
28 ქართველი სპორტსმენი სპორტის 7 (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) სახეობაში, 24-30 ივლისის ჩათვლით, ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს. სლოვაკეთში დაგეგმილ ფესტივალამდე, ქართული დელეგაცია ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტს სტუმრობდა.
დელეგაციას მომავალ თამაშებზე წარმატება უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა (რომელიც სლოვაკეთში ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს), ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, შოთა ხაბარელმა და დავით გობეჯიშვილმა. ქართული გუნდის სახელით ოლიმპიურ ფიცი ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ დადო. გუნდის სახელით მისასალმებელი სიტყვით კი, ჩოგბურთელი ნიკოლოზ გურგენიძე წარსდგა.
თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩვენი გუნდის მედროშეები ძიუდოში ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის ალექსანდრე ლოლაძე და მოცურავე ლიზი გრიგალაშვილი იქნებიან. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში, საერთო ჯამში 48 ქვეყნის, 3000-ზე მეტი სპორტსმენი მოიყრის თავს. მედლები კი სპორტის 10 სახეობაში გათამაშდება.
სეოკ-ის ფოტო





ჩვენ








