
მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 წლების ევროტურნირებზე ქართული კლუბებიდან პირველი გოლი „დინამო თბილისის" ანგარიშზეა და ერთი კი არა, ორი, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, უეფა-ს კონფერენს ლიგის გახსნითი თამაში, სალხში, ესტონეთის „პაიდესთან" 2-3 დათმო. შეხვედრაში რომელშიც, თავიდან ბოლომდე მასპინძლები დომინირებდნენ, კარის მიმართულებეთ გია ჭიაბრიშვილის გუნდს, მხოლოდ 6-ჯერ, აქვს დარტყმული, აქედან კარის ჩარჩოში მხოლოდ ორჯერ და ორივე გოლით დაგვირგვინდა. რაც შეეხება თბილისელთა მეტოქეს, რომელმაც დინამოელების ბათუმში თამაშით იხელმძღვანელა და ეს მატჩამდე პრეს-კონფერენციაზეც განაცხადა სტუმართა გუნდის მწვრთნელმა, მთელი თამაშის მანძილზე სულ 4-ჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან ყველა დარტყმული კარის ჩარჩოში წავიდა და 4-მცდელობიდან 3 დაგვირგვინდა გოლით.

„თამაშის შეფასებას აზრი აქვს - თქვენი და გულშემატკივრების წინაშე უბრალოდ ბოდიშს ვიხდი. საპასუხო მატჩი არის ჩვენი ღირსებისთვის, რათა ყველაფერი უკან დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე არ უნდა ხდებოდეს, ასე არ უნდა ვთამაშობდეთ და ასე მარტივად არ უნდა ვთმობდეთ ყველაფერს. მეტოქემ ხასიათით გვაჯობა, მაგრამ ჩვენთვის არ უჯობნია, თამაშში, ჩვენ დავთმეთ ყველაფერი. სიძლიერით ვჯობდით, მაგრამ მთავარია, რა წერია ტაბლოზე 90 წუთის შემდეგ. სწორედ, ეს არის ხასიათი. დაცვაში პრობლემებს, თქვენსავით, აქ სანამ მოვიდოდი, მანამდეც ვხედავდი და ამის მოგვარებაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ბოდიში და მეორე მატჩი იქნება ჩვენი ღირსებისთვის. სხვანაირად უნდა ვითამაშოთ, სხვა ხასიათით, თითქოს ეს იყოს ჩვენს ცხოვრებაში ბოლო საქმე, რასაც გავაკეთებთ", - ამბობს ჭიაბრიშვილი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

გულშემატკივართან ჭიაბრიშვილმა კი, მოიხადა ბოდიში, თუმცა, ხალხთან, რომელმაც სტადიონზე გადაწყვიტა მოსვლა და დარწმუნებული ვარ, თუ გუნდი, საპასუხო მატჩზე ხასიათს გამოავლენს, უფრო მეტი მოვა, საბოდიშო იმ ფეხბურთელებს აქვთ, რომლებიც უკვე მერამდენე მატჩია, ელემენტარული შეცდომებისა (ამჯერად, დაცვაში „სკვაზნიაკი" იყო) და მცირედი ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდისგან, ბრინჯივით იბნევიან და თამაშს თმობენ. აკეთებენ, იმას, რაც არასდროს „დინამო თბილისის" ხასიათში და გენში არ იყო.
ბუნებრივია, ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში არაფერი დასრულებულა, მითუმეტეს, ახლა, როდესაც სტუმრად გატანილ გოლს დაკარგული აქვს „ორქულიანის" სტატუსი და წინ მთელი 90 წუთია. თუმცა, სხვა თემაა, ეს 90 წუთი რას მოიმოქმედებს „დინამო თბილისი", რომელსაც ხასიათი, უბრალოდ დაკარგული აქვს - ახალი მთავარი მწვრთნელი კი, ჯადოქარი არაა, რომ ეს ხასიათი გუნდს, ასე მოკლე ვადებში დაუბრუნოს.

ანგარიში კი ამ შეხვედრაში, 22-ე წუთზე დავით სხირტლაძის დარტყმით გაიხსნა. დინამოელთა სათამაშო და ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობის მიუხედავად, სტუმრებმა 61-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 65-ე წუთზე ლევან ხარაბაძის ეფექტური თამაში გოლით დაგვირგვინდა. მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ. აი, ბოლო 10 წუთში კი, „დინამო თბილისს" ორი, თითქმის იდენტური გოლი გაუვიდა, 81-ე და 89-ე წუთზებზე. დაცვას, უბრალოდ „ჩაეძინა". დღეს, სადებიუტო მატჩი ჰქონდა დინამოელთა მთავარი გუნდის რიგებში, ომერ იმრანს, თუმცა, მატჩის შემდგომ მასზე საუბარი არც მედიის წევრებს დაუწყიათ (რომლებიც ტრადიციულად მედია-ლოჟას ავსებენ, თუმცა, კითხვები არ აქვთ ხოლმე) და არც გუნდის მთავარ მწვრთნელს გაუმახვილებია ყურადღება.
***
საპასუხო შეხვედრას დინამოელები 14 ივლისს სტუმრად გამართავენ. სტუმრად, ალბანეთში ითამაშებს, თბილისის „საბურთალოც". პირველი რაუნდი კი, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სტუმრების, ალბანური „პარტიზანის" გამარჯვებით დასრულდა. ამ მატჩში, ერთად-ერთი გოლი, 47-ე წუთზე, ტედი კარამ გაიტანა. შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ თბილსური კლუბის სრული დომინაციით წარიმართა, 0-1, „პარტიზანის" სასარგებლოდ დასრულდა.
სხვათა შორის, მატჩი, რამდენიმე წუთი შეჩერებული იყო - მიზეზი, სტადიონზე ჩამქრალი სინათლე გახდა. სამწუხაროა, რომ ბოლო თვეებში, ეს თენგიზ ბურჯანაძეზე უკვე ტრადიცია გახდა, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ 14 ივლისამდე, როდესაც ამ მოედანზე, უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩი, „დილამ" უნდა ითამაშოს, სტადიონის ხელმძღვანელობა, მოახერხებს იმ ხარვეზის ძირეულად აღმოფხვრას, რომელიც თამაშების დროს, ელეტროენერგიის გათიშვილის მიზეზი ხდება.
რაც შეეხება თავად გორის „დილას", მას შემდეგ, რაც გუნდი, ნაწილ-ნაწილ ფინეთის ქალაქ კუოპიოში ჩავიდა, ნაწილ-ნაწილ იმიტომ, რომ გუნდის მენეჯერულმა რგოლმა ჩარტერი, ძვირია - არ გვინდაო და ჩვეულებრივი რეისით გადაწყვიტა გამგზავრება, სატრანზიტო გადაჯდომა დააგვიანა და ფეხბურთელების ნაწილმა გასაფრენ „გეითს" ვერ მიაგნო... გამომდინარე იქიდან, რომ „დილას" არ ახლდა თან მედია-სამსახურის წარმომადგენელი, ფინურ „კუპსთან" არც წინა სამატჩო და არც მატჩის შემდგომი პერიპეტიები ვიცით. უეფა-ს საიტის ტექსტური ლაივიდან და სამადლოდ იუთუბზე დადებული მატჩის ბმულიდან კი ვიცით, რომ „დილამ" 2-0 წააგო. პირველი გოლი 32-ე წუთზე, მეორე კი, 90-ზე, 11-მეტრიანით გაგვიტანეს.





ჩვენ








