომ მთელი ეს შეკრება ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახლა შევუერთდი გუნდს და ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ", - ამბობს გოგა ბითაძე.
რას ან ვის უნდა უფრთხილდნენ უკრაინასთან მატჩში ქართველი კალათბურთელები. ალბათ, პირველ რიგში, NBA-ელ სვიატოსლავ მიხაილუკს, რომელიც გუნდს ამ სანაკრებო ფანჯრისთვის დაემატა. ზუროსის ბიჭები სწორედ, მის „შეზღუდვას" შეეცდებიან. თუმცა, ალბათ ისევე, როგორც გააკონტროლებენ პერიმეტრს, საიდანაც უკრაინელებს მისდით თამაში. ამის საპირისპიროდ კი, ჩვენები, 3-წამიანში, უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენებას სცდიან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი თეორიის ნაწილი და საწვრთნელი პროცესში ტაქტიკური მონახაზია, თუმცა, თამაშის დროს, ამ ყველაფერს შესრულება უნდა.
„მომზადების პერიოდმა კარგად ჩაიარა. ამ წელს, ყველაზე დიდი დრო მოგვიწია ერთად შევკრებილიყავით. ჩამოვიდნენ ბიჭებიც, რომლებიც აშშ-ში თამაშობენ. გვგქონდა, დრო შევთამაშებულიყავით. ვფიქრობ, ეს,არ გაგვჭირვებია, რადგან დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ, ამასთან გამოცდილი მოთამაშეები არიან. მნიშვნელოვანი თამაში გველის უკრაინასთან. შეიძლება ვთქვათ, ეს თამაში, ამ ჯგუფის ფინალია. ვინც გაიმარჯვებს, დიდი უპირატესობა ექნება შემდეგ ეტაპზე. ამიტომ ძალიან სერიოზულობით ვუდგებით ყველა თამაშს და განსაკუთრებით, შეხვედრას გასვლაზე, უკრაინასთან", - ამბობს დუდა სანაძე.
როგორც უკვე გითხარით, გუნდს, ერთ-ერთი ბოლო თორნიკე შენგელია შეუერთდა. საკმაოდ დატვირთული სეზონის შემდეგ, თოკომ, საქართველოში ჩამოსვლამდე, მხოლოდ, ოთხი დღე დაისვენა. თუმცა, ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბისა და მწვრთნელების დახმარებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, სრულ მზადყოფნაში და საბრძოლო განწყობაზეა.

„დაღლის დრო არ არის. ორი თამაში გვაქვს, შედეგიც გვინდა 100%-იანი გვგქონდეს. ადამიანები ვართ და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ემოციურად ჩვენზეც მოქმედებს, მაგრამ სპორტსმენები ვართ და შევეცდებით, ჩვენს ქვეყანას წავადგეთ. ჩვენი ქვეყანა, ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან პირველი მატჩი წააგეს, რევანშის აღებას შეეცდებიან, ამიტომ ძალიან საინტერესო თამაში გველოდება. რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას დაიმატეს NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები. ჰყავთ კარგი მწვრთნელი, ლატვიელი და ვინაიდან, თამაშიც ლატვიაშია, იქ, უკრაინის საქომაგოდ, ბევრი ადამიანი მოვა", - ამბობს თორნიკე შენგელია.
თორნიკე შენგელია თვლის, რომ ყველა თამაში საქართველოს მაისურით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში. კაპიტნის ეს განწყობა, წესით გუნდზე უნდა აისახოს, სადაც სამუშაო, თუმცა, მშვიდი და საბრძოლო განწყობაა. ყოველ შემთხვევაში, ნაკრების ბოლო ვარჯიშზე დაკვირვებისას ეს დასკვნა გამოვიტანე.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა გუნდს, თავდაპირველად, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ უწევთ თამაში, რიგაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშის შემდეგ, კითხვების ნაწილი მხოლოდ უკრაინასთან დაპირისპირებას არ ეხებოდა. მაგალითად, მომავალ შეხვედრას ესპანეთის ნაკრებთან, რომელიც სხვათა შორის ევრობასკეტზე, ჩვენს ჯგუფშია და აგვისტოს ბოლოს, კვლავ მოუწევს თბილისში ჩამოსვლა, თანაც, როგორც ქართული მედიის ნაწილი ამბობს, „არც თუ ძლიერი შემადგენლობით". თუმცა, ამ „არც თუ ძლიერმა" შემადგენლობამ, მსოფლიოს მიმდინარე საკვალიფიკაციოს პირველ დაპირისპირებაში, კარგი დღე არ გვაყარა. „არც თუ ისე ძლიერმა შემადგენლობამ, გახსოვთ, ძალიან დიდი ანგარიშით მოგვიგო. არ აქვს მნიშვნელობა ესპანეთს რა შემადგენლობა ჰყავს. ისეთი მაღალი დონის შიდა ჩემპიონატი აქვს, ყველა მოთამაშე მაღალი დონის არის. ცოტა სიმწარეც გვახსოვს წინა თამაშიდან. ამიტომ, უნდა გავიდეთ და ეს მოტივაციისთვის გამოვიყენოთ", - ამბობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი. თუმცა, ესპანეთთან დაპირისპირებამდე, მისიც და მთელი გუნდის ყურადღებაც უკრაინასთან შეხვედრაზე არის გადატანილი. აი შემდეგ კი, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ესპანეთთან დაპირისპირებაში, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, ქომაგების მხარდაჭერა ექნებათ. თავის მხრივ, კალათბურთელები პირობას დებენ, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის, ისინი 100 %-ით დაიხარჯებიან.
სკეფ-ის ფოტოები





ჩვენ








