
ხვალ, თბილისსა და პოზნანში, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩებია. „დინამო არენაზე", თბილისის „საბურთალო" რუმინულ „სტიაუას" დაუპირისპირდება. გუნდს, რომელსაც ქართული კლუბებიც იცნობენ და „დინამო არენაც". მანამდე კი, დღეს, ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე, მატჩისწინა პრესკონფერენცია და ხვალინდელ მატჩში მონაწილე გუნდების ვარჯიში გაიმართა.
„ტიტულოვან კლუბს ვეთამაშებით, რომელსაც ჩემი წარდგენა არ სჭირდება. რუმინელები სისტემატურად თამაშობენ ევროტურნირებზე, წარმატებები აქვთ, როგორც შინაურ ასპარეზზე, ასე ევროსარბიელზე. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერი გვყავს, არ გვეშინია. გამოვალთ მინდორზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვებისთვის, რათა გავახაროთ, როგორც ჩვენი გულშემატკივრები, ასევე ქვეყანა", - ამბობს ლაშა ნოზაძე, „საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი.
გორში "პარტიზანთან" თამაშისას კუნთი გაიჭიმა და დაახლოებით ერთი თვე „საბურთალოსთან" ერთად ვერ იქნება გიორგი ჯგერენაია. მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, დანარჩენები მწყობრში არიან და ემზადებიან მოახლოებული მატჩისთვის. აღნიშნული თამაშისთვის „საბურთალოში" ნამატია - კლუბმა, „საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ბექა ქურდაძე დაიმატა, რომელიც 2022 წლის სეზონზე „გაგრას" კარს იცავდა.
„ვფიქრობ, ორი კარგი მეკარე გვყავს და ვინც უკეთ წარმოაჩენს თავს, ის ითამაშებს. ახალგაზრდა მეკარეებიც საკმაოდ პერსპექტიულები გვყავს, რომლებისაც მეიმედება", - ამბობს ნოზაძე.

ხვალინდელ თამაშში, თბილისური გუნდი, რომელსაც სტადიონის რეაბილიტაციის გამო გორში უწევდა თამაში, შეეცდება საკუთარ ქალაქში მეტოქის სუსტი მხარეები გამოიყენოს. საბურთალოელები შანსებზე წინასწარ ვერ მსჯელობენ, თუმცა, დიდუბეში, მაქსიმიმს გააკეთებენ.
„ტიტულოვანი კლუბია და ბევრი წარმატებები აქვს. თუმცა, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ყველას გათვითცნობიერებული აქვს მატჩის მნიშვნელობა. გამოვალთ მინდორზე და ვიბრძოლებთ, ვეცდებით სანახაობრივი და საინტერესო ფეხბურთი ვითამაშოთ.რაც შეეხება მეტოქის პოტენციალს შეტევით ხაზში - საკმაოდ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ჰყავთ ნაკრების ფეხბურთელები, ასევე მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ნაკრებებში თამაშობენ. უნდა გავანეიტრალოთ მოწინააღმდეგე და დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ", - ამბობს ლევან კაკუბავა, რომლისთვისაც „დინამო არენა" ბევრ სხვა სტადიონზე მეტად მშობლიურია.
შანსებზე არ ლაპარაკობს არც, ბუქარესტის „სტიაუას" მთავარი მწვრთნელი ანტონ პეტრეამ, რომელიც თვლის, რომ მისი გუნდი წყვილში ფავორიტი არ არის და „საბურთალოს" ყურადღებით უნდა მოეკიდოს.
„ჩვენი პირველი თამაშია მიმდინარე ევროთასებზე და ვეთამაშებით კლუბს, რომელმაც წინა ეტაპის დაძლევა მოახერხა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნიშანია იმ კუთხით, რომ ეს არის ძლიერი კლუბი, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, თუ გვსურს, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ. ამ ეტაპზე პროცენტულ შანსზე საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ბუნებრივია, ფორმის მაქსიმუმის მიღწევა შეუძლებელია. მეორეს მხრივ, ჩვენი მეტოქეა გუნდი, რომელმაც ჩვენგან განსხვავებით ბევრად მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაგრამ ამ კონკრეტულ ასპექტს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს და სრულად კონცენტრირებული ვართ ამ მატჩზე, რომლის მოგებასაც ვეცდებით", - ამბობს ანტონ პეტრეა, რომელსაც სჯერა, რომ გამარჯვებას მისი გუნდი მოიპოვებს და მომდევნო ეტაპზე გავა.
„საბურთალოსა" და „სტიაუას" შორის უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი, 21 ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე" გაიმართება.
სკ „საბურთალოს" ფოტოები





ჩვენ








