
საქართველოს ჩემპიონი, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი", უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იწყებს მზადებას. მიუხედავად იმისა, რომ გათამაშებამდე ერთი თვეა დარჩენილი, გიორგი ჩხაიძის გუნდმა მზადება აქტიურად დაიწყო.
„გრიგოლეთში შევიკრიბეთ, 13 ივლისს და 20 რიცხვამდე, აქ ვიქნებით. შემდეგ 2 დღე დავისვენებთ და ლანჩხუთში გავაგრძელებთ ვარჯიშებს, გუნდში, უკვე დავიმატეთ, თეონა ბაქრაძე და მეკარე თეონა სუხაშვილი. დაგვიბრუნდა ნინო ჩხარტიშვილიც. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელისგან ველით პასუხს", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში, გიორგი ჩხაიძე.
ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე, „ლანჩხუთს" დიდი ალბათობით, ანასტასია ბოლქვაძე, ტრავმის გამო გამოაკლდება. კიდევ ერთი ფეხბურთელი, ირინა ხაბურზანია კი, მკურნალობს და გუნდს მალე შეუერთდება.
„ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონში ასპარეზობას უკრაინულ კლუბთან, ხარკოვის „ჟილსტროისთან" დაპირისპირებით დაიწყებს. ამ გუნდში წლების წინ საქართველოს 2021 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ნინო სუთიძე თამაშობდა. აი, გამარჯვების შემთხვევაში კი, გურულები, საქართველოს რამდენიმე გზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის გულნარა გაბელიას ყაზახურ „ბიიკ უაზიგიურტისა" და ხორვატული „სპლიტის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

გიორგი ჩხაიძის გუნდი, წილისყრის შემდეგ, მესამე ჯგუფში მოხვდა. გათამაშება ე.წ. მინი-ტურნირების სახით ტარდება და გამარჯვებულები ერთრაუნდიან დაპირისპირებაში 11 ჯგუფში გამოვლინდებიან. დებულების თანახმად, გათამაშების ამ ეტაპზე, გუნდები პირველ, 1/2 ფინალურ შეხვედრებს 18 აგვისტოს გამართავენ, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები კი, 21 აგვისტოს გაიმართება. ჯგუფი, რომელშიც „ლანჩხუთი" თამაშობს ხორვატიაში იასპარეზებს.
და ბოლოს, ხორვატიაში გამგზავრებამდე, „ლანჩხუთი", ქალთა ლიგის ორი შეხვედრის გამართვასაც ასწრებს - 6 აგვისტოს თბილისში, „ნორჩ დინამოს" დაუპირისპირდება, ხოლო, 13-ში ხობის „კოლხეთს" უმასპინძლებს. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისთვის, რომელიც ქალთა ლიგის გათამაშების ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში, მე-2 საფეხურზეა, აღნიშნული შეხვედრები, ევროტურნირის წინ, ბოლო მოსამზადებელი მატჩების სტატუსსაც შეიძენს.





ჩვენ








