საქართველოს ნაკრები მეორე დღეა რიგაში, უკრაინასთან სათამაშოდ ემზადება
საქართველოს ნაკრები მეორე დღეა რიგაში, უკრაინასთან სათამაშოდ ემზადება
30.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქარათველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მეორე დღეა ლატვიაშია და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის მორიგი კალენდარული თამაშისთვის ემზადება. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ჩვენი მოწინააღმდეგე, უკრაინია ნაკრები სწორედ, რიგაში მასპინძლობს საშინაო შეხვედრებს.


ილიას ზუროსის გუნდი, ბალტიისპირეთში 13 კალათბურთელის შემადგენლობით, სტამბოლის გავლით ჩაფრინდა და გრძელი და დამღლელი გზის მიუხედავად, „რიგა არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა. ამ დღეს, შედარებით მეტი საქმე,  ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილსა და ექიმებს - თემურ ხვედელიძესა და ზურა სულეიმანაშვილს მოუწიათ, რომლებსაც,   მგზავრობით გადაღლილ კალათბურთელებს, ძალების აღდგენაში დაეხმარნენ.




გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, 30 ივნისს, ამავე არენაზე, ლატვიამ, სერბეთს უმასპუნძლა, ზურუსის გუნდმა, RIMI ოლიმპიურ ცენტრში გადაინაცვლა. ვარჯიშმა დაახლოებით საათნახევარი გასტანა. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად არის გიორგი ცინცაძე, რომელმაც მძიმე ტრავმა გადაიტანა და მთელი სეზონი გაუცდა. ის, ფორმას სწრაფი ტემპებით უბრუნდება.


აქვე გეტყვით, რომ ხვალ, მატჩამდე, საქართველოს ნაკრები "რიგა არენაზე" კიდევ ერთხელ ივარჯიშებს. ზუროსის გუნდი, დილას მოკლე ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო საღამოს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 20:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.



და ბოლოს, რიგაში გამგზავრებამდე, საქართველოს ნაკრების კალათბურთელები საუბრობდნენ, უკრაინელთა ლატვიელ მწვრთნელსა და აქედან გამომდინარე, რიგაში მობილიზებულ, უკრაინელ ქომაგზე. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინისა და საქართველოს ნაკრების თამაშს, ქართველი ქომაგებიც დაესწრებიან. მათ შორის ისინიც, რომლებიც, რიგის აეროპორტში ქართული დროშებით შეიარაღებულნი დახვდნენ ჩვენს გუნდს.






ფოტო: @სკეფ