საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი მოიგო
საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი მოიგო
16.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ავსტრიის 20-წლამდეთა ნაკრებების, ევროპის ჩემპიონატის სადებიუტი შეხვედრა, ლადო სალარიძის ჩატენილი ბურთით გაიხსნა, მილოშ გლიგორიევიჩის გუნდს, პირველი მეოთხედის დათმობა მოუხდათ, 14-20. სადებიუტო მატჩში, განსხვავებით ავსტრიელთაგან, რომლებმაც დღეს, ჯგუფის მეორე შეხვედრა ჩაატარეს, ჩვენებს, მცირედი მღელვარება ეტყობოდათ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახებოდა თამაშზე. როგორც სჩანს, ამან, ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე ოდნავ გაათამამა და მეორე მეოთხედიც აქტიურად დაიწყო. თუმცა, ამ მონაკვეთის მოგება საქართველოს 20-წლამდეთა გუნდმა 25-11 მოახერხა და დიდ შესვენებაზეც, 8 ქულიანი უპირატესობით გავიდა (39-31). შეხვედრის მეორე მეოთხედში, საქართველოს 20-წლამდებს, პერიმეტრიდანაც წაუვიდათ სროლები და დაცვაშიც ზუსტად ითამაშეს. მატჩის საბოლოო ანგარიშშიც 81 ქულიდან 36 სწორედ 3-ქულიანი ზონიდან არის ჩაგდებული.


მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის ნაკრები შეეცადა თამაშში გარდატეხა შეეტანა და ბოლო მეოთხედი 2 ქულით მოგვიგო კიდეც, ქართველმა კალათბურთელებმა მოახერხეს, ის ოქროს შუალედი შეენარჩუნებინათ, რაც მესამე პერიოდის მოგების (24-14) შემდეგ, მოიპოვეს და შეხვედრაც გამარჯვებამდე მიიყვანეს.




საქართველოს ნაკრებმა, ჯგუფის სასტარტო მატჩი 81-65 (14-20, 25-11, 24-14, 18-20) მოიგო. საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებში, ყველაზე შედეგიანი, ლადო სალარიძე იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა. მის გარდა, ჩვენი გუნდის, კიდევ სამმა მოთამაშემ (ლევან ქვარცხავამ, ზურაბ ვაშაკიძემ 11-11 ქულით, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 12 ქულა) 10 ქულიანი ზღვარის გადალახვა მოახერხა. სარგებლიანობის ინდექსით (16) საუკეთესო კი ლუკა ლიკლიკაძე იყო.


შეგახსენებთ, რომ 15-24 ივლისის ჩათვლით, თბილისი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატის („ბ" დივიზიონი) მასპინძლობს. თბილისში,  19 ქვეყანა, ალბანეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, კოსოვო, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრ. მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია არიან ჩამოსულები.  თამაშები, როგორც ოლიმპიურ სასახლეში, ასევე ახალ „თბილისი არენაზე" (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) პარალელურ რეჟიმში ტარდება.



ტურნირის მონაწილე 19 ნაკრები 5 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრები „ბ" ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.


ხვალ, 17 ივლისს, საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრები შვედეთს შეხვდება, რომელსაც უკვე 2 მატჩი აქვს გამართული და ორივე მოგებული. თამაში, „თბილისი არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება.


ამ მომენტისთვის ჯგუფში, რომელშიც საქართველოს 20-წლამდეთ ნაკრები თამაშობს ასეთი მდგომარეობაა:




საქართველო U20 - ავსტრია U20 მატჩის სრული ალბომი



@FIBA #U20europeanchampionship #georgia #tbilisi