საპასუხო მატჩში, „დინამო თბილისი“ უფრო თავისუფლად აპირებს თამაშს
საპასუხო მატჩში, „დინამო თბილისი“ უფრო თავისუფლად აპირებს თამაშს
14.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გრძელი და დამღლელი გზის - თბილისიდან თვითმფრინავით, გადაჯდომა, შემდეგ ავტობუსით - „დინამო თბილისი" ესტონეთში, დღეს, გამთენიას ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ცოტა დაისვენა და მატჩისწინ ბოლოჯერ ივარჯიშა. მანამდე კი, პროტოკოლით გათვალისწინებულ პრეს-კონფერენციაზე, მედიის შეკითხვებს უპასუხა.

„ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება. თამაშიდან გამომდინარე პირველი მატჩი მინიმუმ არ უნდა წაგვეგო, მაგრამ მოხდა ისე, რომ კონცენტრაცია დავკარგეთ და საბოლოო ჯამში, უხეში შეცდომებით გავუშვით გოლები. თუმცა, ფეხბურთი ასეთია, 90 წუთი თუ არ ხარ, კონცენტრირებული, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს", - ამბობს ჭიაბრიშვილი.




უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდში წაგებას, ერთი კვირის შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილი, ნაწილობრივ პირველი თამაშის „წნეხს" აბრალებს. ამ ჯერად, გუნდთან ერთად არ იქნება, ანზორ მექვაბიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ შეხვედრაში, გაშვებული გოლების დიდი წილი დინამოელთა ლეგიონერის საიმონ ბენიოზე მოდის, რომელსაც სხვათა შორის, მალე ხელშეკრულება ეწურება, ფეხბურთელი, იმ 21-ს შორის არის, რომელიც ესტონეთში ჩავიდა. ამ ეტაპზე ჭიაბრიშვილის განაცხადში ვერ მოხვდა ჯიმი ტაბიძე, რომელიც მე-13 ნომრიანი მასურით დიდი ალბათობით, მომდევნო ეტაპიდან შეუერთდება დინამოელებს.


„ჩვენთვის პირველი თამაში წნეხიც იყო, სტადიონზე საგრძნობლად მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ჩემპიონატში და წნეხი გაიზარდა. ვფიქრობ, რომ აქ ბევრად ლაღად და მშვიდად ვითამაშებთ, რადგან მგონია, რომ პირველ თამაშს ჩვენთვის თავისი დაძაბულობა ჰქონდა. ამ გუნდზე ჩვეულებრივად სრული ინფორმაცია გვქონდა, ვიცოდით, რასაც ველოდებით. უბრალოდ, ერთია ტელევიზორიდან ანალიზი და მეორე, როდესაც უშუალო შეხება გექნება გუნდთან. ჩვენ ახლა მეტოქეს ზუსტად ვიცნობთ, თორემ დაწვრილებითი ინფორმაცია მანამდეც გვქონდა, არ არის ეს ინფორმაცია ძნელი მოსაპოვებელი. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, ძალიან კარგად ორგანიზებულად ითამაშეს და ვერ მოვიგეთ პირველი მატჩი. „დინამო თბილისში" სხვა წნეხია, გვერდს ვერ ავუვლით, ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ, წნეხია, მიჩვეულები ვართ, უბრალოდ აქ დამატებითი საფიქრალი არ გვექნება და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.


„პაიდესთან" საპასუხო მატჩი, თბილისის დროთ, ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება. ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ მისი გუნდი ესტონეთში უფრო თავისუფლად ითამაშებს. ამ თავისუფალი თამაშისთვის კი, მას ბალტიისპირეთში წაყვანილი ჰყავს:




მეკარეები: ანდრეს პრიეტო და დავით კერესელიძე.

მცველები: ნიკა მალი, ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, დავით კობოური და გოდფრი სტეფენი.

ნახევარმცელები: იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი კუცია, თორნიკე კირკიტაძე, გიორგი ჩხეტიანი და უსმანე კამარა.

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, გიორგი გაბედავა, სტანისლავ ბილენკი და დმიტრი ანტილევსკი.


სკ "დინამო თბილისის" ფოტოები