დამიძახეთ „კვარა“, მაგრამ მე ვარ ხვვიჩა კვარაცხელია
დამიძახეთ „კვარა“, მაგრამ მე ვარ ხვვიჩა კვარაცხელია
15.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, იტალიურმა „ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად წარადგინა. თუმცა მანამდე, „ლა გაზეტა დელო სპორტ"-ს (La Gazzetta Dello Sport) დავესესხები და ვიტყვი, რომ ფეხბურთელმა, რომლის სახელიც რთული წარმოსათქმელია „ახალ პუბლიკას დუბლით, საგოლე პასით, ძელზე მორტყმული ბურთით და ძალიან ბევრი საინტერესო მოქმედებით წარუდგა". აქ, ლაპარაკია, ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელშიც „კვარამ" "ნაპოლიში" არაოფიციალური სადებიუტო თამაში ჩაატარა, მინდორზე მხოლოდ ერთ, პირველი ტაიმი ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „ნაპოლიმ" კი, "ანაუნესს" 10-0 გადაურა. თითო წინადადებით, მაგრამ ამ შეხვედრის ანალიზისას (ამხანაგური მატჩის ანალიზი - სარედაქციო შენიშვნა) წამყვანმა გამოცემებმა, უკლებლივ ყველამ, დაწერეს ხვიჩაზე და ის მატჩის გმირადაც დაასახელეს.


„ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. „ნაპოლი" ძალიან დიდი გუნდია და აქ, იმისთვის მოვედი, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. „ნაპოლი" იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და როცა შეთავაზება მივიღე, ბევრი არც მიფიქრია. ინსინიე ძალიან დიდი ფეხბურთელია, გუნდის ლეგენდაა, მაგრამ მე აქ არავის შესაცვლელად მოვსულვარ, მოვედი იმისთვის, რომ ყველას ჩემი მაქსიმუმი ვანახო", - ამბობს ხვიჩა მედიასთან შეხვედრისას და პრეს-კონფერეციაზე საუბრობს ქართულად. ოდნავ მოგვიანებით ის იტყვის, რომ „იტალიური ენის სწავლა უკვე დავიწყე და დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე თვეში მეცოდინება. იმედი მაქვს, იტალიურ ენას 3-4 თვეში ვისწავლი თუ ნაკლებში არა, მაგრამ საფეხბურთო ტერმინოლოგიაში თითქმის ყველაფერი ძალიან მარტივია და მალევე ვისწავლე".


21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ნეაპოლიტანურ კლიბთან, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ადგილობრივ მედიასთან მასთან გამართული საგანგებო შეხვედრისას ილაპარაკა ქალაქზე, სადაც მოუწევს ცხოვრება და თამაში, ატმოსფეროზე, ფეხბურთის გულშემატკივარზე და რაღა თქმა უნდა საქართველოზე - ერთ „პატარა ქვეყანაზე", სადაც ძალიან უყვართ ფეხბურთი.


„როცა პატარა ქვეყნიდან ასეთ დიდ გუნდში მიდის ფეხბურთელი, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია და წაადგება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც კარგი გამოცდილებაა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ უფრო მეტი იმუშაონ, რადგან შესაძლებელია, რომ პატარა ქვეყნიდან დიდ კლუბში მოხვდნენ", - ამბობს კვარაცხელია. კითხვაზე, რატომ წამოვიდა რუსეთიდან, „კვარა" პასუხობს: „რთული საკითხია და ეს პოლიტიკური შეკითხვაა. რუსეთი იმიტომ დავტოვე, რომ საჭიროება მოითხოვდა და საქართველოში წავედი. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის გამო, სწორი გადაწყვეტილება მივიღე".




ფეხბურთელი, რომელიც ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე, არ ფიქრობს პოლიტიკოსობაზე, აცხადებს, რომ მისი უპირველესი საზრუნავი მხოლოდ ფეხბურთი და ახალი კლუბია. ფიქრობს, რომ „ნაპოლიში" გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო და დანარჩენს დრო აჩვენებს. მანამდე კი, „მესიჯები" სერია A-სთვის, თანაგუნდელებისთვისა და ფეხბურთის გულშემატკივრისთვის:


  • სპალეტის ნეაპოლში ჩამოსვლამდე შევხვდი. ის ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია, რომლისგანაც უკვე ბევრი ვისწავლე და მომავალშიც ბევრს ვისწავლი...
  • არ ვიცი, ზუსტად რამდენი გოლის გატანა მინდა, თუმცა მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ იმაზე მეტი გავიტანო, ვიდრე საჭიროა
  • ჩემი აზრით, მთავარი გუნდის გამარჯვებაა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთელი აუცილებლად გაიზრდები, როდესაც გუნდი იმარჯვებს.
  • ახლა რა პოზიციაზეც ვთამაშობ, ის პოზიციაა ჩემთვის საუკეთესო, მაგრამ სადაც გუნდს დასჭირდება, იქ უნდა ვითამაშო, რადგან ფეხბურთელი ვარ და მწვრთნელის დავალება უნდა შევასრულო.
  • ცოტა რთული იქნება „ნაპოლის" ფანების გაოცება, რადგან ამ გუნდში მარადონა თამაშობდა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი თამაშით თავი მოვაწონო და გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.


თუმცა, იტალიური მედიისა და საფეხბურთო წრეების მოლოდინი 21 წლის ქართველთან დაკავშირებით, საკმაოდ ოპტიმისტურია.  სათამაშოდ კი, ჩვენბურმა 77-ნომრიანი მაისური არჩია და ეს „შვიდიანის" სიყვარულით ახსნა. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება ხვიჩას საქართველოშიც ბევრმა მოუწონა.  და ბოლოს, იტალიელები, რომლებიც „კვარას" გვარის წარმოთქმით უკვე დაახლოებით თვეა ენას იმტვრევენ და არა მხოლოდ მათთვის, კვარამ იტალიაში ჩასვლის პირველ დღესვე ჩაწერა სახალისო ვიდეო, სადაც ასწავლა, თუ როგორ უნდა წარმოთქვან სწორად გვარი კვარა-ცხ-ელია. უთხრა რომ სახელია ხვიჩა, სრულად კი, ის, არის ხვიჩა კვარაცხელია. თუმცა, უფრო მარტივი იქნება, რომ მას „კვარა" (KVARA) დაუძახონ.


და ბოლოს, ჩვენის მხრივ წარმარტებას ვუსურვებთ კვარას, თუმცა, მის ქართველ გულშემატკივარსა თუ ოპონენტებს, ასევე მედიის (განსაკუთრებით სოციალური მედიის) ნაწილს, ვთხოვთ, გადამეტებული შეფასებებითა და ამბიციებით, ასევე ზედმეტი აქტიურობით „ნაპოლის" სოცქსელში, რაც აუცილებლად, ელემენტარული არასტაბილურობის შემთხვევაში ნეგატიურად აისახება ჩვენებურზე, თავი შევიკავოთ. მივყვეთ მოვლენებსა და ვაცადოთ ხვიჩა კვარაცხელიას (სხვათა შორის ჩემი მეგობრის შვილსა და სკოლელს - ავტორისგან) მშვიდად ვარჯიში, თამაში და განვითრება.



ფოტო: @SSC Napoli