„ლანჩხუთი“ კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა
„ლანჩხუთი“ კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა
25.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა  შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისთვის ძლიერდება „ლანჩხუთი". გიორგი ჩხაიძის გუნდმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. აზერბაიჯანის ქალთა ნაკრების ქართული წარმოშობის ფეხბურთელი ქრისტინა ბაკარანძე ცოტა ხნის წინ, თურქეთის ქალთა სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. მას, თურქულ (ALG SPOR) „ალეგე (გიუნეიქენთ) სფორ"-თან ერთად შეეძლო, უეფა-ს 2022-23 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა, თუმცა, ქრისტინა, ამ ეტაპზე ქართულ გუნდს შეუერთდა.




„ამ ეტაპზე, მომავალ გეგმებზე არ მიფიქრია. ახლა, მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ „ლანჩხუთს" ლიგაზე დავეხმარო და კარგი შედეგი გვგქონდეს. ამისთვის, ბოლომდე დავიხარჯები. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ლანჩხუთი არის ჩემი მეორე სახლი. სწორედ, იმიტომ, რომ ადრეც აქ ვთამაშობდი, ბევრ წარმატებას მივაღწიეთ ერთად. გარდა ამისა, ამ გუნდში ბევრი მეგობარი მყავს და მინდა, მათთან ერთად, „ლანჩხუთი" და საქართველო ვასახელო", - ამბობს ქრისტინა ბაკარანძე TSFF.Ge-სთან საუბარში.


ფეხბურთელი, რომელმაც, „ლანჩხუთთან" ერთად, საქართველოს ჩემპიონობა ორი წლის წინ იზეიმა, ერთი წლით, თურქულ სუპერლიგაში თამაშობდა. 1998 წელს, გაზიენთეფში დაარსებული გუნდი კი, სწორედ, ქრისტინას კლუბში ყოფნის დროს, პირველად გახდა მეზობელი ქვეყნის ქალთა სუპერლიგის გამარჯვებული.




„ძალიან სასიამოვნოა, როცა ჩემპიონი ხდები. მითუმეტეს, როდესაც თურქეთში სათამაშოდ წამოსვლამდე, უკვე საქართველოს ჩემპიონი ვიყავი. შემდეგ გავხდი თურქეთის ჩემპიონი. ამ ორ ემოციას ენით ვერ აღვწერ... ეს იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე დიდი ბედნიერება და დიდი კარიერული წარმატება", - ამბობს ქრისტინა.


ქრისტინამ, „ალეგე სფორ"-ში ერთი წელი გაატარა. გოლებიც გაიტანა. თუმცა, როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, უფრო მეტ სიამოვნებას მას, „ლამაზი საგოლე პასებით", თანაგუნდელების მომარაგება უფრო სიამოვნებდა. იმედია, გოლებსაც და საგოლე გადაცემებსაც ის, სულ მალე, უკვე ქართული გუნდისთვის კვლავ გააკეთებს. გურულების გუნდთან, ქრისტინამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება და „ლანჩხუთთან" ერთად, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშებამდე, ჯერ, საქართველოს ქალთა ლიგისთვის ემზადება, რომელიც 6 აგვოსტოდან განახლდება.  



ფოტოები ფეხბურთელის პირადი არქივიდან