
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე რამდენიმე ტური რჩება. 20-22 აპრილს, თბილისმა, რუსთავმა, ქუთაისმა და ბათუმმა მორიგ მატჩებს უმასპინძლა. სატურნირო ცხრილს ამ მომენტისთვის "ქუთაისი" ლიდერობს გთავაზობთ კალათბურთის ფედერაციის მიერ მომზადებული ტურის მიმოხილვას.
პარასკევი, 20 აპრილი
„კაკტუსი" - „მარნეული" 97:84
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა "კაკტუსმა" "მარნეულს" 97:84 მოუგო და წარმატებული სერია 6 მატჩამდე გაზარდა. კაკტუსელებს შანსი აქვთ, მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი: ზედიზედ 8 მოგება გაიმეორონ, თუკი რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ 2 მატჩს - "სოხუმთან" და "მგზავრებთან" მოიგებენ. შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 8 მოგება მიმდინარე სეზონში "ქუთაისმა" მოაგროვა მე-15-დან 22 ტურის ჩათვლით.
"კაკტუსი" მართლაც კარგ ფორმაშია და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დაკარგა 1 ლეგიონერი (ტერიკ ბრიჯმენი საოპერაციოა), გუნდის წევრები კარგად შეთამაშებულნი და რაც მთავარია, მომზადების პიკში არიან. შედეგიც სახეზეა: 28 მარტის შემდეგ ჟღენტის გუნდმა მიყოლებით დაამარცხა ოლიმპი, ბათუმი, დინამო, ქუთაისი, რუსთავი და დღეს მარნეულსაც სძლია.
კაკტუსელებმა საბოლოოდ 13 ქულით მოიგეს, თუმცა პირველ ტაიმში ქვემოქართლელები საკმაოდ კარგად თამაშობდნენ და მატჩიც თანაბრად მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი "მარნეულმა" 21:16 მოიგო, ხოლო მეორეში ამდენიმე სხვაობით კაკტუსელებმა იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის ფრე - 42:42 დაფიქსირდა.
კვანძი მესამე პერიოდში გაიხსნა, რომელიც "კაკტუსმა" ძირითადად მეფარეთა შედეგიანობით 24:13 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით დაწინაურდა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულებს 18 ქულითა და 10 მოხსნით ჯონ მიჩელმა ულიდერა. 18 ქულა მიითვალა გიორგი ტურძილაძემაც. 15 ქულა დაგროვდა დეანდრე პარკსისა და დავით ლომიძის ანგარიშზე. 18 ქულა და 10 მოხსნა მოინაგრა მარნეულელმა არტიომ შვეცმა, ხოლო ნიკოლას ნილმა და საბა ლობჯანიძემ ქვემოქართლელებს 17-17 ქულა მიაშველეს.
ამ გამარჯვებით კაკტუსელებმა სამეულში მოხვედრა ფაქტობრივად გაინაღდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქუთაისის" გარდა ნებისმიერი რეგიონის გუნდთან პლეი ოფში მოედნის უპირატესობა ექნება. კიდევ ერტი მნიშვნელოვანი სარგებელი: მინიმუმ ხვალამდე, სანამ ოპონენტები ითამაშებენ, "კაკტუსი" სუპერლიგის ცხრილში პირველ ადგილზე იქნება. აქვე აღვნიშნოთ, რომ დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერი "ქუთაისია", რომელსაც ამ მომენტისთვის "კაკტუსზე" და "დინამოზე" ერთით ნაკლები - 9 წაგება აქვს (იხილეთ სატურნირო მდგომარეობა).
მატჩის სტატისტიკა / ფოტო-რეპორტაჟი
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია , "მარნეულის" მთავარი მწვრთნელი: „ვერ შევძელით ბოლომდე ბრძოლა. მეორე ტაიმში ძალები არ გვეყო მეტოქისთის წინააღმდეგობის გასაძლევად და დავმარცხდით. ვულოცავ "კაკტუსს" ამ გამარჯვებას. გუნდი მართლაც კარგ ფორმაშია და დღეს მოგებას იმსახურებდა. ჩვენ კი რეგულარულში 2 ტური დაგვრჩა და მომავალი პლეი ოფისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით".
არჩილ ჟღენტი , „კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი: „ვულოცავ ჩემს გუნდს ამ წარმატებას. ზედიზედ 6 გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ძალიან სასიახრულოა. წინ საქართველოს თასის ფინალი გველოდება, სადაც „ქუთაისი" ნამდვილად ფავორიტია, თუმცა ჩვენ ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ".
21 აპრილი
„დინამო" - „ოლიმპი" 69:81
დღეს დაგეგმილი სუპერლიგის 2 მატჩიდან ერთს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს "დინამო თბილისი" და "ოლიმპი" შეხვდნენ. ორივე გუნდი ცხრილში პოზიციის გასამყარებლად იბრძვის, რათა რეგულარული ჩემპიონატი ცხრილში სასურველ ადგილას დაასრულონ და პლეი ოფში შედარებით კომფორტულ ვითარებაში ჩადგნენ.
მატჩის პირველი პერიოდი ოლიმპელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც ათწუთეული 16 ქულით - 29:13 მოიგეს. გუნდური თამაშის წყალობით ლეონიდ ივატინის გუნდი ქულებს იოლად იხვეჭდა და დინამოელთა დაცვას იოლად კვეთდა. რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონს, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მეორე პერიოდში ვითარება გამოასწორა და ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ "ოლიმპმა" დაცვა გაამაგრა, რითაც შეტევაშიც იხეირა და პერიოდის 18:15 მოგების შემდეგ, დასკვნითი პერიოდის წინ 12 ქულით დაწინაურდა.
გადამწყვეტ ათწუთეულში ვერც ერთმა გუნდმა ვერ იხეირა, თანაბარი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდა და ის ლიდერობა, რასაც მეოთხედის დაწყებამდე ფლობდა, "ოლიმპმა" ბოლომდე შეაინარჩუნა: 81:69. გამარჯვებულ ოლიმპელებს 19 ქულით გივი ბაქრაძემ ულიდერა. 17 ქულა დააგროვა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო მორის ჰილის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. "დინამოში" 16 ქულით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 13 ქულა ლაველ ბოიდის ანგარიშზეა.
მატჩის სტატისტიკა
"რუსთავი" -"სოხუმი" 108:73
დღეს, "დინამოს" "ოლიმპთან" წაგებით ისარგებლა "რუსთავმა" და აუტსაიდერი "სოხუმის" დამარცხებით მოქმედ ჩემპიონ დინამოელებს ქულებით გაუთანაბრდა. ორივე გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი აქვს 2-2 მატჩი და თუკი საბოლოოდ მათ კვლავ თანაბარი ქულები ექნებათ, ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის წყალობით ცხრილში "დინამო" რუსთაველებზე წინ განთავსდება.
ვინ დაიკავებს უკეთეს ადგილს, ამ გუნდებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან რეგიონისა და დედაქალაქის წარმომადგენლების ორთაბრძოლაში მოედნის უპირატესობა საკმაოდ დიდი ბონუსია. რუსთაველები დღეს რომ "სოხუმს" მოუგებდნენ, წინდაწინ იყო ცნობილი. აქამდე გამართულ 30 მატჩში სოხუმელებმა მხოლოდ 1 მოიგეს და წამყვანი ლეგიონერების გარეშე დარჩენილები რომ რუსთავში ვერ იმარჯვებდნენ, დიდი მარჩიელობა არ სჭირდებოდა.
"რუსთავმა" საბოლოოდ 35 ქულით - 108:73 მოიგო და ამ მატჩში კარგი გამოცდილება მიიღეს მასპინძელთა სათადარიგოებმა. მწვრთნელმა, რამაზ გოგობერიშვილმა გუნდის ახალგაზრდა წევრებს ჩვეულებრივზე მეტი სათამაშო დრო დაუთმო და მათაც თავი არ შეირცხვინეს. ერეკლე ლორთქიფანიძემ 5 სამქულიანი და 17 ქულა ჩააგდო. 17 ქულა მიითვალა რუსთაველთა ამერიკელმა მსროლელმა ბრაიან ბერნარდიმ. 15 ქულა დაგროვდა ლევან ცეკვავას ანგარიშზე.
სოხუმელებში 15 ქულა-12 მოხსნით საუკეთესო იყო სერგეი პრიმაკი. 14 ქულა მიითვალა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო 13 ქულა მისი ძმის, ლევანის ანგარიშზე დაგროვდა. სოხუმელთათვის ეს გახლდათ სუპერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა მატჩი. 26 აპრილს გია კაზანჯიანის გაწვრთნილი "სოხუმი" რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს გამართავს "კაკტუსთან" და ცხრილში ბოლო ადგილს დაიკავებს. 2 დღის წინ კალათბურთის ფედერაციის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონისთვის სუპერლიგაში მონაწილეთა რაოდენობა 10-ამდე გაიზარდა, ხოლო რეგულარულის ბოლოადგილოსანს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა "ა" ლიგის ფინალში დამარცხებულთან მოუწევს.
შესაბამისად, სოხუმელთათვის სუპერლიგაში დასარჩენი ბრძოლა წინაა. კაზანჯიანის გუნდი 3-დან 10 მაისის პერიოდში "ა" ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან 2018-19 წლების სეზონის სუპერლიგის ბოლო საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერიას გამართავს, რომელიც 2 მოგებამდე გაგრძელდება.
მატჩის სტატისტიკა
რამაზ გოგობერიშვილი , "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი:""როცა შანსი მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, სათადარიგო, ახალგაზრდა მოთამაშეები ვათამაშო. დღევანდელი მატჩი საამისოდ ხელსაყრელი იყო და ახალგაზრდებსაც შანსი მიეცათ, რომლებმაც კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და თამაშიდან დიდი გამოცდილება მიიღეს. დღეს თბილისში დამარცხდა ჩვენი კონკურენტი "დინამო", რომელსაც ქულებით კი გავუთანაბრდით, მაგრამ ურთიერთშეხვედრებით ვაგებთ და თუკი დინამოელები დარჩენილ 2 მატჩში კიდევ წაიფორხილებენ, ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება".
გია კაზანჯიანი, "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი: „ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვერ ვაჯობეთ. ეს მატჩი კარგი ტესტი იყო მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისთვის, რომელიც "ა" ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან სუპერლიგის მომავალი სეზონის ბოლო საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერიაში გველის".
კვირა, 22 აპრილი
დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები გაიმართა ქუთაისსა და ბათუმში. იმერეთში სათამაშოდ "მგზავრები" ჩავიდა და ბრძოლა არ შედგა. დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერმა "ქუთაისმა" საკმაოდ იოლად - 40 ქულის სხვაობით - 112:72 დაამარცხა სტუმარი გუნდი და ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე იმერულ კლუბს 2 საშინაო მატჩი დარჩა - 25 აპრილს "ოლიმპთან" და 30 აპრილს - "მარნეულთან", რომელთა მოგების შემთხვევაშიც პირველ ადგილზე გავა. ეს კი ქუთაისელებს პლეი ოფის ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობას გაუნაღდებს.
"მგზავრებმა" ქუთაისში წაგებით ცხრილში საკუთარი ადგილი გამოიწერა. რაც არ უნდა მოხდეს, "მგზავრები" რეგულარულ ჩემპიონატს მე-7 ადგილზე დაასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალურ სერიაში მეორე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება. მეორე ადგილზე ვინ გავა, ეს დარჩენილ 2 ტურში გამოჩნდება: ჯერ უცნობია, როგორ გადანაწილდება პირველი ოთხი ადგილი ქუთაისს, კაკტუსს, დინამოსა და რუსთავს შორის.
დღეს გამართულ მეორე მატჩში დიდი ბრძოლა იყო. ბათუმში ჩასული მარნეულის "დელტა" თითქმის მთელი მატჩის მანძილზე უგებდა მასპინძლებს, თუმცა ბოლო წუთზე სპენსერ კოლინსის ქულებით აჭარულმა კლუბმა 2 ქულით - 86:84 გაიმარჯვა და მე-5 ადგილზე გამაგრდა. ამ ადგილს ბათუმელებს "ოლიმპი" ეცილება, რომელსაც ერთი ქულით ნაკლები აქვს. რაც შეეხება "მარნეულს", გადაწყვეტილია, რომ ეს გუნდი რეგულარულს მე-8 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფის პირველ რაუნდში პირველადგილოსანს დაუპირისპირდება.
მასალა მომზადებულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ





ჩვენ








