
ევროპის ძიუდოს კავშირი თავის სოციალურ ქსელში ქართულად წერს - „საქართველოს გაუმარჯოს" და ამით, ქართველი კადეტების წარმატებას აღნიშნავს.
დღეს, საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრები ხორვატიაში დასრულებულ ჭაბუკთა ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლები მოიგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრეთის ნაკრები 4-1 დაამარცხეს.
ჩვენმა კადეტთა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ნიდერლანდების გუნდს, 4-3 სძლია. ამის შემდეგ ავსტრიის ნაკრები, 4-2 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ჩემპიონატის მომავალ გამარჯვებულთან, უკრაინის ნაკრებთან დამარცხდა.
შერეულ გუნდურ ჩემპიონატში თითოეულ ნაკრებში შეხვედრაში 3 ვაჟი და 3 გოგონა ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა ერთი შემადგენლობით ჩაატარა. გოგონებში ნაკრების ღირსებას იცავდნენ თამარ გიგოლაევი, ნინო დარჩია და ლიზი ქვარცხავა, ვაჟებში კი - დავით კევლიშვილი, საბა გველესიანი და ნიკოლოზ ზაალიშვილი. აღსანიშნავია, რომ თამარ გიგოლაევმა ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო, ხოლო ლიზი ქვარცხავას გამარჯვება გადამწყვეტი გახდა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში.

აქვე გეტყვით, რომ ხორვატიის ქალაქ პორეცში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ საბა სამადაშვილი (-66კგ) და გიორგი მიშველიძე (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალს დავით ლომიტაშვილი (-55კგ) დაეუფლა.





ჩვენ








