ორი მედალი, მეორე საასპარეზო დღეს
ორი მედალი, მეორე საასპარეზო დღეს
26.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე საასპარეზო დღეს, ქართულმა დელეგაციამ მედლების ათვლა დაიწყო. ახალგაზრდა ჯოდოკა დავით ლომიტაშვილი ოლიმპიური ფესტივალის ოქროს, ხოლო  დავით ქარელი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

ალბათ, თავიდანვე აღსანიშნავია, რომ ძიუდოში, ქართული გუნდი 12 სპორტსმენით არის წარმოდგენილი და ფავორიტ ქვეყნადაც ითვლება. ძიუდოს სპეციალისტთა მოლოდინები კი, ასპარეზობის პირველივე დღეს გამართლდა. -55კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ლომიტაშვილმა მედლისკენ გზა, 1/4 ფინალიდან დაიწყო და ჯერ მოლდოველი, შემდეგ ფრანგი ჯოდეკები ჩამოიშორა გზიდან. ფინალში კი, აზერბაიჯანელ მურად ალიევს შეხვდა და წინა შეხვედრების მსგავსად, იპონით გაიმარჯვა.




ოდნავ არ გაუმართლა და ცოტა დააკლდა ფინალამდე, -60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ქარელს, რომელის ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. ქართველმა ჯუდოკამ სომეხი და უკრაინელი თანატოლები კი დაამარცხა, თუმცა, 1/2 ფინალში ნიდერლანდელ ვან ჰარტენთან, რომელმაც საბოლოოდ წონა მოიგო, დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. აქ, ქარელმა, იპონით დაამარცხა იტალიელი მანუელ პარლატი და ბრინჯაოს მედლის მფლიბელი გახდა.




ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა, -48კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯულიეტა როდონაიას, რომელმაც სასტარტო შეხვედრა მოიგო, თუმცა, მომდევნოში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. აქ, როდონაიამ მოლდოველ სპორტსმენს სძლია, თუმცა, მედლისთვის ბრძოლა, ბრიტანელ სამერ შოუსთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.


ბანსკა-ბისტრიცაში დღეს, მედლის აღების შანსი ჰქონდა ქართველ მოცურავეს, ნოე ფანცხავას, რომელსაც 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში საპრიზო შედეგამდე ცოტა დააკლდა და მხოლოდ, მე-4 ადგილს დასჯერდა.




სლოვაკეთში მიმდინარე ახაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე საასპარეზო დღეს, ბადმინტონში ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა გიორგი მჟავიამ - ალბანელი მეტოქე 21-10, 21-8 დაამარცხა. სამწუხაროდ, დამარცხდა მისი თანაგუნდელი ელისაბედ ზუმბულიძე.


ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ მრავალჭიდში 70.850 ქულით 57-ე იყო, გეგა კასრაძემ თავისი დაგეგმილი პროგრამა კი, შეასრულა (სამ იარაღზე იასპარეზა), მაგრამ სამწუხაროდ კვალიფიკაცია ვერ გაიარა.


იასპარეზეს მძლეოსანებმაც. ლუკა ზანაძემ ბირთვის კვრაში 15,61 მეტრით მეხუთე ადგილი დაიკავა, უროს ტყორცნაში ნოდარ კახელაშვილმა 53,02 მეტრით მე-9 იყო, ხოლო ქეთევან მამალაძემ ბადროს ტყორცნაში 32,35 მეტრით საკუთარი შედეგი კი გააუმჯობესა, მაგრამ მე-13 ადგილით დაასრულა გამოსვლა.


დღეს იასპარეზეს ჩვენმა ველოსპორტსმენებმა, ნიკოლოზ ცირეკიძემ 51-ე ადგილი დაიკავა, გიორგი მარსაგიშვილმა 69-ე, ნიკა ფირანიშვილმა კი 85-ე.


ჩოგბურთში პირველ წრეში 3-6, 2-6 დამარცხდა ანასტასია პონომარიოვა/ნიკოლოზ გურგენიძის წყვილი.