
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტი 2022-სთვის მზადებას იწყებს. ილიას ზუროსის გუნდი, სექტემბრამდე 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს კეჩკემეტში, უნგრეთისა და თბილისში, ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ და მონაწილეობას მიიღებს, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში „აკროპოლისის თასზე", რომელშიც ქართველთა და მასპინძელი, საბერძნეთის ნაკრების გარდა, თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებები მონაწილეობენ.
„ცხადია, „აკროპოლისის თასის" მოგება კარგია, მაგრამ მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევროპბასკეტზე მედალი მოვიგოთ. „აკროპოლისის თასი" კარგია მოსამზადებლად, მაგრამ ყველაზე მთავარი ოფიციალური შეხვედრებია", - ეს კომენტარი, ილიას ზუროსმა, ქართული მედიისთვის ჯერ კიდევ ივნისში გააკეთა.
პირველ სპარინგეებამდე კი, ქართველთა გუნდი, სლოვენიაში შეკრებაზე გაემგზავრა და 25 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, სამთო კურორტ როგლაში გაივლის შეკრებას. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ილიას ზუროსის გუნდი, სასტუმრო „ნატურა როგლასში" დაბინავდება და მომდევნო მატჩებისთვის მომზადებისას აქცენტს, ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთებს.
როგლაში, ილია ზუროსის მეთვალყურეობის ქვეშ 18 გამოძახებული კალათბურთელიდან, მხოლოდ 16 გაემგზავრა. ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, გოგა ბითაძე, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს, შტატებში გაემგზავრა, სადაც თავის კლუბში სამედიცინო გამოკვლევას ხელმეორედ გაივლის და ამის შემდეგ გაირკვევა, როდის მოახერხებს ის, ნაკრებთან შეერთებას. მეორე კალათბურთელი, რომელიც ასევე დააკლდება სლოვენიურ სეკრებას, სანდრო მამუკელაშვილია.
ნბა-ს ახალი რეგულაციების შესაბამისად, პროფესიული ლიგის მოთამაშეს, საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ყოფნისთვის, მხოლოდ, 28 დღე ეძლევა. „მილუოკი ბაქსმა", ეს დრო სანდრო მამუკელაშვილს, მკაცრად განუსაზღვრა და ნაკრებთან ყოფნის ასათვლელად 4 აგვისტო განუსაზღვრა. თუმცა, ამ მოცემულობით, 28 დღე 31 აგვისტოს გადის, საქართველოს ნაკრები კი, ევრობასკეტის პირველ შეხვედრას, მხოლოდ, 1 სექტემბერს ატარებს...
ამჟამად კი, სლოვენიაში, ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ბექა ბექაური, გივი ბაქრაძე და ილია ლონდარიძე იმყოფებიან.

სლოვენიური შეკრებიდან, საქართველოს ნაკრები უნგრეთში გადაინაცვლებს და 5 და 6 აგვისტოს, კეჩკემეტში, ადგილობრივ ნაკრებთან ორ სპარინგს გამართავს. აღსანიშავია, რომ უნგრეთთან პირველი დაპირისპირება მასმედიისთვის ღია იქნება და მას ქომაგებიც დაესწრებიან, ხოლო მეორე შეხვედრა, როგორც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდი იუწყება, დახურული ტიპის იქნება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების აგვისტოს თამაშების კალენდარი:
5 და 6 აგვისტო / უნგრეთი - საქართველო
11 და 13 აგვისტო / საქართველო - ისრაელი
17-19 აგვისტო / „აკროპოლისის თასი"
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპი:
23 აგვისტო / საქართველო - ნიდერლანდები
27 აგვისტო / იტალია - საქართველო

კალათბურთის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








