მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპს საქართველო აგვისტოდან იწყებს
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპს საქართველო აგვისტოდან იწყებს
08.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკვე ოფიციალურად, კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია.  2022 წლის აგვისტოდან, 2023 წლის თებერვლის ბოლომდე, ზუროსის გუნდს, იტალიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

ჩვენი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ესპანეთის ნაკრებმა რიგაში, უკრაინის დამარცხება 1 ქულით, 76-77 მოახერხა. საბოლოოდ, სწორედ ესპანეთმა მოიგო, პირველი ჯგუფური ეტაპი, ჩვენ კი, მეორე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ უკრაინას. გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე, ქულები პირველი ეტაპიდან მოგყვება, ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, ამ მხრივ სატურნირო ცხრილში იტალია და ისლანდია გვისწრებენ.  თუმცა, მეორე ჯგუფის მატჩებში, საქართველოს, აქვს შანსი, მოხვდეს, ნანატრ სამეულში.


აქ ერთი პატარა განმარტება,  რადგან H ჯგუფიდან, სადაც, იტალია, ისლანდია, ჰოლანდია და რუსეთი ასპარეზობდნენ, ცნობილი მოვლენების გამო, რუსეთი მოიკვეთა ტურნირიდან. ამ ჯგუფშიც, რუსეთთან ნაჩვენები შედეგები გაბათილდა. იმისთვის, რომ თანაფარდობა დაცულიყო, ჩვენს  G ჯგუფში, ფიბა-მ ჩრდ. მაკედონიასთან ნაჩვენები შედეგები გააბათილა, შესაბამისად, ჩვენც 2 მოგება „წაგვართვა".


ახალი მოცემულობით, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის სამი საგზურისთვის საბრძოლველად, გუნდები შემდეგი „ფორათი" იწყებენ თამაშს.


1.       იტალია                 7 ქულა

2.       ისლანდია             7 ქულა

3.       ესპანეთი                7 ქულა

4.       საქართველო         6 ქულა

5.       უკრაინა                  5 ქულა

6.       ნიდერლანდები   4 ქულა


6 ტურის მატჩი 3 ფანჯრის ფარგლებში გაიმართება. პირველი ფანჯრის 2 შეხვედრას საქართველო აგვისტოში გამართავს, 24-ში თბილისში ჰოლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 27 აგვისტოს სტუმრად იტალიას ეთამაშება. შემდეგი ორ მატჩს საქართველო ნოემბერში გამართავს, ხოლო ბოლო 2 ტური 2023 წლის თებერვალში დანიშნულ ფანჯრის ფარგლებში ჩატარდება.




2022 წელი

24 აგვისტო   საქართველო - ნიდერლანდები

27 აგვისტო   იტალია - საქართველო

2022 წელი

11 ნოემბერი   ისლანდია - საქართველო

14 ნოემბერი   საქართველო - იტალია

2023 წელი

23 თებერვალი   ნიდერლანდები - საქართველო

26 თებერვალი   საქართველო - ისლანდია