
ეროვნული ლიგის განახლებამდე ცვლილებაა „დინამო თბილისშიც". დღეს საღამოს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ესპანელ მეკარესთან, ანდრეს პრიეტოსთან კონტრაქტი გაწყდა", - ნათქვამია, კლუბის განცხადებაში. ანდრეს პრიეტო დინამო თბილისს 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა, ამ პერიოდის განამვლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა.

„თქვენთან ერთად მუშაობა დიდი პატივი იყო. რთული არის იპოვო კარგი ადამიანები. ყველა თქვენგანი არის ადამიანი და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ბევრ კლუბში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ადამიანები, არ მინახავს. მადლობა გია, რომ მენდე. ასევე მინდა, წარმატება გისურვოთ, ვფიქრობ, რომ გიასთან ერთად, თქვენ წარმატებული მომავალი გექნებათ. არ მინდა ბევრი ლაპარაკი, რადგან ეს ჩემთვის საკმაოდ სევდიანი დღეა. აქ, ოჯახი შევიძინე და ძალიან მომენატრებიათ", - ამბობს ანდრეს პრიეტო, „დინამოს ბაზაზე" თანაგუნდელებთან გამომშვიდობებისას.
განახლებული ჩემპიონატიდან დინამოელთა კარს დავით კერესელიძე დაიცავს, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. მასთან ერთად კი, გუნდში „დინამოს აკადემიის" მეკარეები მოიაზრებიან. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ კლუბში ამ რგოლის შევსებაც მოხდეს.
მეორე ფეხბურთელი, რომელმაც „დინამო თბილისი" დატოვა, ტოგოელი მცველი საიმონ ბენიოა. ბენიოს, რომელიც თბილისური კლუბის ღირსებას 2020 წლიდან იცავდა, 71 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლი გატანილი. 2020 წლის სეზონზე ბენიო, „დინამო თბილისთან" ერთად, საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2021 წლის თებერვალში კი, სუპერ თასიც მოიგო. პრიეტოსგან განსხვავებით, ბენიოს, კლუბთან კონტრაქტი 28 ივლისს ეწურება და ის კლუბს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
რაც შეეხება საიმონ ბენიოს, მისი მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის 28 ივლისის ჩათვლით არის გაფორმებული, აღარ გახანგრძლივდება და ტოგოელი მცველი ჩვენს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, მე მივდივარ მაგრამ ვრჩები თქვენს გულშემატკივრად. ბიჭებო ბათუმთან ჩამორჩენა ცხრა ქულაა და ვფიქრობ რომ ამ ჩემპიონატის მოგება შეგიძლიათ. გაიხსენეთ, რომ ორი წლის უკანაც ცხრა ქულას ვაგებდით. ვიცი, რომ პროფესიონალები ხართ და მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებთ ჩემპიონობისთვის. მე 19 ნომერი ვიყავი და მჯერა, რომ მეცხრამეტედ გახდებით ჩემპიონები, მაგრამ ახლა ჩემი წასვლის დროა. მადლობა პერსონალს, ექიმებს. და მასაჟისტებს. მადლობა მწვრთნელო, დიდი ხანი არ გვიმუშავია ერთად, თუმცა მადლობა ყველაფრისთვის", - ამბობს ბენიო.
მათ გარეშე, „დინამო თბილისი" განახლებული ეროვნული ლიგის პირველ შეხვედრას, 13 აგვისტოს, „დინამო არენაზე" გამართავს და ბოლნისის „სიონს" დაუპირისპირდება. თუმცა, მანამდე, თბილისური კლუბი, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასისი დაპირისპირებაში, „სამტრედიასთან" ითამაშებს.





ჩვენ








