
2022 წლის 24-30 ივლისს, სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი იმართება. დელეგეაციის გაცილების ოფიციალური ცერემონია თბილისში, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ხვალ გაიმართება. მანამდე კი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, სლოვაკეთში გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობა ოფიციალურად დაამტკიცეს. ქართულ დელეგაციას, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. მისიის ხელმძღვანელად კი, ოლიმპიურ სოფელში, სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია იმუშავებს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეებად დამტკიცდნენ: ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის ალექსანდრე ლოლაძე (ძიუდო) და ლიზი გრიგალაშვილი (ცურვა). საერთო ჯამში, ჩვენები სპორტის 7 სახეობაში (ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში, ძიუდო), 28 სპორტსმენით იქნებიან წარმოდგენილები. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი ძიუდოისტების არის.
დღესვე, სეოკ-ის აღმასკომის სხომაზე, რომელსაც, ორგანიზაციის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდე ორი საკითხი განიხილეს. პირველი, III ევროპული თამაშების (21 ივნისი - 2 ივლისი, 2023 წელი, კრაკოვი, პოლონეთი) პროგრამისა და მასში მონაწილეობაა. „სეოკ-ის აღმასკომმა თხოვნით მიმართა ევროპული თამაშების პროგრამაში შეტანილ სახეობათა ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელებს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ნაკრები გუნდების თამაშებისთვის მზადებას. ითქვა, რომ წლის ბოლოს სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას III ევროპული თამაშებისთვის საქართველოს დელეგაციის მზადების სპორტული და ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების შესახებ. აღმასკომმა დაადგინა, რომ III ევროპულ თამაშებში საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობასთან დაკავშირებით შეიქმნას საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი", - ნათქვამია სეოკ-ის ოფიციალურ ცნობაში.
აღმასკომზე ასევე იმსჯელეს ქვიშის მსოფლიო თამაშებში (2023 წელი, აგვისტო, ინდონეზია) მონაწილეობის შესახებაც.





ჩვენ








