ბრძოლა ბოლომდეა საჭირო - საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა წააგო, თუმცა, ერთი თამაში კიდევ დარჩა
ბრძოლა ბოლომდეა საჭირო - საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა წააგო, თუმცა, ერთი თამაში კიდევ დარჩა
23.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები მხოლოდ მე-11 ადგილისთვის იბრძოლებს და კოსოვოს დაუპირისპირდება, რომელიც ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში 33 ქულით დაამარცხა. თუმცა, მანამდე, სრულიად მოულოდნელად დღეს, თავად,  23 ქულით 52-75 დამარცხდა ირლანდიის 20-წლამდეთა გუნდთან.


მილოშ გლიგორიევიჩის გუნდმა მხოლოდ მეორე მეოთხედი იბრძოლა თანაბრად და შეხვედრის ის მონაკვეთი ფრედ 18-18 ითამაშა. დანარჩენი თუ არ ჩავთვლით, 2-წუთიან მონაკვეთებს თითო მეოთხედში, ქართულ გუნდს არაფერი გამოსდიოდა, არც დაცვაში, არც შეტევაში, ჰქონდა გაცუდებული საჯარიმო სროლების დიდი პროცენტი, იყო უყურადღებო გადაცემებში, უშვებდა წვრილმან შეცდომებს. მატჩის ბედი, რეალურად პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც 12-28 წავაგეთ. ამის შემდეგ, ირლანდია ახერხებდა ძირითადად, 16-ქულიანი სხვაობის შენარჩუნებას. ყველაზე ახლოს, ჩვენები მოწინააღმდეგს 8-ქულიანი სხვაობით მიუახლოვდნენ. მესამე მეოთხედი, 10-11, ხოლო ბოლო, 12-18 დასრულდა.



მატჩის შემდეგ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოსული გულშემატკივრის ერთი ნაწილი მარცხს, გუნდის მთავარ მწვრთნელს აბრალებდა - „ძალიან ცუდი მწვრთნელი გვყავსო". თუმცა, რაც არ უნდა ცუდი იყოს მწვრთნელი, პარკეტზე კალათბურთელი თამაშობს და მითუმეტეს, ამ ასაკში ის საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენას უნდა ცდილობდეს. მით უმეტეს, თუ თამაშს, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ადევნებს თვალს.  თუმცა, აქ არის კიდევ ერთი თუმცა... დღევანდელი მატჩის მაგალითზე - ირლანდიელები ფიზიკურად ძლიერად გამოიყურებოდნენ. ჩვენებს კი, აშკარად მძიმე და გრძელი მარათონის შემდეგ, დაღლა ემჩნეოდათ. ერთდღიანი შუალედით, ორ-ორი დღე მატჩები ქართული გუნდისთვის დამღლელი აღმოჩნდა. საწყენად არა, მაგრამ სამომავლოდ, კარგი იქნება თუ, ასაკობრივ და საერთოდ, ქართულ გუნდებში, ფიზიკურ მომზადებას ცოტა უფრო სერიოზულ და  მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობენ. ამას გარდა, საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებს, აშკარად, ჩრდ. მაკედონიასთან განცდილი მარცხი, ჯერ კიდევ ჰქონდა „გამოყოლილი", ამ მხრივ, კი ნათელია, რომ ქვედა ეშელონში  („ბ" დივიზიონის 9-19 ადგილები) საასპარეზოდ, გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა.




დღევანდელ შეხვედრაში, სარგებლიანობის კოეფიციენტით, (16) ვლადიმერ სარალიძე გამოირჩა, რომელმაც გუნდს, 9 ქულა მოუტანა. 10-10 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილისა და ლევან ქვარცხავას, ხოლო 11 ქულა, ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზეა.


მატჩის ფოტო-ამბავი






და ბოლოს, სხვა თამაშები ანგარიშები და ბოლოდ დღის მატჩები. თუმცა, მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ „ა"დივიზიონში, დღევანდელი საასპარეზო დღის შემდეგ, სამი საგზურიდან ორის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილია. ფინალში გასვლით სერბეთი და ისლანდია, ერთი დივიზიონით უკვე დღეს დაწინაურდნენ. თუმცა, ხვალ ფინალურ მატჩში, აღნიშნული დივიზიონის საუკეთესო გუნდს გამოავლენენ.


E ჯგუფი:  ავსტრია - სლოვაკეთი 76-46

13-16 ადგილები:  

რუმინეთი - შვეიცარია 62-70 

ნიდერლანდები - ალბანეთი 77-62

9-12 აგილები:

კოსოვო - უნგრეთი 62-82

საქართველო - ირლანდია 52-75

5-8 ადგილები:

ჩრდ. მაკედონია - ლატვია  62-85

შვედეთი - ბულგარეთი 73-67

1-4 ადგილები:

ესტონეთი - სერბეთი  58-73

ისლანდია - ფინეთი 94-77


ხვალ, ფიბა-ს 20-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის „ბ" დივიზიონის ბოლო საასპარეზო დღეა. თამაშები დილის 10 საათიდან დაიწყება:

E ჯგუფი: სლოვაკეთი - ლუქსემბურგი

12:00  

მე-15 ადგილისთვის რუმინეთი - ალბანეთი

14:30

მე-13 ადგილისთვის შვეიცარია - ნიდერლანდები

მე-7 ადგილისთვის ჩრდ. მაკედონია - ბულგარეთი

16:45

მე- 11 ადგილისთვის საქართველო - კოსოვო

მე-5 ადგილისთვის ლატვია - შვედეთი

19:00

მე-9 ადგილისთვის უნგრეთი - ირლანდია

მე-3 ადგილისთვის ესტონეთი - ფინეთი

21:15

ფინალი  / სერბეთი -ისლანდია