ორი ნაბიჯი მე-9 ადგილამდე, 19 გუნდში...
ორი ნაბიჯი მე-9 ადგილამდე, 19 გუნდში...
22.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეკრებილი გულშემატკივარი, ერთი პერიოდი ანერვიულა. „ბ" დივიზიონში, მე-9-19  ადგილების დასაკავებლად, პირველი ფლეი-ოფის მატჩში, ანგარიში ნიდერლანდელებმა გახსნეს და შეხვედრის ეს მონაკვეთიც 11-14 მოიგეს. საქართველოს ნაკრებს, რომელმაც ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო შეხვედრა ჩრდ. მაკედონიასთან დათმო, დღეს, გადაღლილიც ჩანდა და უახსიათოც. თუმცა, გლიგორიევიჩის შეგირდებმა, იპოვეს ძალა და ნელ-ნელა საკუთარ კალაპოტში დაბრუნდნე. თუმცა, დღესაც, ბევრი იყო წვრილმანი ხარვეზი. მიუხედავად ამისა, მეორე მეოთხედი საქართველლოს 20-წლამდეთა ნაკრებმა 10 ქულით, 20-10, პირველი ტაიმი კი, 7 ქულით, 31-24 მოიგო.




შეხვედრის ამ მონაკვეთში, საქართველოს ნაკრებში, ლუკა ლიკლიკაძე აქტიურობდა, რომელსაც საბოლოოდ 16 ქულა დაუგროვდა. აი, ვლადიმერ თავაქარაშვილი კი, რომელლიც წინა თამაშებში ყველაზე შედეგიანი იყო, დღეს, ცოტა მძიმედ გამოიყურებოდა, არ მისდიოდა სამქულიანები და 9-დან მხოლოდ 2 საჯარიმო შეასრულა ზუსტად, თუმცა, მატჩის ბოლოს მისი გვარის გასწვრივ 10 ქულა მაინც დაგროვდა (8 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა) და ქართული გუნდიდან სარგებლიანობის კოეფიციენტით 13, ის საუკეთესო იყო.  აღნიშნული ორი კალათბურთელის გარდა, 13 ქულით თავი ნიკოლოზ გაფრინდაშილმაც გამოიჩინა, რომელმაც 9-დან სამი 3-ქულიანი მოათავსა კალათში, თუმცა, წინა შეხვედრების მსგავსად, ყველაზე საჭირო მომენტში.




11 ქულით მოიგო საქართველოს ნაკრებმა მომდევნო მეოთხედით, 23-12 (54-36) და ბოლო მეოთხედის წინ, 18 ქულითაც კი იყო წინ, თუმცა, მეოთხე პერიოდის ერთ პატარა მონაკვეთში, ჩვენი გუნდი, „გაიყინა", შეცდომა-შეცდომაზე დაუშვა, ნიდერლანდებმა კი, ზედიზედ, რამდენიმე შეტევა წარმატებით დაასრულეს, ცოტა ანგარიშიც შეამცირეს, ეს მონაკვეთიც, 13-17 მოიგეს, თუმცა, საბოლოოდ მაინც, შეხვედრა ქართველთა გამარჯვებით, 67-53 დასრულდა.


დღევანდელი გამარჯვებით, საქართველოს 20-ლამდეთა ნაკრები, 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში დაწინაურდა და ხვალ, 23 ივლისს, 21:15 საათზე, ირლანდიის 20-წლამდე ნაკრებს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, კი ჩვენი გუნდი, უშუალოდ მე-9 ადგილისათვის კოსოვო-უნგრეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.




რთული სათქმელია, ევროპის 20-წლამდეთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გამოიძახებს თუ არა, რომელიმეს საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებიდან მთავარი გუნდის გაფართოებულ შეკრებაზე, ილიას ზუროსი ვინმეს, თუმცა, ის დღეს, მისი ნაკრების პოტენციური წევრების თამაშს საგულდაგულოდ აკვირდებოდა.


მატჩის ფოტო-ამბავი


***



ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე მატჩების პარალელურად, თბილისი არენაზე, „ბ" დივიზიონის საუკეთესო სამეულის გამოსავლენად მიმდინარეობს თამაშები. ხვალ, აქ 1/2 ფინალური მატჩები გაიმართება ისლანდია-ფინეთს, სერბეთი კი, ბალტიისპირეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ესტონეთს დაუპირისპირდება. დღეს, 1/4 ფინალში, სერბები, ლატვიას შეხვდნენ და საკმაოდაც გაუჭრდათ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავიდან ლატვიელები იყვნენ კარგები, თუმცა, სერბებმა პირველივე მეოთხედში მოახერხეს დაწინაურება 23-12. მომდევნო მონაკვეთში, ბევრი შეცდომა დაუშვეს და ეს მონაკვეთი ლატვიამ მოიგო, 17-21. მეორე ტაიმის წინ ანგარიში, 40-33 იყო. მესამე მეოთხეში კი, სერბებმა შეცდომა-შეცდომაზე დაუშვეს, ჰქონდა საჯარიმო სროლების ცუდი მაჩვენებელიც და მათ თამაშს ნერვიულობაც ეტყობოდა. პერიოდი, 16-21 დათმეს და ბოლო, მონაკვეთის წინ (56-54), მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობაღა ჰქონდათ. აქ კი, თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ლატვიამ, ერთ მომენტში წინ გაჭრაც მოახერხა, თუმცა, პერიოდის მიწურულს, სერბებმა მოახერხეს კონცეტრირება და თამაში გააკონტროლეს. დრამატული იყო შეხვედრის ბოლო წამებიც, 19 წამით ადრე სერბები 4 ქულას იგებდნენ, თუმცა, 8 წამით ადრე ლატვიელთა მე-6 ნომერი ზუსტად ისვრის 3-ქულიანს, ანგარიში 77-76 ხდება. ბოლო 5 წამში სერბები 2 საჯარიმოს ზუსტად ისვრიან, ლატვია კი, ვეღარ ასწრებს მატჩის ოვერ-ტაიმში გადასაყვან შეტევას. სერბეთის 20-წლამდე ნაკრები 3 ქულით, 79-76 იმარჯვებს ბრძოლაში, რომელიც შესაძლოა ფინალის ტოლფასიც კი იყო.



მატჩის ფოტო-ამბავი