
ბათუმის „დინამო", რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გადაერთო, ხვალ ე.წ ჩემპიონთა გზით, პოზნანში"ლეხს" დაუპირისპირდება. გია გეგუჩაძის გუნდი, 2022-2023 წლების ევროტურნირების სეზონზე, კვლავ ისეთ კლუბს დაუპირსპირდება, სადაც ქართველები თამაშობენ. ამჯერად, ბათუმელთა წინააღმდეგ, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ითამაშებენ.
„საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ნიჭიერი ფეხბურთელები და ტექნიკურად ძალიან კარგი მოთამაშეები. ქართული ფეხბურთი სწორ გზაზეა, ფეხბურთის ფედერაცია კარგად მუშაობს, ეროვნულ ნაკრებს კარგი პერიოდი აქვს. სამწუხაროა, რომ ხვალ ქართველების წინააღმდეგ ვთამაშობთ. ორივე გუნდისთვის რთული იქნება. ექსტრაკლასას ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე საქართველოს, რომლის ჩემპიონი „დინამო ბათუმია". ეს არის გუნდი, რომელსაც დიდი ხანია ერთი მწვრთნელი ჰყავს, შესაბამისად, წლების განმავლობაში ერთნაირი თამაშის ხედვა და ტაქტიკა აქვს", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

პოზნანის „ლეხი", ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, აზერბაიჯანის „ყარაბაღთან" განცდილი მარცხის შემდეგ გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, ფურცელზე, ფავორიტად სწორედ პოლონური კლუბია მიჩნეული. თუმცა, „ლეხის" ქართული ფრთის წარმომადგენელი თვლის, რომ „სლოვანთან", ბათუმს უბრალოდ არ გაუმართლა და დინამოს მსგავს გუნდებთან, ბოლომდე დახარჯვაა საჭირო.
რაც შეეხება ბათუმის „დინამოს" - ქართულმა კლუბმა პოზნანში მატჩის წინ ივარჯიშა. მისმა მწვრთნელმა კი, ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უმასპინძლა.
„საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და ლეხიც დავმარცხდით, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება. გამომდინარე იქიდან, რომ ლეხი საკმაოდ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, გუნდურადაც ძალიან კარგად გამოიყურება. ჩემპიონატში განვლილი პერიოდი კარგი არ იყო ლეხისთვის და ალბათ, მეტოქეს რეაბილიტაციაც სურს.პლუს ამას საკმაოდ დიდი სიცხე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთული თამაში იქნება. არ მგონია, რომ ხვალ გადაწყდეს საბოლოო გამსვლელის ბედი. ეს ალბათ, ორი თამაშის ჯამში მოხდება", - ამბობს გია გეგუჩაძე კომენტარში, რომელიც ბათუმის „დინამოს" სოციალური ქსელით გამოქვეყნდა.

და ბოლის, ამ წყვილში გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისლანდიურ "ვიკინგურსა" და უელსურ "ნიუ საინტს" შორის საუკეთესოს შეხვდება.
ფოტო: ბათუმის "დინამო"





ჩვენ








