
აპრილის ბოლოს, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერლიგის ბოლო კალენდარული მატჩები ჩატარდება. ფლეი-ოფის დაწყებამდე ქვეყნის მთავარი საკალათბურთო სტრუქტურა ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა, რას მოუტანს ეს გადაწყვეტილება, წაადგება ქართული კალათბურის განვითარებას, თუ საბოლოოდ „გადაჩეხავს" (რადგან უფსკრულის პირას, მას შემდეგ, რაც ფედერაცია საბოლოოდ „ჩაიკეტა" ეს პროცესი შეუქცევადი გახდა), ამას დრო გვიჩვენებს.
ფაქტია, რომ კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის ჩატარების დრო, ისევე უცნობი იყო მედიის დიდი ნაწილისთვის (არ მიწყენს ფედერაციის პრეს-სამსახური, რადგან მათი უშუალო მოვალეობაა მედიის ინფორმირებულობა და არა ჩატარებულზე, კარგ შემთხვევაში პრეს-რელიზის იმეილით დაგზავნა, ხოლო დანარჩენში, უბრალოდ ფედერაციის საიტიდან ლინკის ჩაგდება), როგორც გამგეობის ჩატარებისა. ბუნებრივია, ჩვენთვის მედიისთვისაც და გულშემატკივრისთვისაც საინტერესოა, რომ გამგეობას 4 ახალი წევრი დაემატა. ისიც საინტერესოა, რომ გამგეობის თავმჯდომარედ, თბილისის „დინამოს" პრეზიდენტი ვატო ნაცვლიშვილი აირჩიეს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, tsff.ge-სთან საუბრებში აცხადებდა, რომ პირადად შეეწინააღმდეგებოდა სუპერლიგაზე გუნდების რაოდენობის ზრდას. თუმცა, გადაწყვეტილება, კალათბურთის ფედერაციის ახალმა გამგეობამ, სწორედ მისი თავმდჯდომარედ არჩევის შემდეგ მიიღო. ჩვენ, არ ვიცით ვინ შეეწინააღმდეგა ამ გადაწყვეტილებას და ვინ მხარი დაუჭირა, ფედერაციის გავრცელებულ „ნიუსში" ეს, არავის დაუწერია.
ბუნებრივია, გამგების პირველი სამუშაო შევხვერისას (შინაარსიდან გამომდინარე, შეკრება იყო მნიშვნელოვანი მედიისთვის. თუმცა, სულაც არ იყო სავალდებულო უშუალოდ კრებაზე მედიის შეშვება, აქაც არის სტანდარტები), ჟურნალისტები მარტივად მოვახერხებდით, გამგეობის თავმჯდომარისგან და თავად, ფედერაციის პრეზიდენტისგანაც ჩვენს შეკითხვებზე პასუხები მიგვეღო. ახლა, კი კითხვები დარჩა კითხვებად... ყოველ შემთხვევაში, ვიდრე, ახალ სპორტის სასახლეში რომელიმეს პირადად არ გადავაწყდებით. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მაშინ, როცა ფედერაციის პრეს-სასმახური, მედიასთან უბრალოდ მეილი-ლინკით „აგვარებს" ურთიერთობას, სულად არ გიჩნდება სურვილი მიხვიდე და დაესწრო სუპერლიგის თამაშებს.
ასეა თუ ისე, ფუტსალის ლიგის გათამაშებაზე, ახალ სპორტის სასახლეში მისულებმა, ვერ მოვითმინეთ და იმავე შენობის მთავარ დარბაზში მიმდინარე სუპერლიგის გათამაშების ერთ-ერთ მატჩსაც „შევაკითხეთ". „კაკტუსი" - „მარნეული დელტას" ეთამაშებოდა. მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბაული გამოდგა და ფრედ 42-42 დასრულდა. თუმცა, დარჩენილ დროში თბილისელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და „მარნეულს" ადგილი მიუთითეს. „კაკტუსმა" 97-84 მოიგო. კონკრეტულად ამ თამაში მიმოხილვას (ქოფი-ფეისთით ფედერაციის გვერდიდან), სხვა თამაშებთან ერთად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ასეა თუ ისე, ახალმა გამგეობამ, გადაწყვეტილება მიიღო და ფედერაციის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებული „ნიუსით" თუ ვიმსჯელებთ, სუპერლიგაში გუნდების რაოდენობის ზრდას დადებით და ისტორიულ მოვლენად შეაფასა. შორიდან კი ისე სჩანს, რომ ფედერაცია, უბალოდ მადლობას უხდის, იმ გუნდებს, ვინც 2017 წლის დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე, ფედერაციის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. დანარჩენს, დრო გვიჩვენებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ინფორმაციით: „2018-2019 წლების სეზონის სუპერლიგის მეათე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანი და „ა" ლიგის ფინალურ სერიაში დამარცხებული გუნდი. საკვალიფიკაციო სერია მიმდინარე წლის 3-დან 10 მაისამდე გაიმართება.
ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგისა და „ა" ლიგების გუნდებთან სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმებული იყო, რომ სუპერლიგაში მომავალი სეზონიდან მონაწილეების 10-მდე გაზრდის გადაწყვეტილება კლუბებისთვის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა ეცნობებინა. ხსენებულ შეხვედრებზე ასევე განსაზღვრული იყო გუნდების გაზრდის შემთხვევაში, სუპერლიგაში მე-10 გუნდად გადასვლის შემდეგი პრინციპი: „ა" ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადავა სუპერლიგაში, ხოლო ფინალში დამარცხებული სუპერლიგის მე-10 ადგილისთვის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანთან საკვალიფიკაციო სერიას 2 მოგებამდე ითამაშებს" - ნათქვამია, ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2018-2019 წლების სუპერლიგის გათამაშებაში მონაწილე მე-19 გუნდის ვინაობა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატისა და „ა" ლიგის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ამ სერიაში კი „ტიტები"-„თსუ-ჰიუნდაის" ხვდება.





ჩვენ








