მატება გუნდში - ჯიმი ტაბიძე „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია
მატება გუნდში - ჯიმი ტაბიძე „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია
09.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ჯიმი ტაბიძემ, „დინამო თბილისთან" 2023 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი. ფეხბურთელმა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხოლო, კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ის გუნდთან ერთად, სავარჯიშო პროცესში მალე ჩაერთვება. ამ ეპაზე არაა ცნობილი, იქნება თუ არა ტაბიძე, 14 ივლისს, უეფა-ს საპასუხო მატჩში, ჭიაბრიშვილის განაცხადში, თუმცა, თბილისელთა გუნდში, ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, ეს მეორე ცნობადი სახის ტრანსფერია, ომერ იმრანის შემდეგ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. „დინამო თბილისის" მაისურის ტარება ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია და ასევე, არის საპასუხისმგებლო. ვეცდები, რომ ეს ყველაფერი ღირსეულად გავაკეთო. როგორც იცით, საკმაო ხანი გამიცდა ტრავმის შემდეგ და ჩემის აზრით, შედარებით ნაცნობი გარემო უფრო დამეხმარება ფიზიკურად და მენტალურად უფრო მალე აღვიდგინო სათამაშო ფორმა", - ამბობს ტაბიძე, „დინამო თბილისის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში.


26 წლის ქართველი ფეხბურთელი ბოლოს, ბელგიურ „კორტრიიკში" ირიცხებოდა. მანამდე ჯიმიმ, 5 წელი, რუსული პრემიერლიგის კლუბ „უფაში" გაატარა, სადაც 90 მატჩი ჩაატარა. სხვადასხვა დროს, ქართველი მცველი ბელგიურ „გენტში", ეკატერინბურგის „ურალსა" და თბილისის „საბურთალოში: ასპარეზობდა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას - ჯიმი ტაბიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.


„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელთან ერთადაც მე, შედარებით პატარა ასაკში მიმუშავია და ის, ერთერთია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში", - ამბობს ტაბიძე.


შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის ბოლო და უეფა-ს კონფერენს ლიგის შეხვედრებში დაცვაში დაშვებული შეცდომების მიზეზით, საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩები წააგო. შეგახსენებთ იმასაც, რომ გუნდში, დინამოელი მცველი დავით კობოური დაბრუნდა, რაც შეეხება საიმონ ბენიოს, მას თბილისურ კლუბთან კონტრაქტი უსრულდება. თუმცა, ჩვენთვის უცნობია, „დინამო თბილისთან" მისი სამომავლო ურთიერთიბის შესახებ. გამომდინარე აქედან, ტაბიძის გუნდში მოსვლა, საკმაოდ მნიშვნელოვანია.


„მინდა მივმართო „დინამო თბილისის" გულშემატკივარს - ზუსტად ვიცი რა გუნდშიც ვიმყოფები, 100%-ით გათავისებული მაქვს, ყველანაირი პასუხისმგებლობა. ჩემის მხრივ, ყველანაირად ვეცდები, რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინო ფორმა და დავეხმარო გუნდს, დასახული მიზნების მიღწევაში", - ამბობს ჯიმი ტაბიძე.




სკ „დინამო თბილისის" ფოტო / ლაშა კუპრაშვილი