მდუღარე პოზნანიდან „დინამო“ „ლეხის“ გაგრილებას ბათუმში შეეცდება
მდუღარე პოზნანიდან „დინამო“ „ლეხის“ გაგრილებას ბათუმში შეეცდება
22.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მოულოდნელი ანგარიში და მოულოდნელი თამაშო -ამას, ალბათ ბათუმის „დინამოსგან" ყველაზე ნაკლებად ელოდნენ, მითუმეტეს, „სლოვანთან" გამარჯვების შემდეგ, სადაც მეორე დამატებითი ტაიმის ბოლო 5 წუთისა და პენალტების სერიის მიუხედავად, ქართული გუნდი დომინირებდა.

„შესაფასებელი არაფერია. ჩემს ვალს მოვიხდი და ვულოცავ გამარჯვებას „ლეხს". დღეს მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს „ლეხი" გახლდათ. ჩვენ სამწუხაროდ, მინდორზე არ ვიყავით. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ალბათ, რაღაცა გამოგვეპარა. როდესაც გუნდი არ თამაშობს, მოედანზე არ არის, ეს მთლიანად მწვრთნელის პასუხისმგებლობაა და მე ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მინდა, უბრალოდ, ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც მრავლად გვყავს ბოდიში მოვუხადო, ისინი ჩვენგან გაცილებით მეტს ელოდებიან", - ამბობს მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძე, რომელსაც უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის წინ, ბევრი საფიქრალი და განსაკუთრებით, გუნდში განწყობა აქვს დასალაგებელი.




უეფა-ს ჩემპიონათა ლიგის გათამაშებიდან, კონფერენს ლიგაზე გადმორთულ გუნდებს, პოლონურ „ლეხსაც" და ბათუმის „დინამოსაც" დასამტკიცებელი ჰქონდათ, რომ „დაქვეითება", მხოლოდ შემთხვევითობა იყო და უნდა ეთამაშათ, როგორც ჩემპიონებს. ეს, დღეს, „ლეხმა" მოახერხა და დიდი ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. გაიმარჯვა, იმ ანგარიშით, რომელიც საპასუხო მატჩის წინ, მომდევნო ეტაპის საგზურის ასაღებად, თითქმის 95%-იან გარანტიას აძლევს.


„ბოლოს და ბოლოს ისე ვითამაშეთ, როგორც ჩემპიონს შეეფერებოდა. ყველაფერი კარგად გამოვიდა. ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, შემიძლია ფეხბურთელები შევაქო. ამ ამინდში თამაში ადვილი არ იყო, რადგან ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან მაღალი ტემპერატურა გახლდათ. ვფიქრობ, მთელი პოლონეთი კმაყოფილია ჩემპიონის თამაშით. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდური სულისკვეთების რწმენამ შედეგი გამოიღო და ფეხბურთელებმა იმედი გამიცრუეს", - ამბობს ვან დენ რომმა, „ლეხის" მთავარი მწვრთნელი.




პოლონელებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, კიდევ 14 წუთში, უკვე ორბურთიანი სხვაობით ლიდერობდნენ, 33-ე წუთზე კი, რეალურად მატჩის ბედი გადაწყვიტეს. მითუმეტეს, რომ ბათუმის „დინამო" ვერაფერს ცვლიდა. ერთადერთი, ქართული გუნდი, მხოლოდ მეორე ტაიმის გარკვეული მონაკვეთი გაცოცხლდასავით, თუმცა, 66-ე წუთზე გაშვებული გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. დინამოელები დანებდნენ, თუმცა, მეორე რაუნდისთვის მიზერული იმედი, ვითარების გამოსასწორებლად დაიტოვეს.




„ლეხის" ქართველებიდან, ეს მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ნიკა კვეკვესკირმა და მინდორზე 80 წუთი დაჰყო. გიორგი წიტაიშვილი კი, თამაშში, 67-ე წუთუდან ჩაერთო. საპასუხო შეხვედრა ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" 28 ივლისს გაიმართება.


ფოტო:  @lechpoznan.pl